ქარტიის საბჭომ თავმჯდომარედ კამილა მამედოვა აირჩია
19.12.2020

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში "რადიო მარნეულის" დამფუძნებელი და დირექტორი კამილა მამედოვა უხელმძღვანელებს. ამ პოზიციაზე მან "სტუდია მონიტორის" რედაქტორი ნანა ბიგანიშვილი ჩაანაცვლა.

კამილა მამედოვა ქარტიის საბჭოს განახლებულმა შემადგენლობამ აირჩია. ქარტიის საბჭოში დღეს, 19 დეკემბერს, ქარტიის წევრთა ტრადიციულ საერთო კრებაზე, სამი ახალი წევრი აირჩიეს - ნინო ჯაფიაშვილი, გულო კოხოძე და სოფო ჟღენტი.  უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო კი საბჭო დატოვეს - გელა მთივლიშვილმა, მაია მერკვილაძემ და ლიკა ზაკაშვილმა. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 9 ჟურნალისტისგან შედგება. 9 წევრიან საბჭოში 3-ს თბილისის კვოტით ირჩევენ, 6-ს კი რეგიონების. საბჭოს წევრები 3 წლის ვადით ირჩევიან. თავის მხრივ, საბჭოს წევრები შემადგენლობიდან ერთი წლის ვადით ირჩევენ საბჭოს თავმჯდომარეს. ერთსა და იმავე პირს საბჭოს თავმჯდომარეობა ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეუძლია.

ქარტიის საბჭო, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, საქმეებს შემდეგი შემადგენლობით განიხილავს:

  1. ზვიად ქორიძე - მედიაექსპერტი, "მთის ამბების" კონსულტანტი; 
  2. ნანა ბიგანიშვილი - სტუდია მონიტორი
  3. კამილა მამედოვა - რადიო მარნეული
  4. ნინა ხელაძე - TOK TV
  5. ირმა ზოიძე - სტუდია REC 
  6. ნინო ჯაფიაშვილი - რადიო თავისუფლება
  7. სოფო ჟღენტი - აჭარის ტელევიზია
  8. გულო კოხოძე - "სამხრეთის კარიბჭე"
  9. ნათია ზოიძე - დამოუკიდებელი ჟურნალისტი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2009 წელს დაარსდა. დღეის მდგომარეობით ქარტია აერთიანებს 339 ჟურნალისტს მთელი საქართველოს მასშტაბით. ქარტიის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას და იზიარებს ქარტიის პრინციპებს.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ