‘სრულად მიუკერძოებელი არცერთი მაუწყებელი იყო’ - ნანა ბიგანიშვილი სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგის მიგნებებზე
08.01.2021
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგმა, რომლის ფარგლებშიც მონიტორები 12 მაუწყებელს აკვირდებოდნენ, აჩვენა, რომ წინასაარჩევნო მედიაგარემო იყო პლურალისტური, თუმცა მკვეთრად პოლარიზებული, გაზრდილი პროფესიული ეთიკის დარღვევის და მანიპულირების შემთხვევებით.

რაში გამოიხატებოდა მაუწყებელთა მკვეთრი პოლარიზებულობა და ორპოლუსიანობა და რა ტიპის ეთიკური დარღვევები გაიზარდა წინა საარჩევნო წლებთან შედარებით -“მედიაჩეკერი” სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგის ხელმძღვანელს ნანა ბიგანიშვილს ესაუბრა.

- უპირველეს ყოვლისა, ზოგადი მიმართულებები რომ გამოვკვეთოთ, რა აჩვენა სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგმა?

წინასაარჩევნო მონიტორინგმა აჩვენა, რომ მედიაგარემო იყო პლურალისტური, თუმცა მკვეთრად პოლარიზებული, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ტელევიზიების ნაწილი ხელისუფლებისადმი იყო მიკერძოებული, ნაწილი კი ოპოზიციისადმი. არასასურველი პოლიტიკური პარტია ან საარჩევნო სუბიექტი შუქდებოდა ნეგატიურ ტონში.

თუკი, მაგალითად, ბოლო პერიოდში მაუწყებლების მხრიდან მიკერძოება გამოიხატებოდა იმაში, რომ კონკრეტულ პარტიას დადებით კონტექსტში წარმოაჩენდნენ, ახლა პირიქით. გარკვეულწილად შეიცვალა ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკა და მიკერძოება უკვე არასასურველი პოლიტიკური პარტიის ნეგატიური ტონით გაშუქებაში გამოიხატება. ეს ტენდენცია 2016-2017 წლიდან დაიწყო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უკვე კულმინაცია იყო და პოლიტიკური პროცესები მკვეთრად ნეგატიურ ტონში შუქდებოდა.

- შეგვიძლია დავასახელოთ კონკრეტული არხები, სადაც კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მიმართ მკვეთრად მიკერძოებული დამოკიდებულება გამოჩნდა? ან დავაჯგუფოთ ამავე ნიშნით - მაგალითად, არხები, რომელთა სარედაქციო პოლიტიკა მკვეთრად მსგავსია?

კონკრეტული მაუწყებლების რაოდენობრივი და შინაარსობრივი მონაცემები დეტალურად ანგარიშში მოცემული, ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობდა ორი პოლუსი, ერთი მათგანი ოპოზიციის მიმართ იყო ლოიალური, მეორე კი - საპირისპირო დამოკიდებულებას იჩენდა.

რეალურად, მეტ-ნაკლებად დაბალანსებული, შეიძლება ითქვას, რომ იყო რამდენიმე არხი, თუმცა გარკვეულ თემებთან მიმართებით ისინიც გამოხატავდნენ მიკერძოებას შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტების მიმართ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად მიუკერძოებელი არცერთი მაუწყებელი იყო და მაინც ორპოლუსიანობა იკვეთებოდა.


«ტელევიზიებმა ხელი შეუწყეს უფრო მეტ რადიკალიზაციას და მაყურებლისთვის მრავალფეროვანი ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, განსხვავებული არაფერი შეუთავაზებიათ» 


- თქვენც თქვით, რომ მედიაგარემო იყო პლურალისტური, მედიაბაზარზე რამდენიმე ახალი ტელევიზია გამოჩნდა. ამის გათვალისწინებით, მაყურებლისთვის თუ შეიცვალა რამე მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით?

მიუხედავად ტელევიზიების სიმრავლისა, ჩვენი დაკვირვებით, მაყურებლისთვის ინფორმაციის მრავალფეროვნების თვალსაზრისით დიდად არაფერი შეცვლილა. მეტიც, ამ ტელევიზიებმა ხელი შეუწყეს უფრო მეტ რადიკალიზაციას და მაყურებლისთვის მრავალფეროვანი ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, განსხვავებული არაფერი შეუთავაზებიათ.

- მედიამონიტორინგის ანგარშში ნათქვამია, რომ წინა წლებთან შედარებით გაიზარდა ეთიკური დარღვევების ფაქტები? რა ტიპის დარღვევებს გულისხმობთ?

ხშირი იყო მანიპულაციის ფაქტები და წინა წლებისგან განსხვავებით, გადაუმოწმებელი, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელების, ასევე ბალანსის დარღვევის შეთხვევები. წელს ამგვარი ფაქტების მკვეთრი სიმრავლე გამოიკვეთა.

აგრეთვე, 2020 წელს ადგილი ჰქონდა მოსაზრების ფაქტად გავრცელების შემთხვევებს. კონკრეტული მედიასაშუალებები მაყურებელს დაუზუსტებელ ინფორმაციას როგორც ფაქტს, ისე სთავაზობდნენ. ხშირად ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთისგან გამიჯვნა სჭირდა. ამგვარი შემთხვევების რიცხვი წლევანდელი მონიტორინგის დროს მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. აგრეთვე, ხშირად გამოიყენებოდა არანორმატიული ლექსიკა, უხამსი, მადისკრედიტებელი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები და ეს წლევანდელ მონიტორინგში განსაკუთრებულად სჭარბობდა.

- გასული წლების არჩევნებზე, განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნებზე, მედიის გაშუქების მთავარი ხაზი გადიოდა არასასურველი პოლიტიკური სუბიექტის დისკრედიტაციაზე. 2020 წლის არჩევნებზეც თუ იყო ეს ტენდენცია?

დიახ, ეს ტენდენცია 2020 წელსაც გაგრძელდა. მკვეთრად იყო გაზრდილი პოლიტიკური სუბიექტების დისკრედიტაციის შემთხვევები. ტელევიზიების ნაწილი ხელისუფლების დისკრედიტაცის ცდილობდა, ნაწილი ოპოზიციის.

მაგალითად, ოპოზიციისადმი ლოიალური ტელევიზები ხელისუფლების კრიმინალებთან თანამშრომლობაში დადანაშაულებით ცდილობდნენ მმართველი გუნდის იმიჯის შელახვას. თუმცა ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები მაყურებელისთვის არ შეუთავაზებიათ.

ხელისუფლებისადმი მიკერძეული ტელევიზიები კი - განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხიელ სააკაშვილისა და ასევე ყოფილი სახელისუფლებო პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაციას ცდილობდნენ. “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირის გამო, იყო სრულად ოპოზიციური სპექტრის დისკრედიტაციის მცდელობაც.

 


«მთავარი რაც შეგვიძლია საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვთქვათ, არის ის, რომ
იგი არ არის კრიტიკული ხელისუფლების მიმარ»



- განსაკუთრებით წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მედიის მისამართით არის ხოლმე პრეტენზია, რომ ისინი ამბებს ზედაპირულად აშუქებენ. რა მოიაზრება ზედაპირულ გაშუქებაში და რა აჩვენა წლევანდელმა მონიტორინგმა ამ მიმართულებით?

ტელევიზიების მხრიდან ახალი ამბების გაშუქების დროს ზედაპირულობა კვლავ პრობლემად დარჩა და ნაკლები იყო სიღრმისეული ანალიზი. ნაკლებად იყო აქცენტი კონკრეტული საარჩევნო სუბექტების საარჩევნო პროგრამასა თუ მათ ხედვებზე. თითქმის არ იყო ანალიზი და სწორედ ეს მოიაზრება საკითხის ზედაპირულ წარმოჩენაში.

სატელევიზიო ახალი ამბები მაყურებლებს აწვდიდნენ მხოლოდ მშრალ ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტების აქტივობების შესახებ, რაც ძირითადად მათი მოსახლეობასთან შეხვედრებით იფარგლებოდა. მხოლოდ ამ ინფორმაციის მიწოდებით მაყურებელი ამა თუ იმ პარტიის შესახებ სრულფასოვან ინფორმაციას ვერ იღებდა.

- გვერდს ვერ ავუვლით Covid-19-ის პანდემიას. იქონია თუ არა ამ უკანასკნელმა გავლენა საარჩევნო პროცესების გაშუქებაზე? ხომ არ გადაფარა ჯანდაცვის კრიზისმა საარჩევნო საკითხები? ან ხომ არ შეინიშნებოდა პანდემიის თემის გამოყენება საარჩევნო კონტექსტში, როგორც თქვენ თქვით, ორ პულუსად გაყოფილი მედიის მიერ?

რა თქმა უნდა, პანდემიამ სატელევიზიო ახალ ამბებს თავისი კვალი დაამჩნია, თუმცა პოლიტიკური პროცესები მთლიანად არ განუდევნია.

ამასთან, პანდემია კონკრეტული მედიების მიერ გამოყენებული იყო იმის მიხედვით, თუ რომელ პოლუსს მიეკუთვნებოდნენ ისინი. მაგალითად, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიები კოვიდ-19-ის პანდემიას სამთავრობო გუნდის კრიტიკისთვის იყენებდნენ. საპირისპირო სურათი იყო პროსამთავრობო ტელევიზიებში, სადაც პანდემიის კრიზისს მართვისას ხელისუფლებას დადებითად წარმოაჩენდნენ.

იყო შემთხვევები, როდესაც ამ თემაზე ექსპერტებად წარმოჩენილნი იყვნენ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ისე რომ არ იყო ინფორმაცია მითითებული მათი პარტიული მიკუთვნებულობის შესახებ. საბოლოო ჯამში, მაყურებლისთვის რთული იყო ობიექტური სურათის აღქმა.

- “საზოგადოებრივ მაუწყებელს” რომ შევეხოთ, როგორც საზოგადების წინაშე ყველაზე ანგარიშვალდებულ ტელევიზიას, როგორ აშუქებდა პირველი არხი საარჩევნო პროცესებს?

“საზოგადოებრივი მაუწყებელი” ცდილობდა მაყურებლის ინფორმირებას და ამას ძირითადად აკეთებდა ეთიკური სტანდარტების დაცვით. მთავარი რაც შეგვიძლია საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვთქვათ, არის ის, რომ იგი არ არის კრიტიკული ხელისუფლების მიმართ. მაგალთად შეგვიძლია დავასახელოთ პრემიერ-მინისტრის დადებითად წარმოჩენის მცდელობა. ასევე, იუსიტიციის მინისტრის რვაწლიანი მუშაობის შეჯამება, რომელიც ძირითადად დადებით ტონში წარმოჩინდა და ჟურნალისტის მხრიდან არცერთი კრიტიკული შეკითხვა დასმულა. იგივე იყო ჯანდაცვის მინისტრთან მიმართებითაც.

კრიზისულ პერიოდებში საზოგადოებრივი მაუწყებელი იჩენდა მიკერძოებას ხელისუფლების მიმართ. მაგალთად ასეთი იყო 20 ივნისის აქციის ერთი წლისთავის გაშუქება. აგრეთვე, ე.წ. “დავით გარეჯის” თემა, როდესაც “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” თავდაცვის მინისტრთან ინტერვიუს ნაწილი, რომელიც ტელეკომპანია “იმედზე” გავიდა, სიუჟეტში გამოიყენა და მას, ფაქტობრივად, ოპოზიციის ლანძღვისა და დისკრედიტაციისთვის ტრიბუნა დაუთმო.

ამასთან, არჩევნების მეორე ტურის წინ, გამოიკვეთა კრიტიკული ტონი უფრო ოპოზიციის მიმართ, ვიდრე მმართველი პარტიისადმი.


«“რუსთავი 2-ის” სარედაქციო პოლიტიკა, რა თქმა უნდა შეიცვალა. ეს ტელევიზია იყო ყველაზე კრიტიკულად განყობილი ხელისუფლებისადმი. ეთერში გადიოდა ექსკლუზიური, სიღრმისეული მასალები, ჟურნალისტური გამოძიებები.
წელს რეალურად, სარედაქციო პოლიტიკა განსხვავებული იყო
» 




- ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია "აჭარის ტელევიზიაში", სადაც მენეჯმენტი შეიცვალა. თუ აისახა ეს ყველაფერი გაშუქების თვალსაზრისით?


ამ ექვსი თვის განმავლობაში, ტელევიზიის სარედაქციო მიდგომა იცვლებოდა. მაგალითად, პირველ პერიოდში არხმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმო მმართველი პარტიის პოლიტიკური აქტივობების გაშუქებას. პირდაპირ ეთერში რთავდა მაჟორიტარების წარდგენას და პრეზენტაციებს, რაც რაოდენობრივ მონაცმებშიც აისახა. შემდეგ მთავარი ადგილი დაიკავა ეპიდაფეთქებამ, რომელიც აჭარაში იყო. ბოლო პერიოდში კი, გამოიკვეთა დადებითი ტონი უკვე უშუალოდ აჭარის მთავრობის მიმართ. ხდებოდა მათი ინტენსიური გაშუქება.

ასევე, უნდა ითქვას, რომ მონიტორინგის პერიოდში, “აჭარის ტელევიზია” აქტიურად აშუქებდა ადგილობრივ პრობლემებს და ხშირად ისმოდა მოქალაქეების მიერ ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების კრიტიკა.

- მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო “რუსთავი 2-შიც”, რამაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გააჩინა მოლოდინი, რომ ამბების გაშუქების თვალსაზრისით პოლიტიკა ხელისუფლების სასარგებლოდ შეიცვლებოდა. რა გამოიკვეთა მონიტორინგისას ძველ და ახალ “რუსთავი 2-ს” თუ შევადარებთ?

რეალურად, “რუსთავი 2-ის” სარედაქციო პოლიტიკა, რა თქმა უნდა შეიცვალა. ეს ტელევიზია იყო ყველაზე კრიტიკულად განყობილი ხელისუფლებისადმი. ეთერში გადიოდა ექსკლუზიური, სიღრმისეული მასალები, ჟურნალისტური გამოძიებები. წელს რეალურად, სარედაქციო პოლიტიკა განსხვავებული იყო.

უნდა ითქვას, რომ არხი ამბებს ძირითადად ეთკური სტანდარტების დაცვით, დაბალანსებულად აშუქებდა. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ უფრო კრიტიკულად აშუქებდა “ნაციონალურ მოძრაობას” და ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ვიდრე სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას. სხვა შემთხვევებში, არხი ცდილობდა, რომ შეენარჩუნებინა ბალანსი და ეს რაოდენობრივ მონაცმებეშიც ჩანდა.

იყო რამდენიმე შემთხვევა, მათ შორის დავით გარეჯის თემა, როდესაც ტელევიზიის მხრიდან ხელისუფლების გზავნილების ტირაჟირება შეინიშნებოდა, თუმცა არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ხელისუფლებისადმი ცალსახა მიკერძოებულ პოლიტიკას ატარებს.

- ამ რადიკალიზაციის, პოლარიზაციის, ორ პოლუსად დაყოფის ფონზე, რამდენად ჰქონდა მაყურებელს ინფორმირებული არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა, რამდენად მოახერხეს ეს მაუწყებლებმა?

წინა წლების მსგავსად, ახლაც ნაკლები იყო ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევნის გაკეთებაში დაეხმარებოდა. აღნიშნული, უპირველეს ყოვლისა, ალბათ, იმით იყო გამოწვეული, რომ გარემო იყო მკვეთრად პოლარიზებული. ცხადია, ეს ყველა მაუწყებელს არ ეხება, თუმცა პროცენტული მაჩვენებლებით თუ ვიმსჯელებთ, წელსაც მაყურებელს ამის საშუალება ნაკლებად ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიების რიცხვი გაიზარდა, შინაარსობრივი თვალსაზრისით და მრავალფეროვნების კუთხით არაფერი შეცვლილა.

თუმცა, დადებითი ტენდენციის სახით აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სიძულვილის ენის, ქსენოფობიური გამონათქვამების გამოყენების შეთხვევები მკვეთრად შემცირდა. გამონაკლისის სახით შეგვიძლია დავასახელოთ ტელეკომპანია “ობიექტივი”, სადაც დღემდე რჩება სიძულვილის ენისა და ქსენოფობიური შინაარსის შემცველი სიუჟეტების მომზადება, სხვა მაუწყებლებში მსგავსი შემთხვევები თითქმის არ გვხვდება. აგრეთვე ძალიან იშვიათი იყო გენდერული დისკრიმინაციისა და სექსისტური გამონათქვამებიც და ისიც მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების და არა მედიის მხრიდან.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ