აჭარის ტელევიზიის საქმე
Human Rights Watch-ის 2021 წლის ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც მედიის თავისუფლებას ეხება, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებს საკმაოდ ვრცელი ადგილი ეთმობა.
ანგარიშში მოხვდა გასული წლის თებერვალში, მაუწყებლის თანამშრომელთა მდუმარე პროტესტი. შეგახსენებთ, 2020 წლის 28 თებერვალს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ აჭარის მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციიდან გაათავისუფლა შორენა ღლონტი, მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილმა, მთავარი საინფორმაციო გამოშვების დასასრულს, პირდაპირ ეთერში, ერთწუთიანი დუმილით და მესიჯით - "აჭარის მაუწყებელში სუსია" პროტესტი გამოუცხადა ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს. და, ეს არ იყო თანამშრომელთა პირველი საპროტესტო აქცია.
"აჭარის მაუწყებელში სუს-ია" - მდუმარე აქცია პირდაპირ ეთერში. 2020 წ. 28 თებერვალი. აჭარის ტელევიზია.
გარდა ამისა, ანგარიშში მოხვდა მაუწყებლიდან მთავარი საინფორმაციო
გამოშვების წამყვანის თეონა ბაკურიძისა და ასევე, ტოქშოუ "ჰეშთეგის"
წამყვანისა და აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის
თავმჯდომარის მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლების ამბავიც.
თეონა ბაკურიძე ტელევიზიიდან 2020 წლის 13 მარტს გაათავისუფლეს. გათავისუფლების
საფუძვლად, დირექტორის ბრძანებაში მითითებული იყო რომ, "თეონა
ბაკურიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულებისა და შრომის
შინაგანაწესის პირობების აშკარა უხეშ დარღვევას".
გათავისუფლებას წინ უსწრებდა მისი დროებით მოხსნა ეთერიდან
საინფორმაციო სამსახურის ახალდანიშნულ უფროსთან გიორგი აბაზაძესთან
კამათის გამო (9 მარტს იგი ჯერ ეთერიდან მოხსნეს, შემდეგ კი
საქმის მოკვლევა მისი გათავისუფლებით დაასრულეს).
რაც შეეხება მალხაზ რეხვიაშვილს, ტელევიზიის მენეჯმენტმა იგი
სამსახურიდან ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გაათავისუფლა. გათავისუფლების ბრძანებაში
მითითებული იყო, რომ რეხვიაშვილის პოსტით მაუწყებლის დისკრედიტაცია
მოხდა. საუბარია რეხვიაშვილის სტატუსზე, რომლითაც იგი ეხმიანებოდა
მაუწყებლის თანამშრომლის, თეონა თურმანიძისთვის საქმიანობის შეზღუდვას
ასევე ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო.
"30 ივლისს ახალმა მენეჯმენტმა კიდევ სამი თანამშრომელი გაათავისუფლა, მათ შორის ალტერნატიული პროფკავშირის ორი აქტიური წევრი, რომელთა ორგანიზებითაც 4 დღით ადრე აქცია მოეწყო სარედაქციო პოლიტიკაში ახალი მენეჯმენტის ჩარევის გასაპროტესტებლად. ისინი სამსახურში მოგვიანებით აღადგინეს, მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიის 280-მა თანამშრომელმა ასეთი მოთხოვნით შედგენილ პეტიციას მოაწერა ხელი", - ვკითხულობთ ამავე ანგარიშში.
აჭარის ტელევიზიის პასუხი
ანგარიშზე
ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აჭარის ტელევიზიამ საპასუხო წერილი გამოაქვეყნა,
რომელშიც არხი Human Rights Watch-ს უზუსტობებზე, ზედაპირულ
დამოკიდებულებასა და სრულიად უსამართლო შეფასებებზე უთითებს.
"როგორც ჩანს, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც განსაკუთრებული
ავტორიტეტითა და სანდოობით სარგებლობს, სამწუხაროდ, დაეყრდნო მხოლოდ
ცალმხრივ, ანგაჟირებული პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რასაც,
სიმართლესთან არავითარი კავშირი არ აქვს", - ნათქვამია საპასუხო
წერილში.
ამავე წერილში განმარტებულია, რომ თეონა ბაკურიძე სამსახურიდან
გათავისუფლდა "მის მიერ განხორციელებული სამსახურებრივი ბულინგის,
მობინგისა და სამუშაო პროცესის ჩაშლის გამო, რის შედეგადაც, ერთი
თანამშრომლის სტაციონარში, სამკურნალოდ გადაყვანაც კი გახდა საჭირო".
მალხაზ რეხვიაშვილის გატავისუფლების მიზეზი გახდა "არა მაუწყებლის
დისკრედიტაცია, რაც თავისთავად არის ორგანიზაციის დებულების უხეში
დარღვევა, არამედ ტელეწამყვანის მხრიდან, მის მიერ გავრცელებული ყალბი
(ფეიკ) ინფორმაციის გასწორებაზე უარის თქმა".
რაც შეეხება 30 ივლისს გათავისუფლებულ და შემდეგ აღდგენილ
თანამშრომლებს, ტელევიზიის მენეჯმენტის საპასუხო წერილში ნათქვამია,
რომ ეს მტკნარი სიცრუეა: "წარმოუდგენელია ძალადობა, ფიზიკური
დაპირისპირება, ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა ვინმეს ეპატიოს
პეტიციითა და თუნდაც ასეულობით ადამიანის მოთხოვნით. ფიზიკური
ძალადობის ჩამდენი თანამშრომლები საბოლოოდ ჩამოშორდნენ დაკავებულ
თანამდებობებს. მათ გაუფორმდათ შრომითი ხელშეკრულებები დოკუმენტური
ფილმების წარმოებაზე. გვინდა გვჯეროდეს, რომ ძალადობის წახალისება “
ჰუმან რაითს ვოჩ”–ის მიზანს არ ემსახურება".
"მთავარი არხის" სიუჟეტის
საქმე
ანგარიში ასევე ეხება 2020 წლის
ივლისში ოპოზიციურ “მთავარ არხზე” გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიების დაწყებას.
შეგახსენებთ, 2020 წლის 2 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი
იყო, რომ "2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“
გადაცემა „შაბათის მთავარში“ გავიდა გამოგონილ და განზრახ
დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, რომელიც მასობრივ მაყურებელს
აუწყებდა წინასწარ შეცნობით ყალბ ამბავს, რომ თითქოს, მარნეულის
მუნიციპალიტეტში პანდემიის პერიოდში სხვადასხვა დაავადებებისგან
გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, ხელისუფლების წარმომადგენლები,
გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ
სთავაზობდნენ გარკვეულ ფულად თანხებს, 3000-დან 10000 ლარამდე
ოდენობით".
სუს-ი არხისგან ამ სიუჟეტის დაუმონტაჟებელი, ე.წ. შავ მასალას ითხოვდა. "მთავარმა
არხმა" ეს ქმედება მათი დაშინების მცდელობად შეაფასა. მომხდარს
არაერთი გამოხმაურება მოჰყვა
მედიის საკითხებზე მომუშვე ორგანიზაციების მხრიდან.
"ორგანიზაციებმა ეს გამოძიება გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის
სახიფათო პრეცედენტად შეაფასეს, განსაკუთრებით იმ ნეგატიური
დამოკიდებულების გათვალისწინებით, რომელსაც ხელისუფლება „მთავარი
არხის“ სარედაქციო პოლიტიკის მიმართ ავლენდა", - ვკითხულობთ Human
Rights Watch-ის ანგარიშში.
ცვლილებები კომუნიკაციების შესახებ კანონში
2020 წლის ივლისში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „საქართველოს
კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, რითიც მაუწყებლობისა და
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელ ორგანოს,
„კომუნიკაციების კომისიას“, უფლებამოსილება მიენიჭა, დანიშნოს
„სპეციალური მმართველი“ ელექტრონული კომუნიკაციების ნებისმიერ იმ
კომპანიაში, რომელიც ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილებების
შესრულებას."ასეთ „სპეციალურ მმართველს“ კანონი უფლებამოსილებას ანიჭებს, მიიღოს ნებისმიერი მმართველობითი გადაწყვეტილება გარდა კომპანიის აქციების გასხვისებისა. ადგილობრივ ორგანიზაციათა გაერთიანებამ - „მედიის ადვოკატირების კოალიციამ” და „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ ეს კანონი გააკრიტიკეს სამაუწყებლო მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამო. „კომუნიკაციების კომისიის“ თქმით, კანონი მხოლოდ მობილური და ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლებს ეხება და არა მედიას ან მაუწყებლებს", - ვკითხულობთ ანგარიშში.