კომუნიკაციების კომისიამ ევროკონვენციის მე-10 მუხლი დაარღვია - უფლებები საქართველო
01.02.2021

ორგანიზაცია უფლებები საქართველო მიიჩნევს, რომ „მთავარი არხის“ სამართალდამრღვევად ცნობით, სავარაუდოდ უხამსობის შემცევლი სიუჟეტის განთავსების გამო, კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის მეათე მუხლი დაარღვია. ორგანიზაციის განცხადებითვე, კომისიის მიერ „მთავარი არხის“ სამართალდარღვევად ცნობის ფაქტი შეადგენს მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას, მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ „მთავარი არხი“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა დადგინდა იმ შემთხვევებშიც, როცა გამოხატვის თავისუფლების სუბიექტი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი, თუმცა სანქცია ფაქტობრივად არ დაკისრებია.

 

„კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღო „საერთაშორისო პრაქტიკის“ შესწავლის საფუძველზე, თუმცა კომისიას მხედველობაში არ მიუღია ის გარემოება, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა უნდა მოხდეს, უწინარეს ყოვლისა, „კანონით დადგენილი წესების თანახმად“, როგორც ეს იმპერატიულად არის მოთხოვნილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით.
 
კომისიის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების იდენტიფიცირებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელების მედიუმს“. თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ვიდრე განიხილავს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ლეგიტიმურ მიზანს და ჩარევის აუცილებლობას, პირველ რიგში, ამოწმებს, ჰქონდა თუ არა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას საფუძველი შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში.
 
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, შესაბამისი წესები (საკანონმდებლო ნორმები/სასამართლო პრაქტიკა) უნდა იყოს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, ცხადი და წინასწარგანჭვრეტადი და ნათელი იმ თვალსაზრისით, რომ სამართლებრივი საფუძვლით არაორაზროვნად უნდა იყოს განსაზღვრული, თუ ვის აქვს უფლებამოსილება, ჩაერიოს გამოხატვის თავისუფლებაში და რა მოცულობით, რათა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას არ ჰქონდეს თვითნებური ხასიათი. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღნიშნულ მოთხოვნას ეწინააღმდეგება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, რადგან ეროვნული კანონმდებლობის და სასამართლო პრაქტიკის თანახმად, მას არ აქვს უფლებამოსილება, ჩაერიოს მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლებაში მაშინაც, როცა მაუწყებლის პროგრამა სავარაუდოდ შეიცავს უხამსობას“, - ვკითხულობთ უფლებები საქართველოს განცხადებაში. აქვე, მოხმობილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც აპელირებდა კომუნიკაციების კომისია „მთავარი არხის“ სიუჟეტის განხილვისას.




  • ამ გადაწყვეტილების ანალიზი წაიკითხეთ მედიაკოალიციის განცხადებაში, სადაც ახსნილია, რატომ ვერ იქნებოდა ეს გადაწყვეტილება საფუძველი კომუნიკაციების კომისიისთის ემსჯელა „მთავარი არხის“ სიუჟეტზე;

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არც საქართველოს კანონმდებლობით, არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, არ ითვლება სასამართლოდ. კომისიამ თვითნებურად განმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება, მოახდინა მართლმსაჯულების ფუნქციის უზურპაცია და კანონიერი საფუძვლის გარეშე ჩაერია მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლებაში.

ცხადია, სხვა საკითხია, საქართველოს საერთო სასამართლო როგორ შეაფასებდა „მთავარი არხის“ მიერ გადაცემული სიუჟეტის სადავო ნაწილს, ერთის მხრივ, მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლების, საზოგადოების ინფორმირების ინტერესსა და მეორეს მხრივ, ინდივიდის პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებას (რომლის ნაწილიცაა პირის რეპუტაციის დაცულობის უფლება) შორის სამართლიანი ბალანსის დასადგენად“, - აცხადებენ "უფლებები საქართველოში".

ორგანიზაციის განცხადებითვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია, საზოგადოებას აქვს უფლება, იყოს ინფორმირებული, მაგრამ ვერ ჩაითვლება, რომ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე დისკუსიაში რაიმე წვლილი შეაქვს სატელევიზო პროგრამას, რომელიც მხოლოდ პირის პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ კონკრეტული აუდიტორიის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას ემსახურება, თუნდაც ეს პირი ცნობილი იყოს და ჩაწერა საჯარო სივრცეში წარმოებდეს:

„ეჭვგარეშეა, რომ „მთავარი არხის“ შესატყვისი გადაცემა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და საყურადღებო საკითხებს ეხებოდა, მაგრამ კითხვის ქვეშ დგას, თუ რამდენად აუცილებელი იყო სადავო მომენტის ტელევიზიით გაშუქება, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, დაუშვებელია, „საზოგადოებრივი ინტერესი“ დაყვანილი იქნეს საზოგადოების წყურვილზე, იყოს ინფორმირებული სხვათა პირადი ცხოვრების შესახებ ან მაყურებლის/მკითხველის მისწრაფებაზე სენსაციონალიზმისა თუ ვუაიერიზმისკენ“.

უფლებები საქართველო მიიჩნევს, რომ იმის გამო, რომ კომისიის მიერ „მთავარი არხის“ სამართალდარღვევად ცნობა არ ეფუძნება შიდასახელმწიფოებრივ სამართალს, ასევე დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, რომელსაც პირველ რიგში ამოწმებს ევროპული სასამართლო - გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა უნდა შეესაბამებოდეს „კანონით დადგენილ წესებს“. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, აღარ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ისახავდა ჩარევა ლეგიტიმურ მიზანს და რამდენად აუცილებელი იყო ჩარევა დემოკრატიულ საზოგადოებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაარღვია „მთავარი არხის“ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება.

 

 


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ