სრულად გამოიძიეთ ჟურნალისტებზე ძალადობის გაუხსნელი საქმეები - აშშ-ს საელჩო
25.02.2021
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის გაუხსნელი საქმეები.

საელჩოს ეს განცხადება ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს მოჰყვა.

"აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, 25 თებერვალს ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. ჟურნალისტი მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ თავდამსხმელებს აგრესია მის, როგორც მედიის წარმომადგენლის, მიმართ ჰქონდათ.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა უკიდურესად შემაშფოთებელია და ამ ტიპის ქმედებებზე სახელმწიფოს პასუხი მკაცრი უნდა იყოს.  სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ბოლო პერიოდის საშიში ტენდენცია - საჯარო მოხელეების მხრიდან აგრესიული რიტორიკის გამოყენება მედიის მისამართით, მთავარი აქცენტია სანაიაზე თავდასხმის შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც.  

ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებზე დღეს, 25 თებერვალს მომხდარ თავდასხმას მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან. თუმცა, ამ გამოხმაურებების აქცენტები განსხვავებული აღმოჩნდა. თუ ოპოზიცია ჟურნალისტებზე ძალადობის გახშირებულ ფაქტებს მედიის მისამართით ხელისუფლების ბოლო პერიოდის აგრესიული რიტორიკის გამოძახილად მიიჩნევს, “ქართული ოცნების” წევრები ფიქრობენ, რომ ეს შემთხვევა არაფრით არის კავშირში ხელისუფლებასთან.


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ