ტელეკომპანია "ფორმულას" ტელეწამყვან ვახო სანაიას ტვინის შერყევა
აქვს - ამას ფეისბუკზე მისი ცოლი თამუნა ყურაშვილი წერს. სანაიამ
დაზიანება მას შემდეგ მიიღო, რაც მას გუშინ, გვიან ღამით, თბილისში,
წყნეთის ქუჩაზე, სამი პირი დაესხა თავს, მაშინ, როდესაც ცოლთან,
მცირეწლოვან შვილთან და ახლობელთან ერთად სახლში
ბრუნდებოდა.
ვახო სანაია თავდასხმას მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. მისი
მონაყოლის მიხედვით, თავდამსხმელები მას თავდაპირველად მოყინულ გზაზე
მოცურებული მანქანის გასწორებაში ეხმარებოდნენ, თუმცა, მას შემდეგ,
რაც პირბადე მოიხსნა და იცნეს ვინ იყო, მისი მისამართით აგრესიულები
გახდნენ.
სანაია ამბობს, რომ თავდამსხმელებს აგრესია ტელეკომპანიების "ფორმულასა" და "ტვ პირველის" მიმართ ჰქონდათ. იგი ამ ფაქტს კრიტიკული ტელევიზიების მისამართით ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას უკავშირებს.
NGO-ები მიიჩნევენ, რომ ეს
თავდასხმა ხელისუფლების აგრესიული რიტორიკის
შედეგია
ვახო სანაიაზე მომხდარ
თავდასხმას, რომელშიც ძნელია მხოლოდ ერთ
ჟურნალისტზე თავდასხმა დაინახო, არასამთავრობო სექტორის, სახალხო
დამცველის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და
საერთაშორისო ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მყისიერი
გამოხმაურება მოჰყვა. ყველა ორგანიზაციის განცხადებაში ერთი და
იგივე გზავნილი იკითხება - რომ ეს არის საშიში ტენდენცია, ბოლო
პერიოდის ხელისუფლების აგრესიული და სიძულვილით სავსე რიტორიკის
გამოძახილი და დაუსჯელობის შედეგი.
"მოვუწოდებთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, გაიაზრონ მათი
როლი ამ პროცესში, შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა კრიტიკული მედიის
მიმართ, საჯაროდ დაგმონ ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული
ნებისმიერი ფორმის ძალადობა და უზრუნველყონ მედიის საქმიანობისთვის
უსაფრთხო გარემოს შექმნა”, - ვკითხულობთ "საერთაშორისო
გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებაში.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიაში ამბობენ, რომ მედიის მიმართ
ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად
აისახება ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე. "ჩვენ არაერთხელ
გამოვთქვით შეშფოთება „ქართული ოცნების“ წევრების რიტორიკის გამო,
რომლითაც საქართველოში იქმნება ტოქსიკური გარემო მედიაორგანიზაციებისა
და ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობისათვის", - აცხადებენ "კოალიცია
მედიის ადვოკატირებისათვის" წევრი ორგანიზაციები.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის
ცენტრში (EMC) ჟურნალისტებზე თავდასხმის სხვა შემთხვევებზე
არაეფექტიანი გამოძიების პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას და
აღნიშნავენ, რომ მსგავსი ფაქტები ახალისებს დაუსჯელობის გარემოს და
ქმნის მტრულ საინფორმაციო და სოციალურ
კლიმატს. "უფლებები საქართველო" საგანგაშოდ აფასებს ბოლო პერიოდში
ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებს და მზად არის სამართლებრივი
მხარდაჭერა გაუწიოს დაზარალებულებს. “რეპორტიორები
საზღვრებს გარეშე” (RSF) კი ხელისუფლებას გამჭვირვალე და
დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოუწოდებს.
- არასამთავრობო სექტორის შეფასება ვრცლად იხილეთ: ხელისუფლების აგრესიული საჯარო რიტორიკის შედეგი - NGO-ები სანაიაზე თავდასხმაზე
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტებზე თავდასხმების ყველა ფაქტის მყისიერი გამოძიებისკენ მოუწოდა. "ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს სახალხო
დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ჟურნალისტ ვახო
სანაიაზე თავდასხმა უკიდურესად შემაშფოთებელია და ამ
ტიპის ქმედებებზე სახელმწიფოს პასუხი მკაცრი უნდა იყოს: "თუკი
ჟურნალისტს თავს ესხმიან მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ეს
დანაშაულებრივი ქმედება ადეკვატურ და მკაცრ რეაგირებას საჭიროებს,
რათა სამომავლოდ თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები".
სანაიაზე თავდასხმას ოპოზიცია
კრიტიკული ხმის ჩახშობის მცდელობად აფასებს
ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმას მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა
ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც. ისევე, როგორც არასამთავრობო
სექტორის შემთხვევაში, ოპოზიციაშიც გზავნილები ერთნაირი აღმოჩნდა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს შემთხვევა
არის კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობა, ბიძინა ივანიშვილის
პროპაგანდის შედეგი და დაუსჯელობის გამოძახილი.
“განსაკუთრებით საშიშია, როცა ამგვარი ძალადობა ჟურნალისტის
მიმართ ხდება. ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ორგანიზება ან
წახალისება, ისედაც პოლარიზებული გარემოს მეტად რადიკალიზებას იწვევს.
პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური პარტიების ამოცანა ამ პოლარიზების
შემცირებაა და არა პირიქით”, - ნათქვამია ოპოზიციური
პარტიების ერთობლივ განცხადებაში, რომელასაც 20 ოპოზიციური პარტია და
3 დამოუკიდებელი დეპუტატი აწერს ხელს.
“როცა ოპოზიციური არხის ჟურნალისტს ასე ესხმიან ქუჩაში თავს, ეს შემთხვევით არ ხდება. ის, რომ ოპოზიციური მედია ივანიშვილის სამიზნეა, დიდი ხანია ვიცით. ვხედავთ რა პროცესები მიმდინარეობს მფლობელების, მენეჯერების მიმართ. ყველანაირი მეთოდით ცდილობს, რომ ჩაახშოს ოპოზიციური ხმა. სწორედ ამ პროცესის გაგრძელებაა ის, რაც მოხდა ვახო სანაიასთან დაკავშირებით. ახლა უკვე პიროვნულად გადავიდნენ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე", - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი.
ხელისუფლება
- არც
ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის
ენა
ოპოზიციის მსგავსად, მომხდარი მყისიერად დაგმეს ხელისუფლებაშიც და
პირობაც დადეს, რომ დამნაშავეები მკაცრად დაისჯებიან, თუმცა,
ოპონენტებისგან განსხვავებით, მათ თავიანთი ბრალეულობა მომხდარში არ
დაუნახავთ. პირიქით, მაგალითად, "ქართული ოცნების" წევრმა მაკა
ბოჭორიშვილმა “ფორმულას” ჟურნალისტის კითხვას - ვახო სანაიაზე
თავდასხმა ხომ არ განაპირობა მმართველი გუნდის მხრიდან ჟურნალისტების
მიმართ სიძულვილის ენის ხშირად გამოყენებამ, ასე
უპასუხა: “ნუ დავინახავთ კონკრეტულ ფაქტებს კონტექსტიდან
ამოგლეჯილს. ზოგადად, სიძულვილის ენა ამ ქვეყანას არ აკლია. ძალიან
სამწუხაროა, რომ ვართ ამ რეჟიმში ვინ უფრო მეტ სიძულვილს
გადმოაფრქვევს. არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა.
ჩემთვის სასურველია, ასეთ რეჟიმში არ მიმდინარეობდეს ქვეყნის
პოლიტიკური ცხოვრება არც ერთი მხრიდან". "წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ამაში ხელისუფლებას რაიმე ფორმის ჩარევა ქონდეს", - თქვა “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა წევრმა ირმა ზავრადაშვილმა.
“ჩვენ კრიტიკას, დიდი ბოდიში და, უარს ვერ ვეტყვით, იმიტომ, რომ ისეთივე მოქალაქეები ვართ ამ ქვეყნის სრულუფლებიანი, როგორიც თქვენ ხართ", - განაცხადა გია ვოლსკიმ და დაამატა, - "თქვენი კრიტიკა ხშირ შემთხვევაში და უმეტეს შემთხვევაში აბსოლუტურად უსაფუძვლოა. დამოკიდებულება, ადამიანურიდან დაწყებული დამთავრებული საქმიან დამოკიდებულებაზე, ვერანიარ კრიტიკას ვერ უძლებს".
მომხდარს ყველაზე გვიან გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც შსს-ს მადლობა გადაუხადა თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის და თქვა, რომ "სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს".
- უფრო მეტი ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეფასებებზე წაიკითხეთ სტატიაში: რა განასხვავებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის გამოხმაურებებს სანაიაზე თავდასხმაზე
ჩვენ ვართ მრავალფეროვანი მედიის მომხრე,
განსაკუთრებით საქართველოში - ევროპარლამენტარი
"თავდასხმა ჟურნალისტებზე, თავდასხმა თავისუფალ მედიაზე
მიუღებელია ნებისმიერ ქვეყანაში", - ამბობს ტელეკომპანია "ფორმულასთან"
საუბარში ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი."მნიშვნელობა არ აქვს, კრიტიკული მედიის წარმომადგენელი ხარ თუ არა - თუკი პროფესიულ სტანდარტებს იცავ, უნდა გქონდეს თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა, კრიტიკულად მუშაობის შესაძლებლობა. ჩვენ ვართ მრავალფეროვანი მედიის მომხრე, განსაკუთრებით საქართველოში", - განაცხადა ევროპარლამენტარმა, რომელმაც მომხდარს შემაშფოთებელი უწოდა.
ვინ არიან სანაიაზე თავდამსხმელები - რა გამოიკვეთა დღის ბოლოს
დღის ბოლოს გაირკვა, რომ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები
არიან კორცხელის ინციდენტის ერთ-ერთი, ყველაზე აქტიური ფიგურანტის
ვაჟა გიგაურის ნათესავი და მისი ორი მეგობარი. ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, ამას მათ მიერ მოპოვებული
ფოტომასალა ადასტურებს. თავად სანაიაც ყვება, რომ ეს პირი (საუბარია
გიგაურის ნათესავზე) განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. ის
ხმამაღლა აგინებდა ჟურნალისტსაც და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად
განწყობილ ტელევიზიებსაც.
"ფორმულასვე" ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიდაობის ფედერაციის
პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის უბნელები და მეზობლები არიან.
გეგეშიძე "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ერთ-ერთი ყველაზე
გავლენიანი სპორტსმენია. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობამდე, ის
შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსი
იყო.
ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ძიება ორი ან მეტი პირის მიმართ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე
სამი პირია დააკავებული.