ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)
კომუნიკაციების კომისიის ააიპ-ისგან, “მედიააკადემიისგან” საჯარო
ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა ვერ მიიღო. ორგანიზაციამ უარი ჯერ
კომუნიკაციების კომისიაში გაასაჩივრა, მათგანაც უარის მიღების შემდეგ
კი სასამართლოს მიმართა. 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო
სასამართლომ IDFI-ს სასარჩელო მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა და
“მედიააკადემიას”, საჯარო ინფორმაციის გაცემა დაავალა.
IDFI-მ “მედიააკადემიიდან” სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია,
მათ შორის, „მედიააკადემიის“ თანამშრომლების საშტატო ნუსხა,
„მედიააკადემიაში“ მოქმედი „მედიალაბის“, „მედიაკრიტიკისა“ და
„მედიასკოლის“ ფუნქციების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტების
ასლები, მათ მიერ განხორციელებული აქტივობები დანახარჯების მითითებით,
მათი ბიუჯეტი და სხვა 2020 წლის 24 იანვარს გამოითხოვა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, “მედიააკადემიამ”
უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე იმ საფუძვლით, რომ ის არ
წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს არც ორგანიზაციულ-სამართლებრივი
და არც ფუნქციონალური გაგებით და მასზე არ ვრცელდება სზაკ-ის მესამე
თავით გათვალისწინებული მოთხოვნები.
2020 წლის 28 თებერვალს, IDFI-მ უარი კომუნიკაციების კომისიაში
გაასაჩივრა, ვინაიდან, ორგანიზაციის განმარტებით, კომისია წარმოადგენს
ამ ორგანიზაციის დამფუძნებელ და ზედამხედველ ორგანოს, რომლის წინაშეც
“მედიააკადემია” არის ანგარიშვალდებული. “მედიააკადემიის” წესდების
თანახმად, კომისია განსაზღვრავს მისი საქმიანობის ძირითად
მიმართულებებს, ადგენს სტრატეგიული განვითარების გეგმას, ამტკიცებს
მის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და ორგანიზაციულ სტრუქტურას. კომისიის
თავმჯდომარეს კი აქვს “მედიააკადემიის” აღმასრულებელი დირექტორის
ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებამოსილება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა,
კომისიამ უარი განაცხადა ადმინისტრაციული საჩივრის საფუძვლიანად
განხილვაზე იმ მოტივით, რომ ის არ წარმოადგენდა „მედიააკადემიის“
ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.
2020 წლის 7 აპრილს IDFI-მ “მედიააკადემიის” წინააღმდეგ სარჩელი
სასამართლოში შეიტანა. ორგანიზაციამ 2020 წლის 24 იანვრის წერილით
გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის მოპასუხისათვის
დავალდებულება მოითხოვა, გამომდინარე იქედან, რომ ის არის
ადმინისტრაციული ორგანო ფუნქციონალური გაგებით.
2021 წლის 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნათია ბუსკაძემ IDFI-ს
სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა და მოპასუხე მხარეს მოთხოვნილი
ინფორმაციის მოსარჩელისათვის მიწოდება დაავალა.
„სასამართლო დავის აღნიშნული გადაწყვეტა მეტად მნიშვნელოვანია
პრაქტიკის პოზიტიურად განვითარების თვალსაზრისით, რადგან ეს
გახლავთ მკაფიო გზავნილი საჯარო დაწესებულებების მიმართ, რომ საკუთარ
უფლებამოსილებათა კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე დელეგირების გზით
ისინი ვერ აირიდებენ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობასა და საჯარო
ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას“, - აცხადებენ
IDFI-ში.