„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ საშიშ პრეცენდენტად
მიიჩნევს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას, რომლის
მიხედვითაც პროკურატურას „ტვ პირველის“ „ნოდარ მელაძის შაბათის“
ეთერში გასული ფარული ჩანაწერის ჩვენების შემდეგ კონფიდენციალური
წყაროს მიერ მიწოდებული მასალის ამოღების უფლება მისცა.
"აღნიშნული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს და საერთაშორისო
სამართლით დადგენილ გამოხატვის თავისუფლებისა და კონფიდენციალური
წყაროს გარანტიებს, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის
საქმიანობას და მედიის წინააღმდეგ სამართალდამცავი და სასამართლო
სისტემის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით გამოყენების ეჭვებს აჩენს", -
ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საჯაროდ გავრცელებული სასამართლოს
განჩინების გაცნობის შემდეგ იკვეთება, რომ იგი ვერ პასუხობს
დასაბუთებულობის კრიტერიუმს:
„სიტყვისა და გამოხატვის
თავისუფლების შესახებ“ კანონით, მედია საშუალება წყაროს გაუთქმელობის
აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული. უფრო მეტიც, სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის მიხედვით, ჟურნალისტს არ აქვს როგორც პროფესიულ
საქმიანობასთან დაკავშირებით ჩვენების მიცემის, ასევე მასთან
დაკავშირებული საგნის ან სხვა ობიექტის გადაცემის
ვალდებულება.
ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი
სტანდარტით (Nagla v. Latvia, Martin and Others v. France)
დაუშვებელია მედიაში ჩხრეკის ან ამოღების ჩატარება, თუ საგამოძიებო
ორგანოს მიზანი მხოლოდ წყაროს იდენტიფიცირებაა. სასამართლოს
განჩინებაში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ „ტვ
პირველისთვის“ გადაცემული კონვერტის ამოღებაზე ნებართვა კი ცალსახად
მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საგამოძებო ორგანოს მიზანი წყაროს
იდენტიფიცირებაა.
ხელისუფლებას მოვუწოდებთ იმოქმედოს კანონის შესაბამისად.
გააცნობიეროს ის სერიოზული რისკები, რომელიც სასამართლოს განჩინებიდან
და მისი შესაძლო აღსრულებიდან გამომდინარეობს, რაც საფრთხეს უქმნის
ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას. აუცილებელია ხელისუფლებამ
შეწყვიტოს სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების გამოყენება
კრიტიკული მედიის წინააღმდეგ და უზრუნველყოს ქვეყანაში ჯანსაღი მედია
გარემოს შექმნა", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 10 მარტს სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა, რომ “ტელეკომპანია პირველიდან” ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები ამოიღოს. ტელევიზიაში ამბობენ, რომ პროკურატურა იმ კონვერტს ითხოვს, რითაც მეხსიერების ბარათი მიიღეს, ეს კი ნიშნავს, რომ მათ წყაროზე გასვლა სურთ. მაუწყებელში კითხვები ჩნდება იმ ფაქტის გამოც, რომ მათ მასალების მიწოდების შესახებ წერილი არ მიუღიათ, მოსამართლემ პირდაპირ პროკურატურას მისცა მასალების ამოთების უფლება, რაც ირიბად, ტელევიზიაში ჩხრეკის ჩტარებას ნიშნავს.
საქართველოს პროკურატურამ, TV პირველის მიერ 6 მარტს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკაშირებით, გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე 9 მარტს დაიწყო.
მთავარი ფოტო: TI