'დიდი გეგმებით დაბრუნებიდან' სამ კვირაში ნაცვლიშვილი წერს, რომ POSTV-ში აღარ მუშაობს
13.03.2021


"ქართული ოცნების" ყოფილი პიარტექნოლოგი ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც დაახლოებით სამი კვირის წინ POSTV-ზე "დიდი გეგმებით" დაბრუნდა და "ნაციონალური მოძრაობის ამოსაკვეთად" არხი მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანა, არხზე აღარ მუშობს. 

ნაცვლიშვილმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. იგი ამბობს, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ფარული ჩანაწერების გასაჯაროება მას უკავშირდება, სიცრუეა. იქვე, იგიდასძენს, რომ არხიდან მისი წამოსვლით არაფერი იცვლება.

“პოსტივიდან” ჩემი წამოსვლით შინაარსობრივად არაფერი შეიცვლება, რადგან მუდამ ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური მოძრაობის საჯარო და აქტიური მხარდამჭერი და 2012 წლის 1 ოქტომბრის იდეალების ერთგული. ასე რომ, ჩვეული შემართებით, ოღონდ განსხვავებულ ამპლუაში ვაგრძელებ ბრძოლას. ნუ ცქმუტავთ, დამშვიდდით, დაიოკეთ ნერვები და დაელოდეთ", - წერს ნაცვლიშვილი.


 

შეგასენებთ, სამი კვირის წინ ლაშა ნაცვლიშვილმა, ისევ სოციალური მედიით გვამცნო, რომ "დიდი  პატივით, გეგემებითა და პასუხისმგებლობით ბრუნდებოდა POSTV-ს ხლმძღანელად" და მისი მიზანი იყო არხს, რომელიც "მოხულიგნო ინტერნეტპლატფორმიდან დაიბადა, მეტი შეუპოვრობით უნდა დაეცვა 2012 წლის ოქტომბრის მონაპოვარი".  



არხზე დაბრუნებიდან ორ დღეში კი დაწერა, რომ  "ნაციონალური მოძრაობის ამოსაკვეთად" არხი მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადადიოდა..

"ნაციონალური სიმსივნე, რომელიც ოცი წელია, ჯიჯგნის ჩვენი სამშობლოს სხეულს, უნდა ამოიკვეთოს, ხოლო მისი მეტასტაზები - განეიტრალდეს, რათა დამშვიდდეს ქვეყანა და ნორმალური, დემოკრატიული განვითარების საშუალება მიეცეს. წილი ნაყარია! „POSTV“ ამ ბრძოლაში წინა ხაზზე იქნება!”, - წერდა ნაცვლიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე 23 თებერვალს.


ტელეარხი POSTV პროსახელისუფლებოა და, შეიძლება ითქვას, რომ მმართველი პარტიის პროპაგანდის იარაღია. მის ეთერში ფაქტობრივად არ გადის კრიტიკული რეპორტაჟები ხელისუფლებისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მისამართით. არხი მუდმივად დადებითად წარმოაჩენს „ქართულ ოცნებას“ და, ასევე, მუდმივად ცდილობს ოპოზიციის დისკრედიტაციას", - ასეა შეფასებული POSTV 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის საბოლოო ანგარიშში.

POSTV 2017 წელს დაფუძნდა და იგი დაფუძნების დღიდან ღიად მუშაობდა ყოფილი ხელისუფლების, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, მის ანტიპიარზე. ბოლო პერიოდში კი მისი აქტიური სამიზნეა ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებები: კერძოდ, POSTV-ის გუნდი აქტიურად აკრიტიკებს იმ ტელევიზიებს (ადრე, სამიზნე იყო “რუსთავი 2”, ხოლო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო ამ ტელევიზიაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ძირითადი სამიზნეა მთავარი არხი, ფორმულა და ტვ პირველი), რომლებიც აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას”.


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ