მედიის ნაწილი მელიას პროცესზე ვერ შევიდა
13.04.2021
ჟურნალისტების ნაწილმა დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრება ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ პროცესზე დასწრებისა და ფოტო-ვიდეო გადაღების შესახებ განაცხადი წინა დღით ჰქონდათ შეტანილი.

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი ნასტასია არაბული თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომამდე ნახევარი საათით ადრე მივიდა, თუმცა სასამართლო დარბაზში შესვლა ვერ შეძლო. მას შევსებული ჰქონდა შესაბამისი განაცხადი, გზიდან სასამართლოს პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, შესასვლელთანაც დადგა, მაგრამ სხდომაზე მაინც ვერ მოხვდა.

“პრესსამსახური გეუბნება, რომ [დასწრების საკითხს] სხდომის მდივანი წყვეტს, რომელთან მისვლაც, შეუძლებელია, რადგან კარში ეჯახები მანდატურს, რომელიც ასევე გეუბნება, რომ ვერაფერს წყვეტს. შეუძლებელია ამხელა სისტემაში არ არსებობდეს ადამიანი, რომელსაც არ ესმის მედია როგორ ფუნქციონირებს” - ამბობს ნასტასია არაბული.

მომსამართლემ არ დააკმაყოფილა, ადვოკატების შუამდგომლობა, ნიკა მელიას სასამართლო პროცესის პირდაპირი ტრანსლირების დაშვებაზეც, რაც მედიის წარმომადგენლების თქმით, დარბაზს მიღმა დარჩენილ ჟურნალისტებს საქმეს გაუადვილებდა.

“სასამართლომ უნდა გააცნობიეროს, რომ ისეთ საქმეებზე, რომლებზეც განსაკუთრებულად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, მედიას ტრანსლაციის უფლება უნდა მიეცეს, რათა მაყურებლამდე ამბავი ინტერპრეტაციის გარეშე მივიდეს”, - გვეუბნება ტელეკომპანია “პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

კანონმდებლობით, სასამართლო პროცესიდან ფოტო-ვიდეო გადაღების პრივილეგია საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს და ვალდებულია ჩანაწერი სხვა მედიასაშუალებებს მოთხოვნისთანავე გადასცეს. თუმცა, როგორც ნასტასია არაბული ამბობს, ასეთი ფორმით ინფორმაციის მიღება სხვა მედიებისთვის პროცესს აჭიანურებს, რის გამოც “ამბის სრულფასოვნად და დროულად გაშუქება შეუძლებელია.”

სხდომაზე დასწრება ვერ მოახერა გამოცემა “ნეტგაზეთის” ჟურნალისტმაც. “შეშვება გამართლების პრინციპით არის და არა იმით, რომ პირველმა დაწერე განცხადი ან პირველი იდექი რიგში. ინერციით უნდა გკრას ვინმემ ხელი და შევარდე. არათანაბარ პირობებში აღმოვჩნდით იმ მედიასაშუალებებთან, რომლებმაც შესვლა მოახერხეს“, - ამბობს “ნეტგაზეთის” რეპორტიორი ნათია ცქიფურიშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით დარბაზი, რომელშიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პროცესი მიმდინარეობდა, შენობაში სიდიდით მეორეა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი საქმეებისთვის გამოყოფილი დარბაზის შემდეგ.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით სასამართლო დარბაზში მხოლოდ 20 ადამიანი დაიშვებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის უფროსის, ქეთევან ბასილაშვილის თქმით, სხდომას პოლიტიკოსები, დამკვირვებლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაახლოებით 10-მდე ჟურნალისტი ესწრებოდა.

“ჩვენი უფლებაა, რომ ვიყოთ [სხდომაზე] და მოვალეობაა გავაშუქოთ ის, რაც ხალხს აინტერესებს. მიუხედავად შევსებული განაცხადისა, გარანტია იმისა, რომ შეხვალ ღია სხდომაზე, სადაც ისედაც უნდა შედიოდე სულ რომ მედია არ იყო, არასოდეს არ გაქვს.” - ამბობს “რადიო თვისუფლების” ჟურნალისტი, ნასტასია არაბული.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ