დმანისში პირველი არხის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ
17.05.2021
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.

რა მოხდა?

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დმანისის შესასვლელთან, სადაც სამართალდამცველებს გზა აქვთ გადაკეტილი, ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება მოხდა.  სწორედ ამ დაპირისპირებაში მონაწილე პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ პირველი არხის ადგილზე მყოფ გადამღებ ჯგუფს: ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს.

როგორც მაუწყებელში გვეუბნებიან, გადამღები ჯგუფის წევრები მცირედ დაშავდნენ და ისინი სამართალდამცველებმა ადგილზე უკვე გამოკითხეს. დაზიანებულია ტექნიკაც. 

მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა დაგმო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და  სამართალდამცავ ორგანოებს შემთხვევის სწრაფად და ეფექტიანად გამოძიებისკენ მოუწოდა

მოგვიანებით, "პირველი არხის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შესახებ კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ვახტანგ გომელაურის თქმით, დმანისთან მომხდარ დაპირისპირებაზე, რომლის დროსაც ჟურნალისტებიც დაშავდნენ, "ერთობლივი, დიდი გამოძიებაა დაწყებული, ერთი საქმეა გამოყოფილი და [ჟურნალისტების დაზიანების ფაქტი] ამის ფარგლებში იქნება გამოკვლეული". 


მომხდარის დეტალები 

"პირველი არხის" ჟურნალისტები დმანისში ორ ჯგუფს შორის დაპირისპირებას აშუქებდნენ. ჩხუბი 16 მაისს საღამოს დმანისში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა. ინციდენტის დროს მაღაზიის მეპატრონეებს რამდენიმე ათეული ადამიანი ფიზიკურად დაუპირისპირდა. მომხდართან დაკავშირებით დმანისში მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობაა.


ფოტო: 1tv.ge

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ