ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა
08.07.2021
თბილისის საქალაქო სასამართლომ “რუსთავის 2-ის”, “მთავარი არხის”, “ტაბულასა” და „ნიუპოსტის“ ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებული 3 პირი პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე დავით კურტანიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გამოიყენა.

"მოსამართლემ მიიჩნია, რომ მტკიცებულებები სახეზე იყო, ასევე ის, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ბრალდებულების მხრიდან მიმალვის საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში.", - განმარტა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.

დაკავებულებს ბრალი სამი მუხლით აქვთ წარდგენილი:
  • ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ჩადენილი ძალადობის მუქარით (სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით)
  • დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით (156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)
  • ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის (225-ე მუხლის ნაწილით) წარედგინათ.

წარდგენილი ბრალდებები 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომდევნო პროცესი 2 სექტემბერს გაიმართება.

ამ დროისთვის  ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე ბრალი 8 პირს აქვს წარდგენილი. დაზარალებულად 19 ჟურნალისტია ცნობილი.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ