აზერბაიჯანელი ბლოგერი თბილისში გარდაცვლილი ნახეს
30.07.2021
თბილისში აზერბაიჯანელი ბლოგერი ჰუსეინ ბაკიხანოვი გარდაცვლილი ნახეს. მომხდარის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ 29 ივლისს გაავრცელა.

რა მოხდა?

29 ივლისს "ფეისბუქზე" აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ დაწერა , რომ აზერბაიჯანიდან დევნილი ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში გარდაცვლილი ნახეს და ქართულ მედიას საკითხით დაინტერესება სთხოვა.

მუხთარლის თქმით, ბაკიხანოვი 7 მაისს ბაქოში გამართული საპროტესტო აქციის დროს 15 დღით დააკავეს, ბლოგერი გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ ის პოლიციამ აწამა და სამართალდამცველების მხრიდან გაუპატიურების მუქარებზე საუბრობდა. "12 ივლისს აზერბაიჯანელთა ჯგუფმა სცემა თბილისში მცხოვრები ემიგრანტი... თბილისში ყოფნისას ის მუდმივად აკრიტიკებდა აზერბაიჯანის მთავრობას, აზერბაიჯანულ მედიაში და საკუთარ არხზე. ", - წერს მუხთარლი.

დაღუპულის ახლობლის, ავთანდილ მამადოვის ინფორმაციით კი აზერბაიჯანელი ბლოგერი საქართველოში თავშესაფარს ითხოვდა. მამადოვი ამ ეტაპზე თბილისის სამმართველოში გამოკითხვაზეა და საქმესთან დაკავშირებით გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.

აფგან მუხთარლიც და ავთანდილ მამედოვიც თავდაპირველად წერდნენ, რომ აზერბაიჯანელი ბლოგერი იმ სახლში ნახეს გარდაცვლილი, სადაც ცხოვრობდა, თუმცა მოგვიანებით მუხთარლიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ბოლო ინფორმაციის თანახმად, ჰუსეინ ბაკიხანოვი მაღალსართულიანი შენობიდან გადმოაგდეს".

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას, სიმაღლიდან ვარდნის შესახებ და აცხადებენ, რომ ბლოგერი სასტუმრო "სტამბის" ტერიტორიაზე 14 ივლისს ნახეს გარდაცვლილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"აჭარა ჯგუფის" წარმომადგენლი მედიასთან სუიციდის ვერსიაზე საუბრობს და ამბობს, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც გასაუბრებაზე მისულ ბაკიხანოვს სამსახურში აყვანის დროს სასტუმროს შენობას ათვალიერებინებდნენ.

რას ამბობდა ბლოგერი გარდაცვალებამდე?

ჰუსეინ ბაკიხანოვმა 13 და 14 ივლისს "იუთუბზე" ვიდეოები ატვირთა. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ატვირთული ვიდეო სათაურით "შეთქმულება, აზერბაიჯანის ხელისუფლების შურისძიება თუ შემთხვევითობა? ხუთი ადამიანი თბილისის ცენტრში თავს დამესხა" სასწრაფო დახმარების მანქანაშია გადაღებული და ბლოგერი 12 ივლისს მომხდარი თავდასხმის შესახებ ჰყვება.

გარდაცვალებამდე გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჰუსეინ ბაკიხანოვი ამბობს, რომ რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი, სანამ საქართველოში დევნილის "აიდი" ბარათს აიღებს. ის ვარაუდობს, რომ  თბილისში მასზე თავდასხმის უკან შესაძლოა აზერბაიჯანის მთავრობა იდგეს.

ბლოგერის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ აფგან მუხთარლისა და ავთანდილ მამედოვს.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ