08.12.2021
განახლება: კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტების შესასწავლად სახალხო დამცველს მიმართავს.
"კულტურის სამინისტროში თეატრების ხელმძღვანელების დანიშვნასთან დაკავშირებით ბრიფინგზე დასასწრებად მისული ტელეკომპანია “TV პირველის” წარმომადგენლები არ შეუშვეს. კულტურის მინისტრმა და ვიცე პრემიერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტის შეკითხვას შეზღუდვის მიზეზის შესახებ, უპასუხა, რომ ის არის არა კრიტიკული, არამედ “აღვირახსნილი” მედიის წარმომადგენელი.
მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე.", - წერს კოალიცია და კულტურის სამინისტროს მოუწოდებს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა.
მედიაკოალიცია საქართველოს სახალხო დამცველს მიმართავს:
- შეისწავლოს ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტები და გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაცია;
- მოამზადოს და შესაბამის დაწესებულებებს / პირებს გაუგზავნოს ზოგადი წინადადებები დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.
ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, ამბობს, რომ 8 დეკემბერს კულტურის სამინისტროში დაგეგმილი ბრიფინგის შესახებ უწყებისგან ანონსი არ მიუღიათ და ამბავი თავიანთი წყაროებისგან შეიტყვეს. არხის გადამღები ჯგუფი სამინისტროში ბრიფინგის გასაშუქებლად ადრე მივიდა, თუმცა ჟურნალისტი დაცვამ არ შეუშვა.
„ეს არის კულტურის მინისტრის მიზანმიმართულად, სავარაუდოდ, უკანონო არაფორმალური ბრძანება. თეა წულუკიანს, სავარაუდოდ, დისკომფორტს უქმნის ის კითხვები, რომლებიც შეიძლება კრიტიკული მედიის ჟურნალისტმა დასვას. აქვთ კონკრეტული მიდგომა, არ უშვებენ მხოლოდ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს“, - ამბობს ნოდარ მელაძე.
„პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ არხის წარმომადგენლები რამდენიმე კვირაა ცდილობენ კულტურის მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირებას, თუმცა რუსუდან უშიკიშვილი მათ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
„გვინდა მისგან მოვისმინოთ კითხვებზე პასუხი და, ალბათ, პრაქტიკას მივმართავთ, დავხვდებით სახლთან კამერით და ვკითხავთ ვისი განკარგულებაა, რადგან საშვების დაშვება მის კომპეტენციაში შედის. ის აფრთხილებს დაცვის სამსახურს რომელი მედიასაშუალებები უნდა შეუშვას ბრიფინგზე“, - განმარტავს მელაძე.
ამბის დასაზუსტებლად კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ის ზარებს არ პასუხობს.
კონტექსტი
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები სამთავრობო უწყებაში ბრიფინგზე არ შეუშვეს.
ამავე თემაზე: “ტვ პირველი” და “მთავარი” წულუკიანის ბრიფინგზე არ შეუშვეს
22 ნოემბერს “ტვ პირველის” და “მთავარი არხის” ჟურნალისტები კულტურის სამინისტროში, თეა წულუკიანის ბრიფინგზე, 11 ნოემბერს კი “ტვ პირველის”, “მთავარი არხისა” და “ფორმულას” ჟურნალისტები იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ვერ მოხვდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტონ მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მისცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.