სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ წილები ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში დატოვა
08.12.2021
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნა არხის 60%-იანი წილის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ტელევიზია რჩება მოქმედი მფლობელის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში.

რა მოხდა

სასამართლოს გადაწყვეტილება მოსამართლე გოჩა დიდავამ 8 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე გამოაცხადა და განმარტა: „საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთ შეჯერების შედეგად, არ დასტურდება, რომ ქიბარ ხალვაში არაკეთილსინდისიერი შემსყიდველია“.

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე 2004 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვდნენ, რომლის მიხედვითაც „რუსთავი 2-ის“ საკონტროლო პაკეტი ქიბარ ხალვაშის ხელში გადავიდა.

„დასაბუთება და არგუმენტაცია, რომ თურმე, ქიბარ ხალვაში კეთილსინდისიერი შემძენი ყოფილა, ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ გვითხრა, არ მაინტერესებს თქვენი არც მტკიცებულებები, არც არგუმენტაცია, არც ჩვენებები“, - გვითხრა დავით დვალმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, დაცვის მხარესაც კი არ ჰქონია არგუმენტები იმაზე, რომ ხალვაში კეთილსინდისიერი მყიდველია „სასამართლომ კი, აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო“.

მოსამართლემ გააუქმა საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 მაისის განჩინებაც, რომლის საფუძველზე "რუსთავი 2-ის" 60%-იან წილს და უძრავ ქონებას ყადაღა ედო.

ქიბარ ხალვაშის 2014 წლის ჩვენება

ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2-ის” წილები მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების შეთავაზებით, 2004 წელს შეიძინა. 2014 წელს სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში რომელიც მოსარჩელე მხარის ადვოკატმა კახა კოჟორაძემ გაასაჯაროვა, ქიბარ ხალვაში ჰყვება, რომ ტელევიზიის 60%-იანი წილი აქიმიძისა და დვალისგან 1 200 000 დოლარად, ირაკლი ოქრუაშვილთან მოლაპარაკების შემდეგ იყიდა და მას არხის დამფუძნებლებთან უშუალო შეხება არ ჰქონია.



ჩვენებაში ის ირწმუნება, რომ „მოგვიანებით გაიგო“ დვალისა და აქიმიძის მიერ „რუსთავი 2-ის“ წილის ხელისუფლებისგან ზეწოლის შედეგად დათმობის შესახებ.

ხალვაშის ჩვენების მიხედვით, მან 60%-იანი წილის შეძენის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმებით, “რუსთავი 2-ის” დარჩენილი წილის შეძენაც გადაწყვიტა, რათა ტელევიზია მხოლოდ მის მფლობელობაში ყოფილიყო. ვანო მერაბიშვილთან, ირაკლი ოქრუაშვილთან და ზურაბ ადეიშვილთან შეხვედრის შემდეგ კი გადაწყდა, რომ ხალვაშს კომპანია 7 000 000 დოლარად უნდა ეყიდა და დარჩენილი თანხაც სწორედ მათთვის გადაეხადა.

ჩვენებაში ხალვაში ამბობს, რომ 200 000 დოლარი, ნაღდი ფულის სახით, ყოველთვიურად ვანო მერაბიშვილთან მიჰქონდა და 4 მილიონი დოლარი აქვს გადახდილი. მისივე თქმით, კომპანიის წილები 2006 წელს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ზეწოლის გამო გაასხვისა.

„რუსთავი-2-ის“ ყოფილი მფლობელების სასამართლო პროცესები

2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, “რუსთავი 2-ის” წილების საქმეზე, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ პროკურატურას მიმართეს. მათი ადვოკატი კახა კოჟორიძე ამბობს, რომ „მოქმედ ხელისუფლებას არ აწყობს, ვინმესთვის ბრალის წაყენება და გამტყუნება. ამიტომ, 2012 წლიდან გამოძიება თაროზე შემოიდო და ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა”.

2015 წელს საქალაქო სასამართლოში სარჩელი ქიბარ ხალვაშმა შეიტანა იმის დასამტკიცებლად, რომ ტელეკომპანიის წილები არაკეთილსინდისიერი გარიგების საფუძველზე დაათმობინეს.

2015 წელსვე, ქიბარ ხალვაში, საქმის მოგების შემთხვევაში, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს საჯაროდ შეჰპირდა „რუსთავი 2-ის“ 50%-იანი წილის გადაცემას.

2017 წელს საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს დაუბრუნა, ”რუსთავი 2-მა" კი გადაწყვეტილება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასმართლოში გაასაჩივრა.

2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და “რუსთავი 2”-ის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაში დარჩა.

2019 წელს, სტასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, „რუსთავი 2-ის“ წილების დასაბრუნებლად სასამართლო დავა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დაიწყეს. ისინი წილის დაბრუნებას იმავე არგუმენტებით ითხოვენ, რა არგუმენტებითაც უზენაესმა სასამართლომ ტელევიზია ქიბარ ხალვაშს დაუბრუნა.

„როგორც ჩანს, კარგი იქნებოდა, სასამართლო დავა 2019 წლამდეც დაგვეწყო“ ამბობს კახა კოჟორიძე. ის განმარტავს, რომ დვალი და აქიმიძე ელოდნენ ხალვაშის დაპირების შესრულებას 50%-იანი წილის გადაცემის შესახებ, თუმცა სასამართლო დავის მოგების შემდეგ, აქიმიძემ მათ წილის მხოლოდ 40% შესთავაზა.

„ეს მნიშვნელოვანი ქონებრივი ღირებულება იყო, მაგრამ [60%-იანი წილით] ხალვაშს რჩებოდა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შანსი. დვალმა და აქიმიძემ ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობა არ გაცვალეს ქონებაზე. შესაბამისად, ეს გარიგება ჩავარდა”, - ამბობს კახა კოჟორაძე.

კახა კოჟორიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და 2019 წელს დაწყებულ სასამართლო პროცესს აუცილებლად მიიყვანენ ბოლომდე: „ვერ მოვიგებთ საქართველოში, მოვიგებთ სტრასბურგში, ეს არის ჩვენი გეგმა. გაუკუღმართებულ მართლმსაჯულებას სამართლიანობად ვერ შემოგვასაღებენ.“

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ