როგორ გააშუქა მედიამ მუნიციპალური არჩევნები - ანგარიში
14.12.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების მედიაში გაშუქების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშებს აქვეყნებს.

ანგარიშები: სატელევიზო ახალ ამბებს, სატელევიზიო ტოქშოუებს, ონლაინ მედიასა და სოციალურ მედიას მოიცავს.

მონიტორინგის დროს რამდენიმე ძირითადი მიგნება გამოიკვეთა:

სატელევიზიო ახალი ამბები (5 ივლისი - 14 ნოემბერი, 2021)

• მაუწყებელთა პოლარიზაცია წინა წელთან შედარებით კიდევ უფრო გაიზარდა - ტელესივრცე ორ ბანაკად გაიყო. ტელეარხების ნაწილი მიკერძოებულია ხელისუფლებისადმი, მეორე ნაწილს კი ოპოზიციის მიმართ მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა აქვს.

• პოლიტიკური პოლარიზაციის შედეგად ეროვნული მაუწყებლები წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად არღვევდნენ სამართლიანი და თანაბარი გაშუქების პრინციპს.

• გამოიკვეთა სიუჟეტების სიმცირე საარჩევნო თემაზე, რომელიც ამომრჩეველს მეტად დაეხმარებოდა ინფორმაციის საფუძველზე შეგნებული არჩევანის გაკეთებაში.

• სატელევიზიო ახალ ამბებში ხშირად გვხვდებოდა პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულაციის ფაქტები.

• ხელისუფლების მიმართ ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას ინარჩუნებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

• საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ყველაზე დადებითად მთავრობას აშუქებდა (21%) ყველაზე უარყოფითად კი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაშუქდა (21%).

• საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ყველაზე პოზიტიურად (21%) ადგილობრივ ხელისუფლებას აშუქებდა.

• ტელეკომპანია ,რუსთავი 2“ მფლობელის შეცვლიდან ორი წლის თავზე შეუერთდა იმ მაუწყებელთა რიგს, რომლებიც განსაკუთრებით უარყოფითად აშუქებენ ოპოზიციას, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და მთავრობას კი დადებითად.

• მონიტორინგის პერიოდში „ტვ პირველი“ მაუწყებლობდა ხელისუფლებასთან მკვეთრი დაპირისპირებისა და პროტესტის პირობებში.

• „მთავარი არხი“ 6 ოქტომბრიდან ეკრანზე წარწერით #თავისუფლებამიშას მაუწყებლობდა.

• ,,მთავარ არხს “წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო კამპანიის გაშუქებისას შერჩევითი მიდგომა ჰქონდა. ის ძირითადად დროს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობის გაშუქებას უთმობდა.

• 18 ოქტომბერს, ტელეკომპანია იმედმა ღიად განაცხადა, რომ საგანგებო რეჟიმზე გადადის. მისი მთავარი მიზანია, არ დაუშვას „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში საქართველოში.

• ტელეარხების მიკერძოება კონკრეტული სუბიექტის მიმართ ნათლად ჩანდა ისეთი მნიშვნელოვანი თემების გაშუქებისას, როგორიცაა „5 ივლისის მოვლენები“, „ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა“, „შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება“ და, სავარაუდოდ, „სუსიდან გამოჟონილი ჩანაწერები“ და „მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება“.

• მეტწილად გაუარესებულია წინა წლებთან შედარებით რეგიონული ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებების ხარისხი, როგორც ტექნიკური, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით

• რეგიონული არხების ნაწილი ხშირად იყენებდა სამთავრობო უწყებების პრესსამსახურების მომზადებულ მასალებს, მკაფიო მინიშნების გარეშე;

• კვლავ პრობლემად რჩება რეგიონულ მაუწყებლებში გასული სიუჟეტების ზედაპირულობა და სიღრმისეული მასალების არარსებობა;

• რეგიონულ მაუწყებელთა უმეტესობის მაყურებლები ამომწურავ ინფორმაციას ვერ იღებდნენ არათუ საარჩევნო პროცესების, არამედ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ;

• რამდენიმე რეგიონული არხის საინფორმაციო გამოშვებაში დაფიქსირდა სარეკლამო შინაარსის შემცველი სიუჟეტები, რაც დაუშვებელია;

• ტვ 25 კრიტიკულად აშუქებდა ,,ქართული ოცნების” და ხელისუფლების აქტივობებს.

• მეცხრე არხს და ტელეკომპანია „გურიას“ ხელისუფლების და ,,ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა აქვს.

• ტელეკომპანია „გურჯაანი“ ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისადმი მიკერძოებული არხია. მონიტორინგის პერიოდში უკრიტიკოდ, დადებითად შუქდებოდა ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის საქმიანობა.

• ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისადმი დადებითი განწყობა გამოიკვეთა ტელეკომპანია „თრიალეთზე“, TV 4-სა და ტელეკომპანია „რიონზე“ დაკვირვების შედეგად

ონლაინ მედია ( 5 ივლისი - 14 ნოემბერი, 2021)

• ონლაინ მედიის უმეტეს ნაწილში შეინიშნებოდა სარედაქციო დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი. შედეგად, ონლაინ მედიაში ნაკლებად იგრძნობოდა მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაცია.

• ონლაინ გამოცემები მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ხშირად და დიდი რაოდენობით მთავრობას (ადგილობრივი და ცენტრალური) და მმართველ პარტიას აშუქებდნენ, ხოლო ოპოზიციიდან - “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და მიხეილ სააკაშვილს.

• გაშუქების ტონი ონლაინ მედიაში უმეტესად ნეიტრალური იყო; გამოიკვეთა მხოლოდ რამდენიმე ვებ-გვერდი, რომლებზეც აშკარად შეინიშნებოდა დადებითი განწყობა სახელისუფლებო გუნდის ან ოპოზიციის მიმართ.

• რეგიონული გამოცემების უმრავლესობა ვერ ახერხებდა ადგილობრივი მოსახლეობის სათანადოდ ინფორმირებას რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. • ონლაინ გამოცემების ნაწილი ცდილობდა და ახერხებდა, რომ ჯეროვნად დაეცვა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.

• ვებგვერდების ნაწილი არასათანადოდ მიჯნავდა სარედაქციო მასალებისგან სარეკლამო მასალებს და მათ შესაბამისი მითითების გარეშე აქვეყნებდა.

• ონლაინ მედიის ყველაზე დიდ გამოწვევად მოვლენების ზედაპირული გაშუქება გამოიკვეთა.

• მერობის კანდიდატთა გაშუქებისას, უმეტეს შემთხვევებში, დედაქალაქის თუ სხვა მუნიციპალიტეტების კანდიდატების გაშუქება ხდებოდა პარტიული დაპირისპირებების კონტექსტში.

• 2020 წელს განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგებთან შედარებით, მკვეთრად გაუმჯობესდა მედიასაშუალებების მიერ გენდერულად სენსიტიური გაშუქება.

სატელევიზიო ახალი ამბების შემთხვევაში აკვირდებიან: 14 სატელევიზიო (5 ეროვნულ, 9 რეგიონულ) არხს: პირველი არხი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია მთავარი, რუსთავი 2, იმედი, ტვ პირველი, ტვ 25, თრიალეთი, მე-9 არხი, ტვ ოდიში, ტელეკომპანია გურჯაანი, ტვ გურია, ტელეკომპანია რიონი, ტვ 4.

ონლაინ მედიამონიტორინგისთვის შეირჩა 17 ონლაინ მედიასაშუალება: ambebi.ge, batumelebi.ge, guriismoambe.com, interpressnews.ge, knews.ge, kutaisipost.ge, livepress.ge, mpn.ge, netgazeti.ge, news.on.ge, publika.ge, qartli.ge, radiotavisupleba.ge, reginfo.ge, sknews.ge, sputnik-georgia.com, tabula.ge.

მონიტორინგი რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის კომპონენტებისგან შედგება.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ