პარლამენტმა საზმაუს ბორდის 2 მეურვე აირჩია, 1 ადგილი კვლავ ვაკანტურია
13.04.2022

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრად ვასილ მაღლაფერიძე და ლაშა ტუღუში აირჩია, ოპოზიციის კანდიდატ ლიკა ბასილაია-შავგულიძეს კანდიდატურას კი მხარი არ დაუჭირა.


13 აპრილს, საპარლამენტო კენჭისყრამდე "ქართული ოცნების წევრმა" მამუკა მდინარაძემ წინასწარ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ლიკა ბასილაია-შავგულიძეს მხარს არ დაუჭერდა:

„ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ ჩვენს ოპონენტებს [„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“], დაეჭირათ მხარი ჩვენი კანდიდატისათვის. ამაზე ჩვენ დადებითი პასუხი ვერ მივიღეთ, შესაბამისად, ჩვენ მათ წარმოდგენილ კანდიდატს მხარს არ დავუჭერთ" - თქვა მდინარაძემ.


კენჭისყრის შედეგები

ლაშა ტუღუში - 108 მომხრე, 0 წინააღმდეგი
ვასილ მაღლაფერიძე - 83 მომხრე, 19 წინააღმდეგი
ლიკა ბასილაია-შავგულიძე - 31 მომხრე, 2 წინააღმდეგი

ლიკა ბასილაია-შავგულიძე პარლამენტს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" წარუდგინა. იგი ჟურნალისტი, კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრის დირექტორია. 2014-დან 2018 წლამდე იყო ვებპორტალ eugeorgia.info-ს მთავარი რედაქტორი. მას მედიის საკითხებზე სხვადასხვა მიმართულებით თითქმის 30 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.

პარლამენტის რეგლამენტის 209-ე მუხლი მე-13 პუნქტის მიხედვით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ახალი კანდიდატურა 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.


მოკლედ ახალი წევრების შესახებ

ვასილ მაღლაფერიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად პარლამენტს ვასილ მაღლაფერიძე „ქართულმა ოცნებამ“ წარუდგინა.

ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იყო 2017-დან 2020 წლის აგვისტომდე. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ტელევიზიიდან ათობით თანამშრომლის უკანონოდ გათავისუფლება და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკა.

უფრო კონკრეტულად:

  • მისი მმართველობისას მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები მაუწყებლის მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.
  • სხვადასხვა ორგანიზაცია მაღლაფერიძეს ნეპოტისტური საკადრო გადაწყვეტილებების გამო აკრიტიკებდა. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის შვილის ტელევიზიის თანამშრომლების საზოგადოებრივ მაუწყებელში კონკურსის გარეშე დასაქმების გამო.
  • ტელევიზიის მოქმედი თანამშრომლები ღიად საუბრობენ ვასილ მაღლაფერიძის დირექტორობისას ხელმძღვანელობის მხრიდან ცენზურის მცდელობებზე, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული თემების დაბლოკვასა და რესპოდენტების „შავი სიების“ არსებობის შესახებ.

მაღლაფერიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტიდან წასვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი იყო. ბორდის შესარჩევ კომისიასთან გასაუბრებაზე მან თქვა, რომ:

  • მაუწყებლის მიმართ ე.წ. შავი სიების არსებობაზე გამოთქმული ბრალდებები “აბსურდია“.
  • წარსულში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილეობა მას ობიექტურობაში ხელს არ უშლის და ამას „პირველ არხში“ მისი „განვლილი პერიოდი ადასტურებს“.
  • კანონით განსაზღვრული საშტატო ნუსხის საჭიროება საზოგადოებრივ მაუწყებელში არ არსებობს.

„ქართული ოცნების“ მიერ ბორდის წევრად ვასილ მაღლაფერიძის წარდგენის შემდეგ განცხადება გაავრცელა მედიაკოალიციამ.

კოალიცია მიიჩნევს, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ვასილ მაღლაფერიძის არჩევა „მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს მიუკერძოებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნის იდეას და შეამცირებს საზოგადოების მიერ დაფინანსებული არხების პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესაძლებლობას“

ლაშა ტუღუში

ლაშა ტუღუშის კანდიდატურა პარლამენტს საქართველოს სახალხო დამცველმა წარუდგინა

იგი თსუ-ის პროფესორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარეა. ტუღუშს მედიის სფეროში მუშაობის 27-წლიანი გამოცდილება აქვს. ის იყო რამდენიმე მედიასაშუალების მთავარი რედაქტორი. მუშაობს ტელეკომპანია „პალიტრაში“ წამყვანად

კონტექსტი

ბორდის სამ წევრს - ირინა ფუტკარაძეს, გიორგი ნიჟარაძეს და ირაკლი პაპავას, რომლებიც 2016 წლიდან არიან სამეურვეო საბჭოში, ვადა 18 აპრილიდან ეწურებათ. ბორდის წევრობის ვაკანტურ 3 ადგილზე კონკურსი მარტში გამოცხადდა.

თავდაპირველად ბორდის წევრობა 12 ადამიანს სურდა, თუმცა, მოგვიანებით ერთმა მათგანმა - ყოფილმა დეპუტატმა გუგული მაღრაძემ თავისი კანდიდატურა მოხსნა.

7 აპრილს, საკონკურსო კომისიამ 11 მსურველიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის 10 კანდიდატი შეარჩია. კომისიამ მხოლოდ ერთადერთი მსურველი, მაუწყებლის ყოფილი დირექტორი გია ჭანტურია არ წარუდგინა პარლამენტს.

სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესი

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სულ 9 წევრისგან შედგება.
  • მეურვის უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 6 წელია.
  • სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი როტაციის წესით 2 წელიწადში ერთხელ იცვლება.
  • არ შეიძლება, ერთი და იგივე ადამიანი კი მეურვედ ერთ ვადაზე მეტი ხნით აირჩეს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ