წინა წელთან შედარებით ტელევიზიების უმრავლესობის მიმართ ნდობა გაუარესდა - IRI
28.04.2022
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის (IRI) კვლევის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, „პირველი არხის“, „იმედის“, „მთავარი არხისა“ და „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებულ ახალ ამბებისა და პოლიტიკური ინფორმაციების მიმართ ნდობა შემცირდა. „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ მიმართ კი მცირედით გაიზარდა.


რა ხდება?

27 აპრილს გამოქვეყნდა IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც სხვადასხვა თემასთან ერთად მედიასაც მოიცავს. 4-დან 24 მარტის ჩათვლით 1486 რესპონდენტი გამოიკითხა.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

  • ყველაზე რეიტინგული ტელევიზიების მიმართ ნდობა შემცირდა. 
  • საკვლევი ტელეარხების სიას პრორუსული ძალადობრივი ჯგუფის ტელევიზია დაემატა, „ალტ ინფო“, რომელსაც გამოკითხულთა 1% ენდობა.

რიცხვებში

IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა (34%) ტელეკომპანია „იმედს“ ენდობა, მეორე ადგილზე კი 16%-ით, „მთავარი არხია“.

  • საზოგადოების ნდობა ორივე ამ ტელევიზიის შემცირდა გასულ წელთან შედარებით.
  • წელს 13%-დან 9%-მდე შემცირდა „რუსთავი 2-ის“ მაჩვენებელი
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს წელს გამოკითხულთ 2% ენდობა - გასულ წელთან შედარებით 1%-ითაა შემცირებული.

2021 წელთან შედარებით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც „ფორმულას“ და „ტვ პირველს“ ენდობიან.

  • „ფორმულას“ წელს 4% ენდობა - შარშან ეს რიცხვი 2% იყო. „ტვ პირველის“ ნდობა კი 8-დან 11%-მდე გაიზარდა.

2021 წლისგან განსხვავებით, წელს გამოკითხვაში დაემატა ძალადობრივი პრო რუსული ჯგუფის, „ალტ-ინფოს“ ტელევიზია. კვლევის მიხედვით, „ალტ-ინფოს“ ახალ ამბებს და პოლიტიკურ ინფორმაციას გამოკითხულთა 1% ენდობა.

alt

გამოკითხულთა ნახევარი რომ ქართული მედია თავისუფალი არ არის განსხვავებული პოლიტიკური ხედვების გამოხატვაში.

მათი უმრავლესობა ამბობს, რომ ამის მიზეზი ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლაა.

სოციალური მედია

  • გასულ წლებთან შედარებით, გაზრდილია ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა. 
  • ინტერნეტსა და სოციალურ მედიას გამოკითხულთა 70% თითქმის ყოველდღე იყენებს, 19% კი - არასდროს.
  • სოციალური ქსელების მომხმარებლების უმრავლესობა - 97% ყველაზე,ხშირად „ფეისბუქს“ სტუმრობს. 25%- ინსტაგრამს, ხოლო 11% - ტიკტოკს.
alt

კვლევის სხვა მნიშვნელოვანი მიგნებები

  • საერთაშორისო ამბების მისაღებად გამოკითხულთა უმეტესობა, შარშასნდელის მსგავსად ისევ ტელევიზიას ენდობა, თუმცა ეს მაჩვენებელი თითქმის 20%-ით არის შემცირებული.
  • სამაგიეროდ, 1-დან 4%-მდე გაიზარდა ნდობა ქართული ვებ გამოცემების მიმართ.
  • თუ 2021 წელს მეტი გამოკითხული ფიქრობდა, რომ გამოხატვის თავისუფლების ხარისხი გაუმჯობესდა, წელს, თანაბარია იმ ხალხის რაოდენობა, ვინც მიიჩნევს რომ ეს მაჩვენებელი გაუმჯობესდა ან გაუარესდა.
  • ოდნავ არის გაზრდილი იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ მედიის თავისუფლება გაუმჯობესდა.
  • ამავე დროს, გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც მიიჩნევს, რომ მედიის თავისუფლების ხარისხი გაუარესდა.
  • მედიის, როგორც ინსტიტუციის კეთილგანწყობა 4%-ითაა შემცირებული, თუმცა ის მაინც უსწრებს ისეთ ინსტიტუციებს, როგორიცაა სასამართლო, პარლამენტი, პოლიტიკური პარტიები და პრეზიდენტი.
  • საერთაშორისო ამბების შესახებ ინფორმაციას რუსული არხებიდან შარშან 5% იღებდა, წელს კი - 3%, თუმცა მათ მიმართ ნდობის მაჩვენებელი არ შეცვლილა და ისევ 1%-ია.
  • საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად გამოკითხულთა 1%-ზე ნაკლები ასახელებს მედიის თავისუფლებას. შარშან კი მედიის თავისუფლებას 4% მიიჩნევდა ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ