RSF: გადაიხედოს ნიკა გვარამიას განაჩენი
24.05.2022
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “რესპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) “მთავარი არხის” დირექტორისადმი გამოტანილი განაჩენის გადახედვას ითხოვს.

კონტექსტი

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ მედიის უფლებების დამცველი ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციები.

რას წერს RSF?

  • “RSF ითხოვს ოპოზიციური არხის დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ უპრეცედენტო და, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენის გადახედვას.”
  • ორგანიზაცია შემაშფოთებელს უწოდებს საქართველოში დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიის მიმართ მზარდ საფრთხეებს.

“რესპორტიორები საზღვრებს გარეშე” ხაზს უსვამს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც “ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელს საქართველოში პატიმრობა მიუსაჯეს”.

RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი ჟან კაველიე ამბობს:

  • „ასეთი საეჭვო საფუძვლების მქონე საქმეში გამოტანილი განაჩენისა და სასჯელის სიმძიმე მიუთითებს, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული იყო ოპოზიციური მედიის დასუსტების მიზნით“
  • „ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებამ პრესის თავისუფლებაზე თავდასხმების ფონზე გამოავლინა არამხოლოდ გარკვეული უმოქმედობა, არამედ მზადყოფნაც, შეაფერხოს ოპოზიციური ჟურნალისტების მუშაობა.”
  • "მოვუწოდებთ სასამართლოებს დაუყონებლივ ჩაატარონ ნიკა გვარამიას განაჩენის დამოუკიდებელი განხილვა და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო ყველა მედიისთვის საქართველოში“

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” წერს, რომ “მთავარი არხი” ხშირად ხდება ხელისუფლების თავდასხმების სამიზნე და ამის მაგალითებად არხის 111, 303 ლარით დაჯარიმება და თეა წულუკიანისა და კახა კალაძის მიერ “მთავარის” ჟურნალისტების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება მოჰყავს.

ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით 20 მაისს განცხადება გაავრცელა “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა” და “მთავარი არხის” დირექტორის გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა. საერთაშორისო გამოხმაურებებს შეუერთდნენ სხვა ორგანიზაციებიც.

ამ თემაზე ვრცლად: სასაამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა - საქმის დეტალები და შეფასებები

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ