04.10.2022
ასეთი სახელწოდებით და ასეთივე მიზნით — გააუმჯობესოს საქართველოში ქვიარ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და გარემო, 2021 წლის 17 მაისს, ლგბტქი აქტივისტებმა, თამაზ სოზაშვილმა და ნინო ბოლქვაძემ ონლაინ გამოცემა, Queer.ge დააფუძნეს.
"გვინდა, დავანახოთ ხალხს, რომ ყველანი ერთი საზოგადოების წევრები ვართ, იმის მიუხედავად, ვინ გვიყვარს" - ამბობს გამოცემის რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე, რომელიც Queer.ge-ს რედაქციას 2022 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობს. მანამდე ის On.ge-ის მთავარი რედაქტორი იყო.
მედიასტანდარტი და ბალანსი
ხატია ღოღობერიძე, ტელევიზიაში, თუ ონლაინ-მედიაში მუშაობისას, ძირითადად ახალ და მიმდინარე ამბებს აშუქებდა. ბოლო წლებში კი მისთვის მთავარ პრიორიტეტად ადამიანის უფლებები იქცა."ერთი მხრივ არ მინდოდა ჟურნალისტიკიდან აქტივიზმში წასვლა, მეორე მხრივ, მინდოდა, ქვიარებისა და ქალების უფლებებზე მემუშავა და ზუსტად ეს არის Queer.ge. აქ შემიძლია ლგბტქი ადამიანების მდგომარეობა გავაუმჯობესო” - ამბობს ხატია ღოღობერიძე.
გამოცემა ცდილობს, ლგბტქ+ საკითხები ჟურნალისტური სტანდარტებით გააშუქოს ერთი მთავარი პრინციპით - “არ ავნო”. “გვინდა, ჩვენი მუშაობით შევქმნათ მაგალითი: როგორ გავაშუქოთ ლგბტქ+ საკითხები ისე, რომ არავინ დავაზიანოთ, რადგან სტანდარტებს შორის ეს ერთ-ერთი უმთავრესია”, - გვეუბნება რედაქტორი.
მაგალითად, როდესაც გამოცემა წერს რესპონდენტზე, რომელიც დაქამინგაუთდა, სტატიას გამოქვეყნებამდე კარგად განუმარტავს შესაძლო რისკებს: რა შეიძლება მოიტანოს საჯაროობამ, რა შეილება მოჰყვეს ამ ყველაფერს მათ შორის Facebook-ზე.
ამას ყველა მედია უნდა აკეთებდესო - ამბობს ხატია ღოღობერიძე - "არ შეიძლება ლგბტქ+ საკითხებს ისევე აშუქებდე, როგორც პოლიტიკური პარტიებს და თქვა, რომ ერთი მხარეც გააშუქე და მეორეც, რადგან არ არსებობს "ბალანსი" და ლეგიტიმური "მეორე მხარე", როგორც ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პოზიცია. არ შეიძლება თოქ-შოუში მიიყვანო ქვიარ ადამიანი და "არგუმენტებისთვის" დაუსვა ის, ვინც მას ქუჩაში ურტყამს.”
უსაფრთხოება
რედაქციის მისამართი საჯარო არ არის. ეს “მეტწილად ჰომოფობიურ საზოგადოებაში და ასევე, ჰომოფობიისა და ძალადობისკენ წამქეზებელი ხელისუფლების პირობებში” უსაფრთხო არ იქნებოდაო, ამბობს ხატია ღოღობერიძე.უსაფრთხოების კუთხით, რისკები მაინც არსებობს. 2021 წლის ხუთმა ივლისმა აჩვენა, რომ ქვეყანაში ადამიანებს ერთი მხრივ, სექსუალური იდენტობის გამო ესხმიან თავს, მეორე მხრივ კი თავდასხმის სამიზნეა, მედიაც. Queer.ge-კი ორივე მხრივ რისკის ქვეშაა.
“მაგრამ ეს არ გვაფერხებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩვენი საქმიანობით შეგვიძლია შევცვალოთ რეალობა" - ამბობს გამოცემის რედაქტორი.
დაფინანსება
8 ავტორისგან შემდგარი სარედაქციო გუნდი სტატიებს ქართულად, რუსულად და ინგლისურად აქვეყნებს.“ქვიარი” დონორების ფინანსური მხარდაჭერით ფუნქციონირებს, მაგრამ კომერციული განვითარების გეგმაც აქვთ. ხატიას იმედი აქვს, რომ გამოცემის ქვიარ თემატიკა ბიზნესს არ დააბრკოლებს.
"კომპანიებს, რომლებიც დღეს ხმამაღლა გველაპარაკებიან თანასწორობაზე, შეუძლიათ ნამდვილად გადადგან ნაბიჯი თანასწორობისკენ და არ შეშინდნენ, რომ ჩვენთან რეკლამის მოტანის გამო ვინმე გააკრიტიკებს. მგონია, ეს ერთგვარი გამოწვევაც კი შეიძლება იყოს ბიზნესისთვის", — ამბობს "ქვიარის" რედაქტორი.
ინფორმაცია პოზიტიური ცვლილებებისთვის
"ქვიარში" სჯერათ, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლა ქვიარ საკითხების მიმართ ინფორმაციის მიწოდების გარეშე, შეუძლებელია - სწორი ინფორმაცია ადამიანებში არარაციონალურ შიშებს ამარცხებს, ამიტომაც საგანმანათლებლო სტატიები გამოცემის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.“ერთ-ერთი რესპონდენტი გვიყვებოდა თავისი ბარის შესახებ, სადაც ხშირად უნახავს ჰომოფობები, რომლებიც რაღაც პერიოდის შემდეგ შეიცვალნენ. ისინი შეიცვალნენ, რადგან ეს ბარი, ლგბტქი ადამიანების მიმართ მეგობრულია და ნახეს, რომ ქვიარ ადამიანების შესახებ მათი წარმოდგენები, რაც ემყარებოდა ხელისუფლების, საპატრიარქოს ან ცალკეული ძალადობრივი ჯგუფების განცხადებებს, არასწორი იყო", - ჰყვება ხატია ღოღობერიძე.
გამოცემა მხოლოდ პრობლემებსა და გამოწვევებზე არ წერს. ლგბტქი ადამიანების მიღწევების გაშუქება მათთვის არანაკლები პრიორიტეტია, რადგან "თემში ბევრი წარმატებული ადამიანია და მათთვის ბევრად რთულად მოდის ეს წარმატება, ვიდრე სხვებისთვის."
გამოცემაში ამისთვის სპეციალური რუბრიკაა შექმნილი — "ქვიარი ამბობს", სადაც ადამიანები საკუთარ თავზე საუბრობენ. ამ რუბრიკაში ბევრ წარმატებულ ადამიანსაც ნახავთ. პრობლემებზეც საუბრობენ, რომელიც მათ, როგორც ქვიარ ადამიანებს აქვთ, მაგრამ ამ პრობლემებს შორის ხშირად არის ისეთი საკითხებიც, რაც ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება აღელვებდეს გენდერული, ან სექსუალური იდენტობის მიუხედავად. ეს იქნება სიღარიბე, ინფლაცია, ოკუპაცია, გარემო, თუ სხვა საკითხები.
ხატია ღოღობერიძის თქმით, გამოცემის კიდევ ერთი მიზანია, ადამიანები გააცნოს საზოგადოებას არა მხოლოდ მათი იდენტობის, არამედ შეხედულებების გამო, “რადგან თემში ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობაა ნებისმიერ თემაზე — იდეოლოგიებზე, თუ პოლიტიკაზე, და ეს სრულიად ნორმალურია. გოგოები მოგწონს, თუ ბიჭები, ეს ვერ იქნება იდეოლოგიის, სოციალურ, თუ პოლიტიკურ საკითხებზე შენი მოსაზრებების განმსაზღვრელი და ჩვენ ამის ჩვენებასაც ვცდილობთ".
"ქვიარი" და პოლიტიკა
ლგბტქი ადამიანების ცხოვრებისა და უსაფრთხოების ხარისხზე პოლიტიკა უდიდეს გავლენას ახდენს. მით უფრო, რომ ლგბტ+ ადამიანებს ჯერ კიდევ უწევთ ბრძოლა ისეთი ფუნდამენტური უფლებებისთვის, როგორიცაა, მაგალითად:- დისკრიმინაციული მიდგომები შრომით ურთიერთობებში;
- ანტიდისკრიმინაციული კანონების მიღებისათვის ბრძოლა;
- ჰომო/ბი/ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების;
- რეგულაცია სამართალში;
- ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა
ბევრ ასეთი საკითხის პოზიტიური ცვლილება იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის აირჩევს ხალხი და როგორი იქნება პოლიტიკური აქტორების მიდგომები ლგბტქი ადამიანების, და ზოგადად, ადამიანის უფლებების მიმართ. ამის გათვალისწინებით, ჩვენ Queer.ge-ს რედაქტორს პოლიტიკაზეც ვკითხეთ.
"როდესაც ვამბობ, რომ ლგბტ თემში ბევრი სადისკუსიო საკითხია, ერთ-ერთი სწორედ პოლიტიკაა. ვინ როგორ შეიძლება წარმართოს პოლიტიკა ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ამაზე ყველას საკუთარი შეხედულება აქვს და აზრებიც გაყოფილია, რაც სრულიად ნორმალურია.
“ქვიარის” ერთ-ერთი მიზანი სწორედ ლგბტქ+ ადამიანებისთვის ღია სადისკუსიო სივრცის შექმნაა.
"გვინდა, "ქვიარი" იყოს მედია, სადაც ერთი მხრივ, ქვიარ ადამიანებს ექნებათ ღია დისკუსია პოლიტიკაზე და “მეორე მხრივ — პოლიტიკოსები შემოვიყვანოთ "ქვიარში" და გავიგოთ, რას ფიქრობენ ისინი. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან ამომრჩეველს შორის ბევრი ქვიარია და, სულ რომ არ იყოს ადამიანი ქვიარი, მას აქვს უფლება იცოდეს, რას ფიქრობს ესა თუ ის პოლიტიკოსი. თუ პოლიტიკოსი ჰომოფობია, ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ შესაბამისად მივიღოთ გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთთან". - ამბობს “ქვიარის” რედაქტორი.