როგორ შეიძლება შეცვალოს "ფორმულას" მომავალი კანონმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ"
29.11.2022
"ქართული ოცნების" წარდგენილი კანონპროექტი "დეოლიგარქიზაციის შესახებ", ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. ამისკენ მმართველ პარტიას, ოპოზიციასთან ერთად, დასავლელი დიპლომატებიც მოუწოდებდნენ. "ოცნების" კანონპროექტი უკრაინული კანონის ანალოგია და შესაძლოა, იმდენადვე შეეხოს მდიდარ, გავლენიან ადამიანებს, რამდენადაც — მედიას.

რატომ გვაინტერესებს ეს თემა?

"ამ კანონის მიზანია პოლიტიკოსთა, მედიისა და მსხვილი ბიზნესის შერწყმის შედეგად წარმოშობილი ინტერესთა კონფლიქტის დაძლევა და ადამიანის ძირითადი უფლებების, დემოკრატიისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა", — ასე აღწერეს კანონპროექტის მიზანი ავტორებმა. შესაბამისად, კანონპროექტს, კანონად ქვევის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოს მედიაგარემოზე.

ის საქართველოს კონტექსტში აჩენს კითხვას: ხომ არ დააზიანებს მედიას, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთ ფუნდამენტს.

რა პრობლემაა?

  • კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ "აქსიომაა, რომ "დეოლიგარქიზაციის კანონი" ივანიშვილზე არ გავრცელდება და ისიც აქსიომაა, რომ ამ კრიტერიუმებით, კეზერაშვილია ოლიგარქი."
  • "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ "ოლიგარქი ივანიშვილი კი არა, სააკაშვილი და კეზერაშვილი არიან".
  • დავით კეზერაშვილი საქართველოში ერთ-ერთ დიდ ტელეკომპანიას, "ფორმულას" დამფუძნებელია და 51%-ით, არხის საკონტროლო პაკეტს ფლობს.
  • შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, ხომ არ იქნება ეს კანონპროექტი მიმართული ოპოზიციური მედიის წინააღმდეგ.

როგორ განისაზღვრება, ვინ არის ოლიგარქი?

დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია ევროკომისიის იმ 12 რეკომენდაციას შორის, რომელმაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა განსაზღვროს.

კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქი შეიძლება იყოს ის, ვინც ამ ოთხიდან სამ კრიტერიუმს მაინც აკმაყოფილებს:
  • მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში;
  • მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე;
  • არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია;
  • თუ მისი ქონება მილიონჯერ მეტია საარსებო მინიმუმზე.
გაურკვევლობა:
ავტორებს კანონპროექტში არ დაუკონკრეტებიათ, რა ბედი ეწევა მედიას, თუ კანონი მის მფლობელს ოლიგარქად ცნობს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და "ქართული ოცნების" წევრმა, დავით მათიკაშვილმა გვითხრა, რომ ამაზე ვერავინ გვიპასუხებს, და "თუ ასეთი შედეგი დადგება, ეს იქნება ინდივიდუალურად განსახილველი შემთხვევა, რასაც შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანო, ანუ — მთავრობა შეაფასებს."

კანონპროექტი, მედიის ნაწილის გარდა, აკონკრეტებს სხვა შემთხვევებს, თუ რა აეკრძალება ოლიგარქად დასახელებულ პირს.

ჩამონათვალშია:
  • პოლიტიკური პარტიების მატერიალურ-ფინანსური მხარდაჭერა;
  • პოლიტიკური კამპანიების დაფინანსება;
  • პოლიტიკური დემონსტრაციების დაფინანსება;
  • ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზების პროცესში მონაწილეობა;
"თუ [სახელმწიფოს მიერ ოლიგარქად ცნობილი პირი] პოლიტიკურ პროცესებს ჩამოშორდება, მისი აქტუალურობა მედიასთან მიმართებაში იკლებს. კანონში კონკრეტულად მედიაზე იმიტომ არ წერია, რომ ამას თავისთავად გაეცემა პასუხი", — გვითხრა დავით მათიკაშვილმა.

მდიდრების პოლიტიკა და მედია

"უფრო სავარაუდოა, რომ ამ კანონპროექტის მიზანი, პოლიტიკურად მოწინააღმდეგე მდიდარ ადამიანზე თავდასხმა და "გაჩერებაა", — ამბობს პლატფორმა "კომენტარის" რედაქტორი, იურისტი, მერაბ ქართველიშვილი - "ოპოზიციას უნდა, კანონპროექტის შედეგები მხოლოდ ივანიშვილთან მიმართებით დადგეს, ხელისუფლებას, პირიქით - შეეხოს ყველას, ივანიშვილის გარდა, და განსაკუთრებით, კეზერაშვილს."

"სამწუხაროა, რომ მედიები, საჯარო ინტერესზე მეტად, კონკრეტული პირების ინტერესებს ემსახურებიან და მათ უმეტესად, მდიდარი ადამიანები ფლობენ. ამის მაგალითებია: ბადრი პატარკაციშვილის "იმედი", ბიძინა ივანიშვილის "მეცხრე არხი", ზაზა ოქუაშვილის "იბერია", კობა ნაყოფია, რომელიც "რუსთავი 2"-ს აფინანსებდა. ასეთივე შემთხვევაა კეზერაშვილის "ფორმულა". ამ მდიდარ ადამიანებს ყოველთვის ჰქონდათ და აქვთ პოლიტიკური ინტერესი. ოლიგარქების რეესტრის შექმნა შესაძლოა, კავშირში იყოს ხელისუფლების სურვილთან, შეასუსტოს ოპოზიციური მედიები, რაც ძალიან ცუდი და არასწორი მიდგომაა და არც დეოლიგარქიზაციის ნაწილში მოიტანს შედეგს", — ამბობს ქართველიშვილი.

უკრაინის კონტექსტი

უკრაინის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და უსაფრთხოების პროცესებზე ოლიგარქების დიდმა გავლენებმა ქვეყანაში დეოლიგარქიზაციის კანონის მიღების აუცილებლობა შექმნა, თუმცა კანონპროექტს მოწინააღმდეგეები ჰყავდა როგორც ოპოზიციაში, ასევე არასამთავრობო სექტორში.

უკრაინულ ანტიოლიგარქიულ კანონზე ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა ვენეციის კომისიის დასკვნა, შესაბამისად უცნობია, რა ხარვეზებს ხედავენ ევროპელი სამართლის ექსპერტები მასში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გაართულა, იმის გაზომვა, თუ რა გავლენა იქონია უკრაინულ მედიაზე ქვეყანაში მიღებულმა ამ კანონმა.

ამის მიუხედავად, გვაქვს რინატ ახმეტოვის მაგალითი:
  • ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი კანონმა აიძულა, სახელმწიფოსთვის ეჩუქებინა "მედია ჯგუფი უკრაინა", რომელიც რამდენიმე სპორტულ და გასართობ არხთან ერთად, საინფორმაციო არხებსაც ფლობდა და მათ შორის, 1+1 და Україна 24.
  • ამ გადაწყვეტილებით, მან თავი დაიზღვია, არ შეხებოდა ანტიოლიგარქიული კანონი.
  • ომის დაწყებამდე 1 წლით ადრე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა, რაც მილიარდერმა უარყო.
პოლიტიკასა და ეკონომიკაზე ოლიგარქების აშკარა გავლენა მღელვარებას იწვევდა თეთრ სახლში, ბარაკ ობამას დროსაც და ახლაც, ბაიდენის პრეზიდენტობისას. მათი გზავნილების მიხედვით, უკრაინაში ოლიგარქია კვებავდა კორუფციას და ასუსტებდა ინსტიტუტებს.

2021 წლის მარტში, აშშ-მა მედიამფლობელს, ოლიგარქ იგორ კოლომოისკის დაუწესა სანქციები, "უკრაინის ზედმეტად ძლიერი ოლიგარქიული ელიტის წინააღმდეგ" და მართლმსაჯულების სექტორის რეფორმებისადმი მხარდაჭერის გამოხატულების ნიშნად.

"მედია, ოლიგარქებისთვის პოლიტიკური ბერკეტია, შეუტიონ ოპონენტებს. ოლიგარქები, მედიაზე კონტროლის საშუალებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დისკურსებისა და ცნობიერების ფორმირებაში", — უთხრა "ალ ჯაზირას" 2016 წელს, ყოფილმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა და იმ დროისათვის დეპუტატმა სერგეი ლუშჩენკომ.

საქართველო: კეზერაშვილი, ოლიგარქთა რეესტრი და "ფორმულა"

"თუ "ფორმულას" ამგვარი ბრუტალური მეთოდებით "წაიღებენ", ჩვენც გადავდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს. როდის, რა ფორმითა და მასშტაბით — ინტერნეტმაუწყებლობით, თუ სატელევიზიო ფორმატში, ცხადია, გვაქვს გეგმები და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ", — ამბობს გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე.

სააკაშვილის ხელისუფლების თავდაცვის ყოფილ მინისტრს კეზერაშვილს, პროკურატურა "წვრთნების საქმეზე" 5 მილიონის გაფლანგვაში დებდა ბრალს და 2021 წლის სექტემბერში, უზენაესმა სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

გუმბარიძე აღნიშნავს, რომ არხის დამფუძნებლის წინააღმდეგ კიდევ ერთი სასამართლო დავა მიმდინარეობს, "რომელიც სინამდვილეში, "ფორმულას" წინააღმდეგაა მიმართული".

"თუ ამ სასამართლო პროცესში გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, არხის დასაცავად მივმართავთ როგორც ევროპული სასამართლოს, ასევე, ყველა სხვა ბერკეტს. ამავე ხასიათისაა ანტიოლიგარქიული კანონიც, არ ვიცით, როგორ მოხდება მისი იმპლემენტაცია და რა ეფექტით აისახება "ფორმულაზე". დაველოდებით და ამის მიხედვით გადავწყვეტთ ჩვენს სამოქმედო გეგმას დავით კეზერაშვილთან ერთად", — გვითხრა გუმბარიძემ.

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ