რა ვიცით Bellingcat-ზე, რომელიც სააკაშვილის საქმით დაინტერესდა
11.01.2023

რა ხდება?

10 იანვარს, ტელეკომპანია "დოჟდის" ეთერში, საერთაშორისო გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "Bellingcat"-ის ხელმძღვანელმა ხრისტო გროზევმა თქვა, რომ პლატფორმა მზად არის, საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შესთავაზოს დახმარება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის საქმის გამოძიებაში.

რას სთავაზობს გროზევი ქართველ სამართალდამცავებს?

  • მონაცემების გადამოწმებას საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით:
"მზად ვართ დაგეხმაროთ, თუ მათ [სამართალდამცავ უწყებებს] სურთ გაგვიზიარონ მონაცემები — საეჭვო ადამიანების ნებისმიერი გადაადგილება, საზღვრის გადაკვეთა და ყველაფერი, რაც მათი აზრით, საჭიროებს დამატებით გადამოწმებას“.
  • შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნის მიხედვით:
"ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არსებობს ჰიპოტეზა მოწამვლის შესახებ. არსებობს მოტივიც: მიხეილ სააკაშვილი შედის იმ ადამიანების წრეში, ვინც "ГРУ"-ს (რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს) და "ФСБ" (რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის) და სხვა რუსული სამსახურების მტრების სიაშია".

ამასთან, გამომძიებელი ჟურნალისტი ამბობს, რომ:
  • Bellingcat-ში გაეცნენ ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნას;
  • გაიარეს კონსულტაცია რუს ექსპერტებთან, ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით;
  • მივიდნენ დასკვნამდე, რომ დასაშვებია სააკაშვილის მძიმე მეტალებით მოწამვლის ვერსია.

რატომ დაინტერესდა Bellingcat-ი სააკაშვილის საქმით?

მიხეილ სააკაშვილის მიმართვის გამო. სააკაშვილის ოფიციალურმა ფეისბუკ გვერდზე 2023 წლის 4 იანვარს გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც ხრისტო გროზევს დახმარება საჯაროდ სთხოვა.

"ამერიკული ლაბორატორიის და ცნობილი ნიუ იორკელი ტოქსიკოლოგის მიერ დადგინდა, რომ მარტში ვიყავი მოწამლული ციხეში", — წერს სააკაშვილი და გამომძიებელ ჟურნალისტს სთხოვს, მოწამვლის საქმესთან ერთად, ამ საკითხებით დაინტერესდეს:

  • გამოიძიონ რუსეთისა და რუსეთთან აფილირებული მოძრაობები საქართველოში;
  • გამოიძიონ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული ფარული ოლიგარქიული სქემები.

"დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ არის საპოვნელი, რაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება ჩემი სიცოცხლის გადარჩენისთვის", — წერია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

რა ვიცით ხრისტო გროზევის შესახებ?

  • ხრისტო გროზევი არის ბულგარელი გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც Bellingcat-ს ხელმძღვანელობს.
  • 2022 წელს, რუსეთმა ის ძებნილთა სიაში დაამატა — რუსეთის შს სამინისტროს მიხედვით, გროზევი "სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით იძებნება".
რატომ?
ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია OVD-Info-ს ცნობით, ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე რუსეთის არმიის შესახებ “ყალბი ამბების” გავრცელებას ეხება. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთმა თავისი არმიის შესახებ “ყალბი ინფორმაციის” გავრცელების კრიმინალიზება დაიწყო.
მეტი ამ თემაზე ნახეთ აქ 

გამომძიებელ ჟურნალისტს არაერთი თემა აქვს გაშუქებული. მათ შორის, რუსეთის ჩართულობა საერთაშორისო კრიმინალში.
ასევე:
  • 2014 წელს მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდება აღმოსავლეთ უკრაინაში;
  • 2018 წელს სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლა გაერთიანებულ სამეფოში;
  • 2020 წელს ალექსეი ნავალნის მოწამვლა;
  • გროზევი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ომის დანაშაულებს აშუქებს.

რა ვიცით Bellingcat-ის შესახებ?

Bellincgat მკვლევრების, გამომძიებელი და მოქალაქე ჟურნალისტების დამოუკიდებელი საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელიც თანამშრომლობს პროფესიონალებთან 20-ზე მეტ ქვეყანაში.

ისინი იძიებენ სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, ქიმიური იარაღის გამოყენებს, კონფლიქტებს, ქიმიურ თავდასხმებს სირიაში და ა.შ.

"ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პუბლიკაციები მოიცავდა: მთავარი ეჭვმიტანილის იდენტიფიცირებას რუსეთ-უკრაინის საზღვართან, მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის, MH17-ის ჩამოგდებისას (*2014 წელი, ბორტზე 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა), ასევე, სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილთა იდენტიფიცირებას", — ვკითხულობთ მათ ვებგვერდზე.

ჯილდოები

Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფმა სხვადასხვა დროს მრავალი პრიზი და ჯილდო მიიღო. მათ შორის:
  • ევროპის პრესის პრიზი ინოვაციისთვის 2017 წელს;
  • ევროპის პრესის პრიზი გამოძიებისთვის 2019 წელს;
  • ლონდონის პრესკლუბის ჯილდო ციფრული ჟურნალისტიკისთვის 2019 წელს;
  • პოლიტიკური კვლევების ასოციაციის ჯილდო წლის პოლიტიკური პოდკასტისთვის 2019 წელს.

ვინ აფინანსებთ?

Bellingcat დაფინანსებას გრანტის სახით იღებს, მათ შორის, ამ ორგანიზაციებისგან:

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ