სამთავრობო მედიის როლი, გავლენა და პასუხისმგებლობა საგარეო პოლიტიკის შესაძლო ცვლილებაზე
25.01.2023
2023 წლისთვის, მმართველ პარტიას, "ქართული ოცნებას" რამდენიმე პოპულარული სატელევიზიო არხის საინფორმაციო პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენა აქვს.

ამ ტელევიზიების რეიტინგების ჯამი, ქართული სატელევიზიო ბაზრის უდიდეს წილს მოიცავს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი პროსახელისუფლებო, და შესაბამისად, ბოლო პერიოდის სამთავრობო საგარეო კურსის კვალადაკვალ, ანტიდასავლური კამპანიის გავლენა ფართო აუდიტორიაზე.

ამ არხებიდან, ზოგი ღიად უცხადებს მხარდაჭერას "ოცნებას", ზოგმა კი საინფორმაციო პოლიტიკის პრიორიტეტად, მმართველი პარტიის ძირითადი პოლიტიკური ოპონენტის — "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ მიმართული კურსის შესახებ განაცხადა.
  • ზოგიერთ მაუწყებელს ღიად არ აქვს დეკლარირებული პოლიტიკური გემოვნება, თუმცა, მათ საინფორმაციო-ანალიტიკურ პროგრამებზე დაკვირვება მთავრობის მიმართ მეტწილად კეთილგანწყობას აჩვენებს.
საგულისხმოა, რომ:
  • ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის კრემლისტური პროპაგანდის დაფარვის არეალი ქართულ სატელევიზიო სივრცეში.

რატომ უნდა გვაინტერესებდეს ეს საკითხი?

  • გავლენიანი მედიები, მხარს უჭერენ სამთავრობო გზავნილებს და უკრაინა-რუსეთის ომის კონტექსტში ავრცელებენ აზრს, რომ "მათ საქართველოს ომში ჩართვა სურთ."
  • არგუმენტები, ხშირ შემთხვევაში, თანხვედრაშია რუსულ პროპაგანდასთან.
ხელისუფლების ერთგულებით, ამ გზავნილების გავრცელებამ, ტელევიზიების ნაწილი რუსული პროპაგანდისტული იდეების ერთგვარ სიტუაციურ მოკავშირედაც აქცია.

მოკლედ: როგორ მოძლიერდა რუსული პროპაგანდა ქართულ სამაუწყებლო მედიაში?

  • 2010 წელს დაფუძნდა "ობიექტივი", რომელიც კავშირშია "პატრიოტთა ალიანსთან", ღიად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიასთან;
  • 2015 წელს საქართველოში ქართულ ენაზე დაიწყო მაუწყებლობა რუსული პროპაგანდისტული იდეების გამტარებელმა არხმა. მაუწყებელი, სახელწოდებით "პირველი გასართობი", რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისგან, "ო-ერ-ტე"-სგან ფინანსდებოდა და მუშაობა შეაჩერა 2022 წელს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც "ო-ერ-ტე" საერთაშორისოდ სანქცირებული კომპანიების ჩამონათვალში მოხვდა;
  • 2017 წლიდან კონსერვატიული ღირებულებების მხარდაჭერის მოტივით, სოციალურ მედიაში გამოჩნდა ბლოგები და ვლოგები, რომლებშიც ლიბერალური იდეებისა და ღირებულებების დისკრედიტაციას ემსახურებოდა;
  • 2019 წლიდან მაუწყებლობა დაიწყო ტელეკომპანიამ "პოსტივი" — ღიად სახელისუფლებო არხმა, რომელიც 2022 წლიდან ღიად ანტიდასავლური პარტიის, "ხალხის ძალის" მხარდამჭერი მედია გახდა;
  • 2021 წლის სექტემბერში, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ეროვნული მაუწყებლობის უფლება მიანიჭა ტელეკომპანია "ალტ ინფოს", ღიად პრორუსულ არხს, რომელმაც მანამდე, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქცია დააორგანიზა.

თვალშისაცემია, რომ სამთავრობო არხებზე ანტიდასავლური პროპაგანდის ხმა მთავრობის მიმართ ერთგულებით განწყობილი ექსპერტების, ფილოსოფოსების, თუ ანალიტიკოსების სახითაც ისმის. მათი კომენტარები კი, ვრცელდება არამხოლოდ ტელეეთერით, ამ არხების ციფრული არხებითაც.

თამარ კინწურაშვილთან, მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან შევეცადეთ გაგვეანალიზებინა, რა არის დემოკრატიული ინსტიტუტების საწინააღმდეგოდ მიმართული პროპაგანდის ხელსაწყოები, მიზნები და მედიის როლი მის გავრცელებაში.

მოკლედ, თამარ კინწურაშვილის შესახებ:
  • კინწურაშვილი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • ხელმძღვანელობს მედიის განვითარების ფონდს (MDF) და იკვლევს რუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციას;
  • 2009/10 წლებში იყო პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში; 2010 წლიდან, მომდევნო 3 წელი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო;
  • მანამდე კი, 2005/09 წლებში საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელმძღვანელობდა; კინწურაშვილი, 2002/05 წლებში არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტში" მუშაობდა;
  • იყო საპარლამენტო კორესპონდენტი, შემდეგ კი პოლიტიკის რედაქტორი გამოცემისთვის "დრონი".

მოკლედ, ინტერვიუს ძირითადი ფრაგმენტების შესახებ:

  • "მედია მუდმივი სამიზნეა და ამოცანაა, გაანადგურონ ის, როგორც ინსტიტუტი";
  • "საქართველოში მედია არ არის იდეალური და თვითკმარი. ყოველთვის ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ინტერესები უზრუნველყოფდა მედიაპლურალიზმს";
  • "ძლიერი, დამოუკიდებელი მედიაა იმის გარანტია, რომ დაიბრუნოს საზოგადოების ნდობა";
  • "კრიტიკულ მედიას ეთიკურ სტანდარტებზე დაფიქრება და თვითრეგულირების პრაქტიკის გაძლიერება მართებს";
  • "რადიკალური ჯგუფები იყენებენ დემოკრატიას დემოკრატიის წინააღმდეგ";
  • "ხელისუფლება საფრთხეს ხედავს არა რუსეთში, არამედ დემოკრატიულ ინსტიტუტებში";
  • "ყველა დაინტერესებული მხარე ცდილობს, ვიღაცას რაღაც იარლიყი მიაკრას და ამ პროცესში რთულია სიმართლის პოვნა";
  • "მედიამ, გინდ სახელისუფლებომ, გინდაც ოპოზიციურმა, უნდა გააცნობიეროს, რომ თავად არის ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე";

"ძალადობის დაუსჯელობაა პრობლემა და არა "ალტ ინფოს", როგორც არხის შინაარსი"

"ალტ ინფოს" გაძლიერებაც და მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებაც, "ქართულ ოცნებას" უკავშირდება. ხელისუფლება ხეირობს ამ ვითარებით, რადგან ამით ეუბნება დასავლეთს: ერთი მხრივ, ქვეყანაში მყავს რადიკალური "ნაცმოძრაობა", რომელსაც არ სურს ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილება, და მეორე მხრივ, მყავს სხვა რადიკალი მოძალადეები, რომლებიც ქუჩაში სცემენ ჟურნალისტებს, მე კი მათ შორის ყველაზე კარგი ვარო.

ხშირად ამბობენ, "ალტ ინფო" ავკრძალოთო. თუ ჩვენ შემოვიღებთ ამ აკრძალვას, ეს იქნება ძალიან სარისკო, რადგან საქმე გვაქვს ქართულენოვან შინაარსთან. საქმე ისაა, რომ "სპუტნიკს" ან თუნდაც, "რაშა თუდეის", ნაკლები ლეგიტიმაცია აქვს, რადგან ყველამ იცის, რომ ფორმალურადაც კი, ისინი კრემლის მიერ დაფუძნებული არხებია. ამიტომაც ავრცელებენ რუსულ პროპაგანდას ქართველი აქტორების ხელით, რადგან ასე უფრო ფარულია და შესაძლოა, გაუჭირდეს აუდიტორიას ჩანაფიქრის იდენტიფიცირება. მაგრამ თუ ავკრძალავთ "ალტ ინფოს", ამას, როგორც პრეცედენტს, ძალიან ცუდად გამოიყენებს ხელისუფლება კრიტიკული არხების წინააღმდეგ.

პრობლემაა ის, რომ ძალადობის ორგანიზატორები არ დაისაჯნენ და არა — არხის შინაარსი, რადგან ჩვენს ქვეყანაში ძალადობით მოტივირებული დანაშაული დასჯადია. ხელისუფლებამ კი, ხელი შეუწყო მათ გაფართოებასა და ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურის განვითარებას. პრობლემურია ისიც, რომ ძალიან არაგამჭვირვალეა ამ არხის დაფინანსების წყაროებიც.

უნდა გვახსოვდეს, რომ ამ არხის გარკვეული წამყვანები წლების წინ "პოსტივიზეც" მუშაობდნენ. მათ შორის, ზურა მახარაძეც, რომელიც სხვა პლატფორმაზეც წერდა: მზად უნდა ვიყოთ მომენტისთვის, როდესაც ჩვენს რეგიონში ამერიკის გავლენა შესუსტდება და საქართველოს მოუწევს გეოპოლიტიკური არჩევანის გაკეთება და დასრულდება ზურაბ ჟვანიას ხანა — მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელიო. ეს ნარატივი ისმოდა იგივე "პოსტივის" პლატფორმიდანაც, რასაც ცხადია, პლურალიზმით ხსნიდნენ.

"როდესაც ამერიკის ელჩს ეძახი, რომ ის გითრევს ომში, ეს რევს სურათს"

რუსეთთან დაკავშირებული აქტორები — "ალტ ინფო" და სხვები, იყენებენ ომის შიშს. ვხედავთ, რომ ასევე მეთოდს მიმართავს ხელისუფლებაც და ომის მიმართ ადამიანების ბუნებრივ შიშს, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის იყენებს.

როდესაც ამერიკის ელჩს ეძახი, რომ ომში გითრევს, ეს რაღაცნაირად რევს სურათს. ვინ არის შენთვის საფრთხე? რუსეთი, თუ ამერიკა, რომელიც ეხმარება შენს ჯარს, რომ იყო ინსტიტუციურად ძლიერი.

იმის მიუხედავად, რომელი აქტორისთვის რა არის მოტივაცია: "ალტ ინფო" კრემლთან არის შეკრული და ამიტომ აკეთებს ამას და "ქართული ოცნება" იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, მიზანი მნიშვნელობას კარგავს, რადგან შედეგი არის ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე.

"მედია მუდმივი სამიზნეა და ამოცანაა, გაანადგურონ ის, როგორც ინსტიტუტი"

ახლა არაფორმალური მმართველობის ფაზაში ვართ და მგონია, ეს პროცესები პიროვნულად, პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებას უკავშირდება. თუ ვსაუბრობთ, რა არის საფრთხე ქვეყნისთვის, ისინი საფრთხეს ხედავენ არა რუსეთში, არამედ დემოკრატიულ ინსტიტუტებში, ამიტომ ყველა ინსტრუმენტს ამ დემოკრატიული ინსტრუმენტების წინააღმდეგ იყენებენ.

ეს შეეხება ზოგადად ქართულ მედიასაც, ცხადია, ის არ არის იდეალური. არასდროს ყოფილა თვითკმარი და იყო და არის პოლარიზებული. საქართველოში ყოველთვის ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ინტერესები უზრუნველყოფდა მედიაპლურალიზმს და ამიტომაც არის მუდმივად პოლიტიკური დარტყმის ქვეშ, რომელსაც ახლა უკვე ფიზიკურადაც თავს ესხმიან რადიკალური ჯგუფები. ამ ძალადობრივ ნიადაგს კი ხელისუფლება ქმნის და ახალისებს მათ. ეს გამოწვევები რთულ მოცემულობას ქმნის მედიაგარემოსთვის, რადგან ის არის მუდმივი სამიზნე და ამოცანაა, გაანადგურონ, როგორც ინსტიტუტი, რაც ავიწროებს სივრცეს პროფესიული განხილვებისთვის.

"დემოკრატიული ინსტიტუტების გამოყენება — დემოკრატიის წინააღმდეგ"

რადიკალურმა ჯგუფებმა დაიწყეს დემოკრატიული ინსტიტუტების გამოყენება დემოკრატიის წინააღმდეგ. იგივე, ზურა მახარაძეც საუბრობდა, რატომ არ გვაქვს კონსერვატიული არასამთავრობო ორგანიზაციებიო (NGO). გარკვეული იდეების რეალიზების მიზნით, დაიწყეს შემოწირულების კამპანიებით (Fundraising) დაფინანსების წყაროების მოძიებაც. ხოლო ხელისუფლებამ, გარდა ამ არხებისა, დაიწყო ფორმალური და არაფორმალური ინსტიტუტების გამოყენება და პარალელური ინსტიტუტების შექმნა გონგო (*მთავრობის მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციები) NGO-ების სახით.

მათ არ უნდათ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია. უნდათ მხოლოდ მათ მიერ კონტროლირებადი არასამთავროები. ქართულმა ოცნებამ დუბლირებაც დაიწყო ინსტიტუტების.

მას შემდეგ, რაც "ფეისბუქთან" დავიწყეთ თანამშრომლობა და გაიზარდა ფაქტების გადამოწმების გავლენა, თავადვე შექმნეს პარტიული ფეისბუქგვერდი სახელწოდებით - "სინამდვილეში". კომიკურია ეს, რადგან როდესაც ამ პლატფორმაზე ქვეყნდება არჩევნების პროცესთან დაკავშირებით "ვოჩდოგი" ორგანიზაციების (*ტერმინი აღნიშნავს ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებიან საჯარო პირებისა და ინსტიტუტების ქმედებებს) განცხადება და მას "მიკრული" აქვს, რომ ანტიდემოკრატიული კამპანიაა. არასამთავროების ფუნქციაა, გააკრიტიკოს, მოდარაჯე ძაღლის ფუნქცია შეასრულოს და აჩვენოს ნაკლოვანებები, რაც არჩევნების დროს ხდება. ესაა დემოკრატია, მათ კი "არადემოკრატიული იარლიყი" მიაკრეს. თავისთავად, ეს კომიკურია. იყენებენ სხვა იარლიყებსაც, როგორიცაა — "ანტიქართული", "ანტირელიგიური". ამით ცდილობენ გააუფასურონ ყველაფერი, რომ გადღაბნონ სურათი და გააჩინონ უნდობლობა, ასეთ დისკრედიტაციისკენ მიმართულ კონტენტს კი, პარტიული აქტივის დახმარებით ავრცელებენ.

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამაც შექმნა "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" ალტერნატიული პლატფორმა "მედიაკრიტიკა", რომელსაც აქვს უფრო მეტი ფინანსური რესურსი, ვიდრე "ქარტიას". მასალების გასავრცელებლად მათი ყველა პოსტი სპონსორდება, რაშიც იხარჯება ფული. პირველ ეტაპზე ამ პლატფორმას "ობიექტივის" ყოფილი რედაქტორი ხელმძღვანელობდა, ის ადამიანი, რომელიც ანტიდასავლურ პროპაგანდაში იყო ჩართული. არასამთავრობო სექტორისგან კრიტიკის შემდეგ შეალამაზეს ეს პლატფორმა და ახლა ისეთი ბრუტალური აღარ არის, როგორიც იყო.

მათი არსებობის კიდევ ერთი მიზანია იმის ჩვენება, რომ აი, არ მუშაობს კერძო მაუწყებლებში თვითრეგულირების მექანიზმი და საზოგადოებას გამოსავლის სახით აწვდიან კანონმდებლობის ცვლილების აუცილებლობას, რასაც მოჰყვა კიდეც ისეთი ტიპის კანონპროექტები, რომლებიც თვითრეგულირების საპირისპიროდ — სახელმწიფოს კერძო მაუწყებლებზე რეგულირების სფეროს უზრდის.

როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ იყენებს ხელისუფლება დემოკრატიას დემოკრატიისავე წინააღმდეგ, ამის კიდევ ერთი მაგალითია სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურებიც (სტრატკომები), რომლებიც ყველა სამთავრობო უწყებასთან არსებობს. მათ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ატრენინგებდნენ. წესით სტრატკომები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე უნდა მუშაობდნენ, მაგრამ ნათლად ჩანს, რომ ისინი მუშაობენ არა ოკუპანტი ქვეყნიდან წამოსული საფრთხეების, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. მათი კიდევ ერთი მიზანია მედიის დისკრედიტაცია და ეს არის გამოწვევა.

"კრიტიკულ მედიას ეთიკურ სტანდარტებზე დაფიქრება და თვითრეგულირების პრაქტიკის გაძლიერება მართებს"

მედიამ, გინდ სახელისუფლებომ, გინდ — ოპოზიციურმა, უნდა გააცნობიეროს რომ თვითონ უნდა იყოს ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე. ოპოზიციურ მედიას, ალბათ, მართებს ეთიკურ სტანდარტებზე დაფიქრება. იმიტომ რომ, რაც უფრო მეტად შეუწყობენ ხელს პროფესიული გადაცდომებისას თვითრეგულირების პრაქტიკის ამოქმედებას, მით უფრო ძლიერი იქნება ის.

შეცდომა ყველა მედიას მოსდის, მაგრამ ჰგონიათ, რომ შეცდომის აღიარებაა შეცდომა, არადა, შეცდომის არაღიარებაა პრობლემა, რადგან ეს სანდოობას არ სძენს მედიას. და ანგარიშვალდებულება სწორედ იმას გულისხმობს, რომ თუ დაუშვი შეცდომა, უნდა აღიარო, გამოასწორო და ამით გააძლიერო მედიასტანდარტი.

კი, ხელისუფლება იყენებს დიდ რესურსს მედიის, როგორც ინსტიტუტის მიმართ უნდობლობის დასათესად, მაგრამ შენ არ უნდა შექმნა საფუძველი საამისოდ და ძლიერი, დამოუკიდებელი მედიაა იმის გარანტია, რომ დაიბრუნოს საზოგადოების ნდობა. თუ მედია პროფესიულად გაიზრდება, ის უფრო ძლიერი იქნება და ნაკლებ სივრცეს დატოვებს ხელისუფლების ჩარევისთვის.

"ყველა დაინტერესებული მხარე ცდილობს, ვიღაცას რაღაც იარლიყი მიაკრას და ამ პროცესში რთულია სიმართლის პოვნა"

ზოგადად, უფრო დიდ პრობლემად ნიჰილიზმს მივიჩნევ, საზოგადოების მოდუნებას, რომ აღარ ჰქონდეს ნდობა და რეაგირება. ეს არის ინფორმაციული ქაოსი, სადაც არის ტოტალური უნდობლობა და ყველა ერთმანეთს ფეიქნიუსის (*ყალბი ინფორმაცია) გამავრცელებელს ეძახის. ამაში, ზოგჯერ, პროფესიული ორგანიზაციებიც სცოდავენ, როდესაც ყველაფერს დეზინფორმაციას ეძახიან. მაგალითად, დავით-გარეჯის საკითხი იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული ოპერაცია რუსული მეთოდებით, მაგრამ რიგითი მოქალაქე მგრძნობიარეა, როდესაც ვიღაც ამას დეზინფორმაციას უწოდებს, რადგან ეს მათთვის შეიძლება იყოს გაუგებარი და იწვევდეს უკურეაქციას. ამიტომ ჩვენც გვმართებს მოვლენების სწორი შეფასება და ამ შეფასებისას მეტი დაფიქრება. ზოგადად, ყველა დაინტერესებული მხარე ცდილობს ვიღაცას რაღაც იარლიყი მიაკრას და ამ პროცესში რთულია სიმართლის პოვნა. დემოკრატიულ საზოგადოებას კი სჭირდება ხარისხიანი ინფორმაცია არჩევანის გასაკეთებლად.

"პედალირებენ, რუსეთი ტანკებით გვებრძვის, დასავლეთი — ღირებულებებითო"

ოპოზიციური და სამთავრობო მედიებზე საუბრისას, უნდა ვითვალისწინებდეთ რესურსებსაც. "იმედს", როგორც ყველაზე უფრო პოპულარულ არხს, ერთი მხრივ, უყურებენ ხელისუფლების მხარდამჭერები და მეორე მხრივ — არხს აქვს იმდენი ფინანსური რესურსი, რომ შეუძლია შესთავაზოს ტელემაყურებელს მრავალფეროვანი პროგრამები, ოპოზიციასთან დაკავშირებული მედია კი, ვერ სთავაზობს აუდიტორიას იმავეს. მხოლოდ პოლიტიკა ხომ არ არის: ადამიანს უნდა გართობა, სერიალის ყურება და ამ მხრივ უთანასწორობაა მათ შორის.

"იმედს" ყველაზე დიდ კონკურენციას ძველი, კრიტიკული "რუსთავი 2" უქმნიდა და ამ არხის "გაყოფამ" დაგვანახა, რომ ტელევიზია არის ჩვევა. ახალმა მენეჯმენტმა შეინარჩუნა გარკვეული აუდიტორია, რადგან ბევრი ძველი გადაცემა დარჩა არხზე და მოხდა აუდიტორიის "გაყოფა" და შესაბამისად, კონკურენცია, რაც იყო ოპოზიციურ და სახელისუფლებო ფლანგს შორის "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის დაპირისპირების სახით, მოირღვა.

რაც შეეხება ზოგადად, ქართულ ტელეაუდიტორიას, ვისკენაც მიემართება ანტიდასავლური გზავნილები: ერთნი არიან უშუალოდ, მმართველი პარტიის მომხრეები, რომელთა კონსოლიდირება ხდება გარკვეულ თემებზე, ასევე არიან ადამიანები, ვისაც შესაძლოა, არ მოსწონდეს ისინი, მაგრამ ვერ ხედავენ ალტერნატივას, რადგან ოპოზიციური ველიც მოშიშვლებულია და შეგულებულები არიან ამ მდგომარეობას.

ყველაზე მეტად მოწყვლადები კი არიან ის ადამიანები, უფრო კონსერვატიულად განწყობილი ჯგუფები, რომლებზეც მუდმივად ხდება პედალირება ამ თემით, რომ კი, რუსეთი ჩვენ გვებრძვის ტანკებით, დასავლეთი კი ღირებულებებით ცდილობს ჩვენს გარყვნასა და გადაგვარებასო. ერთ-ერთი მღვდელი ამბობდა, რომ სული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი სხეული და ეს არის რუსული სამყაროს კონცეფცია, რომელიც იყენებს რელიგიას საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებისთვის და როდესაც იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება საქმე, ადამიანი უფრო მოწყვლადია, რადგან ძალიან პირადული და ემოციურია.

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ