02.02.2023
რა ხდება?
- გაფიცული ოპერატორები არხის ხელმძღვანელობისგან ხელფასის გაზრდას მოითხოვენ.
- გაფიცვაში არ მონაწილეობენ არხის სტუდიისა და "ფროდაქშენის" ოპერატორები და არხის სხვა პერსონალი.
გაფიცულებსა და მენეჯმენტს შორის შუამავლის ფუნქციას საინფორმაციო სამსახურის ოპერატორების ჯგუფის დროებითი ხელმძღვანელი, ირაკლი შეწირული ითავსებს.
ის გვეუბნება, რომ გაფიცულთა მოთხოვნაა, თანაბრად გაეზარდოს ანაზღაურება ყველა გაფიცულ ოპერატორს, მაგრამ საჯაროდ არ აკონკრეტებს — რამდენით.
რას ამბობს არხის ხელმძღვანელობა?
არხის მენეჯმენტი ცდილობს ოპერატორებთან მოლაპარაკებას, თუმცა, ვერ ასრულებენ ხელფასის გაზრდის მოთხოვნას.
"გაფიცული ოპერატორების ხელფასი არის საშუალოდ, 2.500 ლარი. ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ, ამ ეტაპზე, მხოლოდ 4 დამწყები ოპერატორისთვის შევძელით ხელფასის მომატება, რადგან ძალიან დაბალი ანაზღაურება ჰქონდათ", - ამბობს "ფორმულას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნანა ინწკირველი.
ინწკირველის თქმით:
- არხის მენეჯმენტი გაფიცულ ოპერატორებს ყოველდღიურად სთავაზობს მუშაობის განახლებას, თუმცა, უშედეგოდ.
- იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები სამომავლოდაც ვერ გამოიწვევს შედეგს, "რესურსების მართვის დეპარტამენტი და იურისტები იმის მიხედვით იმოქმედებენ, რაც სამართლებრივად იქნება სწორი".
"ყველანაირად ვცდილობთ, არ ჩავარდეს საინფორმაციო გამოშვებები, მაგრამ მაგალითად, გუშინ ამის საფრთხე იყო", — ამბობს ინწკირველი - არხი ცდილობს, გამოწვევას სხვა ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებით გაუმკლავდნეს, რაც რესპონდენტების დისტანციურად ჩაწერის შესაძლებლობას იძლევა.