საფრთხეები ქართული მედიისთვის კანონპროექტში "უცხოეთის აგენტების" შესახებ
14.02.2023
ანტიდასავლურად განწყობილი პარტიის, "ხალხის ძალის" კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, საფრთხეს შეუქმნის მედიასა და არასამთავრობო სექტორს.

რა ხდება?

14 თებერვალს, "ხალხის ძალამ", ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მათი თქმით, ეს კანონი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციას."

რა არის პრობლემა?

  • მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ავტორების თქმით, ისინი აშშ-ში 1938 წელს მიღებული კანონპროექტით ხელმძღვანელობენ, ეს კანონპროექტი ძალიან ჰგავს რუსეთში მოქმედ კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ.
  • რუსული კანონი პირდაპირ არის მიმართული დამოუკიდებელი მედიისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების შესავიწროებლად, რაც განსაკუთრებით გააქტიურდა უკრაინასთან ომის დროს.

"ხალხის ძალის" კანონპროექტის მიხედვით,
  • "უცხო აგენტად" დასახელდებიან მედიასაშუალებებიც, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო "უცხოური ძალაა", ანუ საგრანტო პროექტებია.
საქართველოში დამოუკიდებელი მედიის უდიდესი ნაწილი სწორედ უცხოური არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტებით ფინანსდება.
  • კანონპროექტის მიხედვით, "შემოსავალში" იგულისხმება არამხოლოდ თანხა, არამედ ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთი, რომელიც მედიასაშუალებამ უცხოური დაფინანსებით შეიძინა.
  • "იმ შემოსავლის ღირებულება, რომელიც არ არის ფულადი თანხა, მისი საბაზრო ფასით გამოითვლება", - წერია კანონპროექტში.
მედიას მოუწევს უცხო აგენტად რეგისტრაციისათვის მიმართოს იუსტიციის სამინისტროს იმ შემთხვევაშიც, თუ "პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი იმ იურიდიული პირისგან, რომელმაც უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი."

რა მოხდება, თუ მედია თავს აარიდებს უცხო აგენტად რეგისტრაციას?

  • დაჯარიმდება.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარით.

კიდევ ვის მიიჩნევენ კანონპროექტის ავტორები "უცხოურ ძალად"?

  • ფონდებს, ასოციაციებს, კორპორაციებს, კავშირებს, და სხვა ორგანიზაციებს, ან გაერთიანებას, რომელიც სხვა სახელმწიფოს სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.
საქართველოში დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობისა და სხვა მიზნებით, ასეთი არაერთი ორგანიზაცია გამოყოფს გრანტებს.

ასევე, კანონპროექტი "უცხოურ ძალად" განსაზღვრავს:
  • უცხო ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელს;
  • ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
  • იურიდიულ პირს, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.

რუსეთის მაგალითი

კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ხელმძღვანელობენ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, 1938 წელს მიღებული კანონის, FARA-ს (*უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი) პრინციპით.

  • 2012 წელს, ამ კანონის მიღების დროს ვლადიმერ პუტინი სწორედ 1938 წელს მიღებულ ამერიკულ კანონს იშველიებდა.
  • 2022 წლის თებერვლის მონაცემებით, რუსეთში "უცხო აგენტად" ასობით ორგანიზაცია და ადამიანია დასახელებული, და მათი დიდი ნაწილი დამოუკიდებელი მედია, ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, და რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირები არიან. 2022 წლის პირველ დეკემბერს ვლადიმერ პუტინმა კანონით გააფართოვა "უცხო აგენტის" განმარტება ისე, რომ აგენტად ცნეს თითქმის ყველა, ვინც ეწევა სამოქალაქო აქტივიზმს, ან სარგებლობს გამოხატვის თავისუფლების პრინციპებით.
  • მთლიანობაში, ხელს უშლის არასამთავრობო ორგანიზაციებს, მიიღონ მდგრადი დაფინანსება მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ხელისუფლება ხელს უშლის რუსულ ბიზნესს, დააფინანსონ არასამთავრობო ორგანიზაციები.

არქივიდან, ამ თემაზე:

2017 წელს, უნგრეთში მსგავსი კანონპროექტი მმართველი პარტიის, Fidesz-ის სამმა წევრმა წარადგინა. ამას კი წინ უძღოდა ჯერ კიდევ 2013 წლიდან ხელისუფლების მიერ წამოწყებული კამპანია, რომელიც ქვეყანაში არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად — რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უნგრეთის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ.


რა არის FARA?

  • ეს არის 1938 წელს, ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის შესაჩერებლად მიღებული კანონი.
  • 1938 წლიდან დღემდე ეს კანონი ბევრჯერ შეიცვალა და დღევანდელი შინაარსით, მიმართულია იმ პირთა მიმართ, რომლებსაც სხვა, უცხო ქვეყნების დაფინანსებით ამერიკაში საზოგადოებრივი აზრის ფორმირება სურთ და ამისთვის ინსტრუმენტად იყენებენ ლობისტურ საქმიანობას, ან ინფორმაციის, მათ შორის, ყალბი ინფორმაციის გავრცელებას.
  • ასეთ შემთხვევაში კანონი აკისრებს ვალდებულებას, დარეგისტრირდნენ და განაცხადონ საკუთარი საქმიანობის შესახებ იუსტიციის დეპარტამენტში.
ამერიკაში უცხოეთის აგენტებად არის ცნობილი ისეთი პროპაგანდისტული მედიასაშუალებები, როგორიცაა:
  • რუსული Russia Today;
  • ჩინური China Daily;
  • იაპონური NHK.

მაშინ, როდესაც რუსეთში უცხოეთის აგენტად არიან გამოცხადებული როგორც უცხოური, ასევე, ადგილობრივი დამოუკიდებელი გამოცემები, მათ შორის:
  • დოჟდი;
  • მედუზა;
  • რადიო თავისუფლება;
  • ამერიკის ხმა;
  • ბელინგქეთი;
  • დოიჩე ველე;
  • ინსაიდერი.

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ