რუსული კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩაგდება არ ნიშნავს მის ანულირებას. აი, რატომ
09.03.2023
დღეს, 9 მარტის დილას, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რომელიც ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა, "ქართულმა ოცნებამ" და მათივე საპალამენტო უმრავლესობის შემადგენელმა, ღიად ანტიდასავლურმა "ხალხის ძალამ" გაავრცელა ერთობლივი განცხადება, თითქოს, აპირბენ "უკან გაიწვიონ" კანონპროექტი "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის" შესახებ.

ამას მოჰყვა პარტია "ქარული ოცნების" აღმასრულებელი მდივანის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონპროექტი ჩავარდება.
თუმცა,
ისინი მაინც საუბრობენ იმაზე, რომ ამ კანონპროექტს "რუსული იარლიყი მიაკრეს" და სინამდვილეში "ის პრობლემური არ არის".

პრობლემაა, რომ:

  • კი ამბობენ, რომ მათ მიერვე მხარდაჭერილ კანონრპროექტს გაიწვევენ, თუმცა, რეალურად, პროცედურულად ეს შეუძლებელია. საუბარია კანონპროექტზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელსაც, პლენარულ სხდომაზე საპარლამენტმა უმრავლესობამ უკვე დაუჭირა მხარი.
  • ამაზე მოწმობს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, რომლის მიხედვით, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მხარდაჭერილი კანონპროექტის გაწვევა არ ხდება.
ამონარიდი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან, მუხლი 101
"კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე."

აბა, შეუძლებელია ამ კანონპროექტის ანულირება?

არა.
პროცედურულად:
  • საპარლამენტო კომიტეტმა კვლავ უნდა განიხილოს კანონპროექტი მეორე მოსმენით;
  • შემდეგ — გავიდეს პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით;
  • პლენარულზე, მეორე მოსმენისას, დეპუტატებმა აღარ უნდა დაუჭირონ მხარი წარდგენილ კანონპროექტს.

"ამის ალტერნატივაა ამ კანონპროექტის თაროზე შემოდება, თუმცა, ეს ვერ ჩაითვლება კანონრპროქტის ჩაგდებად, ეს იქნება მისი "მიძინება" და შეეძლებათ, ნებისმიერ დროს ჩამოიღონ თაროდან და მიიღონ", — გვითხრა ვახტანგ ხმალაძემ, კონსტიტუციონალისტმა.

მაგრამ მეორე მოსმენით ჩავარდნაც კი არ ნიშნავს კანონპროექტის კანონად ფორმირების პროცესის საბოლოო დასასრულს,
რადგან ამის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობას ექნება კიდევ 1 თვე, რომ მესამე მოსმენით გაიტანოს კანონი პლენარულ სხდომაზე და დაუჭიროს მას მხარი.

უფრო გასაგებად, რეგლამენტით:
  • "თუ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას ჩავარდნილი კანონპროექტი სასესიო პერიოდში 1 თვის განმავლობაში მისი ინიციატორის მოთხოვნით არ დადგება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე, იგი უარყოფილად ჩაითვლება. ასევე უარყოფილად ჩაითვლება კანონპროექტი, რომელიც განმეორებით ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას" — და ეს არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, იმ განცხადების მთავარი გზავნილების ფონზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ", ღიად ანტიდასავლურ "ხალხის ძალასთან" ერთად გაავრცელად და თქვა, რომ:
ამონარიდები მათი განცხადებიდან:
  • "სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა";
  • "კანონპროექტს მიაკერეს "რუსული კანონის" ყალბი იარლიყი, ხოლო მისი პირველი მოსმენით მიღება საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს".

ეს მიანიშნებს, რომ ხელისუფლება გააძლიერებს პროპაგანდას საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში, თითქოს, რუსული კანონი, "ქართულია".

რაც შეეხება პარლამენტში, ასევე, ანტიდასავლური "ხალხის ძალის" მიერ წარდგენილ კიდევ ერთ კანონპროექტს,

რომელზეც ინიციატორები ამბობენ, ამერიკული FARA-ს (*უცხო ქვეყნის აგენტების რეგისტრაციის" შესახებ) ზუსტი თარგმანიაო, რაც ასევე მანიპულაციურია.
რეალურად,
ინიციატორებს, აი, მხოლოდ ამ კანონპროექტის გაწვევა შეუძლიათ, რადგან პროცედურულად, რუსული შინაარსის ეს კანონპროექტი ჯერ მხოლოდ ბიუროზეა განხილული და მხარდასაჭერად ჯერ არ გასულა პლენარულ სხდომაზე. იმისთვის, რომ რუსული შინაარსის ამ კანონპროექტის ანულირება მოხდეს, რეგლამენტის მიხედვით, კანონპროექტის ინიციატორებს უფლება აქვთ, სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე.

ჩვენ "ხალხის ძალას" ვკითხეთ, აპირებენ თუ არა ამის გაკეთებას, და თუ კი — როდის, მაგრამ გვითხრეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებენ.

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ