17.03.2023
ბასილაია-შავგულიძემ მაუწყებლის დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს მოუწოდა, წარადგინოს მოხსენებითი ბარათი და საბჭოს გაუზიაროს შეხედულება და დამოკიდებულება გიორგი გვიმრაძის "საგარეო ორიენტირის, მრწამსისა და მისწრაფებების შესახებ".
დეტალები:
- თავდაპირველად, ლიკა შავგულიძე-ბასილაიამ საბჭოს სხდომაზე განახცადა, რომ გვიმრაძის მიმართ ბრალდებებს მასთან ერთად იზიარებს საბჭოს კიდევ ორი წევრი — ლაშა ტუღუში და ზაზა აბაშიძე.
- დღეს კი, 17 მარტს, ამ საკითხზე საუბრისას გვითხრა, რომ ამ განცხადებას არ უერთდება ზაზა აბაშიძე. "მედიაჩეკერი" ვერ ახერხებს აბაშიძესთან დაკავშირებას და მისი პოზიციის დაზუსტებას.
- საბჭოს წევრის ამ ბრალდებაზე არხმა განაცხადა, რომ "საშიშ ტენდენციას წარმოადგენს ადამიანების ორიენტაციისა და მრწამსის კვლევა და ამ ნიშნით სეგრეგაცია."
ბასილაია-შავგულიძის არგუმენტებით:
- ქვეყნის მოსახლეობის 85 პროცენტი ევროინტეგრაციას უჭერს მხარს;
- ამის საპირისპიროზე მიუთითებს გვიმრაძის საგარეო ორიენტირი რადგან, გადაცემებში სვამს "გაურკვეველ შეკითხვებს";
- ეს კი, კითხვებს უჩენს მოსახლეობის ფართო ფენებს.
ლიკა ბასილაია-შავგულიძეს მხედველობაში აქვს გიორგი გვიმრაძის ინტერვიუ "ქართული ოცნების"აღმასრულებელ მდივანთან, მამუკა მდინარაძესთან, რომელშიც მდინარაძე "პირველი არხის" ტელემაყურებელს ესაუბრა ხელისუფლების ცნობილ თეორიაზე, რომლის მიხედვით, "გლობალურ ომის პარტიას საქართველოს ომში ჩართვა სურს".
სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შეფასებით, წამყვანმა უგულებელყო მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტი – "მაუწყებელმა ყველა საჭირო ზომას უნდა მიმართოს ყალბი ინფორმაციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით, ჰიბრიდული ომის ვითარებაში."
- საბჭოს წევრი ციტირებს დოკუმენტიდან, რომელშიც განსაზღვრულია საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022-2025 პროგრამული პრიორიტეტები.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია
არხი, განცხადებით პასუხობს საბჭოს წევრების პრეტენზიას და წერს, რომ:- მაუწყებლის მიზნები და ღირებულებები არის კანონით განსაზღვრული და საჯარო.
- იგი ევროპული ინსტიტუციაა და მისი ვალდებულებაა, იყოს ქვაკუთხედი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში, ხელი შეუწყოს ადამიანების მოსაზრების დაახლოებას, გააძლიეროს ქართული საზოგადოება და კულტურა.
მაუწყებელი, საბჭოს წევრების მოწოდებას თანამშრომლებზე ზეწოლად და სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვის მცდელობად აღიქვამს.
- "ადამიანის მრწამსის შესწავლის მოთხოვნა თავისთავად სახიფათო პრეცედენტია იმ საზოგადოებაში, სადაც პოლარიზაციის დაძლევის ამოცანა ისედაც მტკივნეულად დგას.", — წერია მაუწყებლის განცხადებაში.
არხის სარედაქციო კურსთან დაკავშირებულ კითხვებზე "მედიაჩეკერი" 2022 წლის ნოემბერში ესაუბარა გიორგი გვიმრაძეს — მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ხელმძღვანელს.
ინტერვიუში, გვიმრაძემ ღიად გააკრიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციები:
- "მათ მიმართ მაქვს პრეტენზიები და ვფიქრობ, იციან ჩემი პოზიციების შესახებ. ჩემთვის არასამთავრობო სექტორის ასეთი ფორმით არსებობა დემოკრატიისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და სერიოზულად აზიანებს დემოკრატიას."
- "დასახელებულ პრობლემებს შორის ის შეიძლება იყოს მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე ადგილზე. შესაძლოა, სასამართლო მნიშვნელოვანი კომპონენტიც იყოს, თუმცა მზად ვარ, ვიკამათო — რა არის უფრო მნიშვნელოვანი. ფაქტია, მოქალაქეებსაც სულ სხვა საკითხები აწუხებთ. ჩემი აზრით, აბსოლუტური ტყუილია, როდესაც ამბობენ, დემოკრატია სასამართლოს დამოუკიდებლობით იწყებაო. დემოკრატია იწყება ძლიერი ჯგუფებისგან, რომელთაც საკუთარი ინტერესები აქვთ და ჰყავთ საკუთარი წარმომადგენლები. მათ შორის იწყება იმის "დალაგება", რა წესებით იურთიერთონ ერთმანეთთან და აქ შემოდის დამოუკიდებელი სასამართლო, როგორც ამ წესების მაკონტროლებელი არბიტრი."
ამასთან, ინტერვიუში, გვიმრაძემ გაგვიზიარა, როგორია მისი ხედვები:
- დემოკრატიაზე;
- ეთნიკურ უმცირესობებზე;
- პირველი არხის საინფორმაციო პოლიტიკასთან დაკავშირებულ ეჭვებზე;
- და კანონით განსაზღვრულ პრიორიტეტებზე, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელე, რადიო და ციფრული პლატფორმები უნდა ასრულებდეს.
ინტერვიუს სრული ვერსია ნახეთ აქ