მედია ოკუპირებულ აფხაზეთში
27.04.2023
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, მედიაგარემო მეტწილად, არ არის თავისუფალი. პოპულარულია კრემლისტური მედია, ქართულენოვანი პრესა არ ვრცელდება, ქართული ტელევიზიების ნახვა კი, მხოლოდ სატელიტით არის შესაძლებელი.

პრობლემაა, რომ:

აფხაზეთი, ინფორმაციული თვალსაზრისითაც, რუსული საინფორმაციო სივრცის ნაწილად იქცა: ახალი ამბების ძირითადი წყაროა რუსული არხები და აფხაზეთის არაღიარებული მთავრობის მიერ კონტროლირებადი აფხაზურ და რუსულენოვანი მედია.
  • ოკუპირებულ რეგიონში, ქართულ ტელევიზიაზე წვდომა მიზერულია. ხელმისაწვდომია მხოლოდ სატელიტური ანტენის საშუალებით.
  • პრესა ვრცელდება აფხაზურ და რუსულ ენებზე, და უმეტესად, დაცლილია კრიტიკისაგან;
  • რადიომსმენელს არჩევანის გაკეთება შეუძლია აფხაზურენოვან, რუსულენოვან და თურქულენოვან რადიოსადგურებს შორის.
  • ინტერნეტზე წვდომა, ზოგადად, მზარდია, თუმცა, გასულ წელთან შედარებით, იკლო: 2023 წლის იანვრის მონაცემებით, ინტერნეტის გავრცელების მაჩვენებელი მთლიანი მოსახლეობის 50,4 %-ს მოიცავს. ეს მონაცემი უფრო მაღალი იყო 2022 წლისთვის და მოსახლეობის 52%-ს ფარავდა.
სტრიქონებს შორის:
ძირითადი ქართულენოვანი სატელევიზიო საინფორმაციო სივრცე, მეტწილად, დაცლილია აფხაზური სიახლეებისგან — ტელემედია, ახალ ამბებსა და ანალიტიკურ პროგრამებში აუდიტორიას თითქმის არ სთავაზობს ინფორმაციას აფხაზების ინტერესებზე, საჭიროებებსა და მიზნებზე.
  • გამონაკლისია რამდენიმე ქართული ინტერნეტგამოცემა.
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი, აფხაზურ ენაზე ავრცელებს სიახლეებს ქართული და მსოფლიო პოლიტიკის შესახებ, თუმცა, სხვა მაუწყებლების მსგავსად, აუდიტორიას ნაკლებად ესაუბრება ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებთა ყოფით გამოწვევებსა და საჭიროებებზე, და როგორც მედიატორი, ნაკლებადაა ორიენტირებული ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში მშვიდობის დამყარების მიზნებზე.

მედია დამოუკიდებელია?
მეტწილად, არა.

მედიაზე არაღიარებულ მთავრობას დიდი გავლენა აქვს — "სახელმწიფო მედია" მოიცავს პრესას, ტელევიზიას, რადიოს, ინტერნეტრესურსებს, სადაც ე.წ. პრეზიდენტისა და მმართველი პოლიტიკური ელიტის საქმიანობის პოზიტიური გაშუქება დომინირებს. მიიჩნევა, რომ ჟურნალისტები თვითცენზურას ექვემდებარებიან.
  • "ფრიდომ ჰაუსის" მიხედვით, აფხაზეთის მედია ლანდშაფტზე, თავისუფლებასა და პლურალიზმზე, გავლენას ახდენს როგორც ე.წ. ხელისუფლების გავლენა, ასევე, რუსული მედიის გაზრდილი როლი.
თუმცა, არსებობს, "ოპოზიციური მედია", რომელიც არაღიარებულ მთავრობას აკრიტიკებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად, სოხუმის ურთიერთობები მოსკოვთან და შიდა პოლიტიკური საკითხები.
  • ზოგჯერ, "ოპოზიციური მედია" გავლენას ახდენდა პოლიტიკურ პროცესზე, მათ შორის, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისას 2009-ში. აქ, მეტწილად, პრო-ოპოზიციური როლი ჰქონდა გაზეთებს: Novy Den-სა და Chegemskaya Pravda-ს.
ასევე, ტელეკომპანიას "აბაზა ტვ" — ერთადერთ კერძო ტელესადგურს, რომელიც ვრცელდება სოხუმსა და მის შემოგარენში. არხს ფლობს ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ბესლან ბურთბა. ის, როგორც კანდიდატი გამარჯვებისთვის იბრძოდა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, 2009 წელს. 2014-ში ე.წ. პრემიერ-მინისტრი გახდა, მაგრამ ერთ წელიწადში გადადგა.

დაფუძნებისას, 2007-ში, "აბაზა ტვ" დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შესახებ აცხადებდა, რომ არ იქნებოდა არც ე.წ. ხელისუფლების და არც, ე.წ. ოპოზიციის მხარდამჭერი. მაუწყებლობს დღეში ორჯერ, რუსულ ენაზე.

ცენზურა

2022 წლის ნოემბერში, "აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირმა" განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოხატა ე.წ. ხელისუფლების ჩარევის გახშირებულ ფაქტებზე მედიის საქმიანობაში, რაც, მათი შეფასებით, "მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა."
რა თქვეს?
  • "სიტყვის თავისუფლება ეროვნული საგანძურია და გამყარებულია კონსტიტუციით. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოქალაქეების, ჟურნალისტების, რედაქციების უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვა."
ამასთან,
ადგილობრივი ჟურნალისტები აკრიტიკებენ "აფხაზეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიას”, გაზეთსა და საინფორმაციო სააგენტოს იმის გამო, რომ თავს არიდებენ გაავრცელონ ისეთი ამბები, რომელიც "ხელისუფლებისთვის არასახარბიელოა."

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სამართლებრივი შეზღუდვა ვრცელდება როგორც ტრადიციულ, ისე ონლაინ მედიაზე, მათ შორის, სისხლის სამართლის ცილისწამების წესდებაზე.

სოციალური მედია

რუსეთის მსგავსად, პოპულარული სოციალური ქსელები აფხაზეთშიც დაბლოკილია?
  • არა.
მართალია, ოკუპირებულ აფხაზეთზე რუსეთი დიდ გავლენას ფლობს, მაგრამ სოხუმში ამბობენ, რომ არ არიან რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებლის — "როსკომნადზორის" იურისდიქციის ქვეშ.
შესაბამისად,
არ გავრცელებულა "როსკომნადზორის" გადაწყვეტილება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაბლოკილიყო ისეთი პოპულარული სოციალური ქსელები, როგორიცაა: ტვიტერი, ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტიკტოკი.

დეტალები:
ახალი მედია — ინტერნეტგამოცემები და სოციალური ქსელები სულ უფრო პოპულარული ხდება, როგორც სიახლეების გავრცელების, აგრეთვე, დისკუსიებისთვის.
  • Datareporta-ს კვლევის თანახმად, აფხაზეთში, სოციალურ მედიას 123.5 ათასი მომხმარებელი ჰყავს.
  • Facebook: 2023 წლის იანვრისთვის ამ სოციალურ ქსელს ოკუპირებულ რეგიონში 60.7 ათასი მომხმარებელი იყენებს. Meta-ს მიხედვით, აქედან 58.9% ქალი, 41.1% კაცია;
  • Facebook Messenger: 31,7 ათასი მომხმარებელი ჰყავს.
  • Instagram: იგივე მონაცემებით, ინსტაგრამი უფრო პოპულარულია, ვიდრე — ფეისბუქი: 90.5 ათასი მომხმარებელი 2023 წლის იანვრისთვის, და აქედან 64.7% პროცენტი ქალი, 35.3% კაცია.
ანტიქართული განწყობების ორგანიზებული კამპანია სოციალურ ქსელებში:
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, ფეისბუქზე, ინსტაგრამსა და ტიკტოკზე, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებული ორგანიზებული კამპანია დაიწყო. ამ პროცესს რონდელის ფონდის მკვლევარი, ბადრი ბელქანია აკვირდებოდა და კვლევაში დაწერა, რომ:
  • 2022 წლის მარტში, ზემოთ ჩამოთვლილ პლატფორმებზე, აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები, ანტიქართული განწყობებით აქვეყნებდნენ 1993 წლის ომთან დაკავშირებულ ისტორიებს ჰეშთეგებით: #abkhaziaisnotgeorgia, #abkhaziaisabkhazia, #weareabkhazia
  • ისტორიები იწყებოდა საერთო შაბლონით: "ჩემი სახელია [...], დავიბადე აფხაზეთში".
  • თხრობა, გრძელდებოდა შინაარსით — "დამოუკიდებელი აფხაზეთისა და ქართველების მხრიდან აფხაზების მიმართ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების" შესახებ.
"აფხაზების ონლაინკამპანიის პარალელურად, გააქტიურდნენ სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლებიც, რომლებიც აფხაზების მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპირწონედ, აფხაზეთში „ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე“, „რუსეთის მიერ აფხაზეთის ომში ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაზე“, „ქართველების აფხაზეთიდან ეთნოწმენდაზე“ და სხვა მოვლენებზე ლაპარაკობენ", — წერს კვლევის ავტორი.

სამშვიდობო გზავნილებს ეხება სოციალურ მედიაში, აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ვიდეოსერიები: "მიამბე აფხაზეთზე" და "საერთო ისტორია", სადაც, ქართულ და აფხაზურენოვანი აუდიტორიისთვის საუბრობენ იმაზე, რაც ამ კულტურებსა და ხალხებს აერთიანებს.

მედიის როლი სამშვიდობო პოლიტიკაში
მედიასაშუალებებს, საკუთარი გავლენით შეუძლიათ დაამძიმონ, ან პირიქით — აწარმოონ სამშვიდობო პოლიტიკა.

მნიშვნელოვანია:
  • მედიამ ხელი არ შეუწყოს სტერეოტიპების გამყარებას;
  • არ გამოიყენოს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ტერმინები, რამაც შესაძლოა, გააქროს სამშვიდობო განწყობები;
  • იფიქრონ კონფლიქტისა და პოსტკონფლიქტური ისტორიების მგრძნობელობაზე; კონტექსტის მნიშვნელობაზე;
ამ დროისათვის არ არსებობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მედია გაშუქების გაიდლაინი, თუმცა,
ზოგადი სტანდარტით, მედიის სამშვიდობო მიზნებისთვის, რეკომენდაციებია:
  • არ იყოს მომართული რომელიმე მხარის "გამარჯვებაზე";
  • მხარეების დაყოფაზე — "ჩვენ და ისინი."
  • სამშვიდობო ჟურნალისტიკა აქცენტს აკეთებდეს ხალხზე, ვინც სამშვიდობო პროცესებშია ჩართული.
  • კონფლიქტის გაშუქებისას, მხარეებს ჰუმანურად წარმოაჩენდეს.

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ