"შეიწყალე გვარამია" — მოწოდებები ზურაბიშვილს პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით
03.05.2023
სამ მაისს, მედიის ადვოკატირების კოალიციის ინიციატივით, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მედიის წარმომადგენელთა აქცია გაიმართა.

რა ხდება?

  • პრესის თავისუფლების დღეს, დემონსტრანტებმა სალომე ზურაბიშვილს "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდეს.

დღესვე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს:

  • "მოვუწოდებთ პრეზიდენტს, ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, და საქმეზე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის შეფასებების შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე", — წერია განცხადებაში, რომელსაც 42 ორგანიზაცია აწერს ხელს.

პრესის თავისუფლების დღის კონტექსტში, ნიკა გვარამიას პატიმრობის საკითხი ერთ-ერთ პრიორიტეტულ თემად დაასახელა ჰელსინკის კომისიამ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციაა.

  • კომისიამ, 28 აპრილს გამოქვეყნებულ ტვიტში, გვარამია მოიხსენია უსამართლოდ დაპატიმრებულ ქართველ ოპოზიციონერ ჟურნალისტად.
  • 24 აპრილს, ჰელსინკის კომისიამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, "როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიის დაცვის ხმამაღალ მხარდამჭერს", ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა.

დეტალები გვარამიას საქმეზე

  • ნიკა გვარამია, 2022 წლის მაისში, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გაფლანგვის ბრალდებით დააპატიმრეს
  • თუმცა, გავლენიანი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუციები, მის პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
  • მედიის უფლებების დამცველი სხვადასხვა ორგანიზაციის შეფასებით, ჟურნალისტების მიმართ ბოლო წლებში გახშირებულ თავდასხმებთან, მედიაგარემოს დაზიანებისკენ მიმართულ საკანონმდებლო ინიციატივებთან თუ ჟურნალისტებზე უკანონო თვალთვალთან ერთად, გვარამიას, როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების დამფუძნებლისა და დირექტორის პატიმრობა "ნათლად ასახავს "ქართული ოცნების" ხელისუფლების განწყობას მათგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ."

ასევე, წაიკითხეთ:


  • ნიკა გვარამიას შეწყალების მოწოდებით, პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის აქამდეც არაერთხელ მიუმართავთ, რასაც ის მისთვის კანონით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებაზე "გაუთავებელ ზეწოლად" აფასებს.

2023 წლის მარტში, ზურაბიშვილმა "ტვ პირველთან ინტერვიუში" შეკითხვას გვარამიას შეწყალებაზე, ასე უპასუხა:

  • "ერთადერთი შემაფერხებელი არის ის გაუთავებელი რეკომენდაციები, თუ ზეწოლები, თუნდაც, ევროპარლამენტარების რეზოლუციები. [...] ამის უფლება არავის აქვს არცერთი ქვეყნის მიმართ. ჩვენ ვართ არანაკლებ თანასწორი ქვეყანა, როგორც სხვები. პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება“.

პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასა და პატიმრობაზე წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაშიც:

"შეერთებული შტატების საელჩო პატივს სცემს საქართველოში პრესის წევრებს, რომლებიც მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისა და ინსტიტუციების ანგარიშვალდებულებისთვის, მიუხედავად მათზე ძალადობის, ძალადობის მუქარის, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, პატიმრობისა თუ სხვა ზეწოლისა. მედიისთვის ზიანის მიყენების ან გაჩუმების ნებისმიერი მცდელობა არის თავდასხმა თავად დემოკრატიაზე."

მედიის თავისუფლების ხარისხის გაუარესებას, როგორც ფაქტს, არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლება.

3 მაისს, ირაკლი ღარიბაშვილის სახელით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიასივრცე გვაქვს".

იმავე პათოსით იყო დაწერილი 21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მისალოცი ტექსტიც.

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ