მედია პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლოში - აკრედიტაციის წესის შესახებ
04.05.2023
პარლამენტში, მედიის აკრედიტაციის წესის ცვლილებიდან ერთი თვის თავზე, მედიის შვიდ წარმომადგენელს აეკრძალა პარლამენტში მუშაობა. ჟურნალისტებისა და მედიის თემაზე მომუშავე ორგანიზაციების შეფასებით, ეს მედიის საქმიანობის შეზღუდვის პირველი ეტაპია.

რა არის პრობლემა?

  • პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ეს ცვლილება, საპარლამენტო უმრავლესობის, "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის იქცა ბერკეტად, არ უპასუხონ უშუალოდ მათ საქმიანობასთან, ან ზოგადად, ხელისუფლებისთვის არასახარბიელო საკითხებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.
  • ბრძანების მიხედვით, მათი ერთი უარიც კი საკმარისი უნდა იყოს ჟურნალისტისთვის, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ინტერვიუს ჩაწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში დასანქცირდება და პარლამენტში მუშაობის უფლება შეუწყდება თავდაპირველად ერთი თვით, განმეორებით შემთხვევაში — ექვსით.
  • ჟურნალისტებს ჩამორთმეული აქვთ გასაჩივრებისა და პასუხის გაცემის უფლება.

როგორ დაიწყო ამბავი?

  • 2023 წლის წლის 6 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, გამოსცა ბრძანება, რომლითაც ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოში ქცევისა და მოქმედების წესები ისე განუსაზღვრა, რომ ცენზურის საფრთხეები გაჩნდა. მეტი

რა არის შედეგი?

  • ბრძანების ამოქმედებიდან დღემდე, სანქცირებულია მედიის 7 წამომადგენელი — "ტვ პირველის", "მთავარი არხისა" და "ფორმულას" ჟურნალისტები და ოპერატორები. მათ, პარლამენტის აპარატმა, 1 თვით შეუწყვიტა შენობაში საქმიანობის უფლება.
  • "პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს გადაწყვეტილება ასრულებს თავის პოლიტიკურ მიზანს, დასაჯოს კრიტიკული ჟურნალისტები", — გვითხრა "მედიაომბუდსმენის" დირექტორმა, ნათია კაპანაძემ, რომელიც "ღია საზოგადოების ფონდის" დახმარებით, სამართლებრივად იცავს სანქცირებულ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.
სარჩელით, ბრძანების გაუქმების მოთხოვნით, "მედიაომბუდსმენმა" პარლამენტის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
  • სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო,
  • მაგრამ საქართველოს პარლამენტი სარჩელს არ სცნობს.
  • დავას მოსამართლე ციცინო როხვაძე განიხილავს.

რატომ არის ეს ამბავი მნიშვნელოვანი?

მედიის გარდა, ეს შეზღუდვები აზიანებს, მკითხველს/მაყურებელს, ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, ხალხისგან არჩეული დეპუტატებისგან მიიღოს პასუხები მნიშვნელოვან, კრიტიკულ კითხვებზე.

რა არგუმენტებია პაპუაშვილის აქტის წინააღმდეგ?

  • საქართველოს სახალხო დამცველი: პრობლემურია, რომ არ არის გაწერილი გასაჩივრების საკითხი. მოვუწოდებთ პარლამენტს აქტის ცვლილებისკენ ისე, რომ რეგულაცია არ იწვევდეს ჟურნალისტურ საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევას.
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: ამით იზღუდება ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების შესაძლებლობა. ჩნდება ეჭვი, რომ ეს უკავშირდება კონკრეტული მედიაპროდუქტის შინაარსს.
  • მედიაომბუდსმენი: არღვევს მედიისა და საზოგადოების უფლებას, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.
  • საერთაშორისო ორგანიზაცია "ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი" (CPJ): პარლამენტმა უნდა გააუქმოს კრიტიკული ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერების გადაწყვეტილება და გაატაროს ახლახან მიღებული რეგულაციების რეფორმა.


რის გამო შეუჩერდათ აკრედიტაცია ჟურნალისტებს? — მოკლე ისტორიები

"ფორმულას" გამომძიებელი ჟურნალისტი სოფიო გოზალიშვილი, პარლამენტში, 3 დღის განმავლობაში ცდილობდა, უმრავლესობის წევრებისგან მიეღო პასუხი ბრალდებებზე შალვა რამიშვილის მიმართ, სექსუალური შევიწროების შესაძლო ფაქტების შესახებ.
  • დეპუტატებისგან აინტერესებდა, იყვნენ თუ არა სოლიდარულები სავარაუდო მსხვერპლი ქალების მიმართ.
  • სურდა, ამ თემაზე დეპუტატებისგან მიეღო კომენტარი პირადად და არა — საერთო ბრიფინგზე, რადგან ეს მათი გადაცემის სპეციალური თემა იყო.
გოზალიშვილის თქმით, მისმა კითხვამ განსაკუთრებით, ნინო წილოსანი აღაშფოთა:
  • "რომელმაც მითხრა კიდეც: არ გამომეკიდოთ, თქვენს თავს ეცით პატივიო. მოგვიანებით მითხრეს, რომ ჩემთვის აკრედიტაციის შეჩერება მან და დაჩი ბერაიამ მოითხოვეს".

პაპუაშვილის ბრძანება აკრედიტაციის წესის ცვლილების შესახებ, აწესებს ლიმიტს სხვადასხვა ტიპის მედისთვის პარლამენტში აკრედიტებული წარმომადგენლების მაქსიმალურ რაოდენობაზე, რაშიც გოზალიშვილი კიდევ ერთ განსაკუთრებულ საფრთხეს ხედავს, რადგან:

  • "ფორმულას" შემთხევაში განსაზღვრულია სულ 7 ადამიანი და წესის თანახმად, თუ ერთი სანქცირდება, მედია მას ვერ ჩაანაცვლებს სხვა ჟურნალისტით.
  • აკრედიტაციას თავდაპირველად ერთი თვით გიუქმებენ, შემდეგ - ექვსით.

"რაც საბოლოოდ, დაგვტოვებს პარლამენტს მიღმა: ალბათ, ასე ნელ-ნელა გამოგვხშირავენ და დარჩებიან თავიანთ პროპაგანდისტულ მედიებთან ერთად, — ამბობს "ფორმულას" ჟურნალისტი, — ჩემთვის ეს პირდაპირ ცენზურის დაწესების პირობაა."

"მთავარი არხის" ახალი ამბების ჟურნალისტი თათია წოწონავა, 2023 წლის 5 აპრილს, როდესაც აშშ-მა საქართველოს ოთხ მოსამართლეს სანქციები დაუწესა, დილიდან ცდილობდა საკანონმდებლო ორგანოში მმართველი გუნდის დეპუტატებისგან მოესმინა, იზიარებდნენ თუ არა საკუთარ როლს სასამართლო სისტემის მიმართ. მასთან ერთად, იმავეს საკითხზე მუშაობდა "ტვ პირველის" ჟურნალისტი, რუსუდან დუმბაძე.

  • "შენობა, თითქმის ცარიელი იყო. ერთადერთი, ვინც შემოვიდა, ელისო ბოლქვაძე იყო. მას არ გავკიდებივართ, ჩავწერეთ ლიფტთან, რაც ჩანს კიდეც კადრებშიც. ინტერვიუზე არ დაგვთანხმდა, მაგრამ არც მიდიოდა, შესაბამისად, არ ყოფილა ადევნება", — მაგრამ, ამის მიუხედავად, წოწონავამაც და დუმბაძემაც, დღის ბოლოს, პარლამენტის აპარატისგან მიიღეს წერილი აკრედიტაციის 1 თვის ვადით შეჩერების შესახებ.

ონლაინ-გამოცემა "პუბლიკას" რედაქტორი ნათია ამირანაშვილი პირველი ჟურნალისტი იყო, ვისაც პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების ამოქმედების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანომ აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა.

  • მიზეზი: პარლამენტის შენობაში პროტესტის გამოხატვა.

2023 წლის 2 მარტს, რუსული შინაარსის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვების პარალელურად, ამირანაშვილი კოლეგებთან ერთად, პლაკატებითა და შეძახილებით აპროტესტებდა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას — მიეღოთ კანონი, რომლითაც ჟურნალისტებს უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადებდნენ.

  • "ექსტრაორდინალური არაფერი ჩამიდენია, ვსარგებლობდი ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის მონიჭებული გამოხატვის თავისუფლების უფლებით", — გვითხრა მან. შემდეგ, ამას მოჰყვა ზარი პარლამენტის პრესსამსახურიდან შეტყობინებით აკრედიტაციის შეჩერების შესახებ.

სასამართლო პროცესი.

  • მოსამართლე ციცინო როხვაძეს, ამ ჟურნალისტების შემთხვევები უკვე სარჩელის სახით უდევს განსახილველად.
  • ამავე საქმის ნაწილია "ტვ პირველის" ჟურნალისტის, ნატა ქაჯაიას შემთხვევა, რომელიც ჯერ კიდეც გასულ წელს, 2022 წლის მარტში გამოაძევეს პარლამენტიდან, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.
  • ჟურნალისტების ადვოკატი, "მედიაომბუდსმენის" დამფუძნებელი ნათია კაპანაძეა.

რა წერია სარჩელში?

მოსარჩელე ითხოვს, სასამართლომ ნაწილობრივ, უმეტეს შემთხვევაში კი, სრულად ბათილად სცნოს პუნქტები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებიდან.

"ეს დისკრიმინაციული და ცალმხრივი დოკუმენტია, რომელიც პრესას პასუხის უფლებას არ უტოვებს" - ამბობს ნათია კაპანაძე.

იურისტმა გამოითხოვა მონაცემები 2022 წელს პარლანტში დაშვებული საშვების შესახებ, სადაც გაირკვა, რომ მედიის წარმომადგენლებზე 20 000-ჯერ გაიცა საშვი (*რაშიც შედის ერთი და იმავე ადამიანზე რამდენჯერმე გაცემული საშვიც).

"მე, სასამართლოს ამით ვუმტკიცებ, რამდენად მასშტაბურია საკითხი." - ამბობს ნათია კაპანაძე.

რას ამბობს საქართველოს პარლამენტი?

  • არაფერს.
უშედეგო აღმოჩნდა მცდელობა, მოგვესმინა საკანონმდელო ორგანოს ოფიციალური პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით.

"მედიაომბუდსმენის" მიხედვით, პარლამენტმა სასამართლოს უკვე წარუდგინა შესაგებელი, რომლის კითხვარში: "ცნობთ თუ არა სარჩელს", საკანონმდებლო ორგანოს პასუხია — "არა".
  • "პარლამენტი არათუ არ აღიარებს, რომ პაპუაშვილის აქტით, გასაჩივრების უფლება ირღვევა, მეტიც, იმის უფლებასაც კი არ აძლევს ჟურნალისტებს, დარღვეული უფლებებისთვის ბრძოლა სასამართლოში გააგრძელონ", — თქვა ნათია კაპანაძემ.

რა ვიცით ამ საქმის მოსამართლის შესახებ?

  • ციცინო როხვაძე, უვადო მოსამართლედ დაინიშნა 2020 წელს.
  • ეს, მისთვის არ იქნება მედიასთან დაკავშირებული პირველი საქმე — 2022 წლის იანვარში განიხილა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საჩივარი "მთავარი არხის" წინააღმდეგ, რაზეც, თავდაპირველად, კრიტიკული მედიის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, შემდეგ — შეცვალა და მარეგულირებელი კომისია გაამართლა.
დაბოლოს, "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ" მოამზადა დოკუმენტი, სახელწოდებით — "საერთაშორისო პრაქტიკა მედია აკრედიტაციასთან დაკავშირებით". მასში, განვითარებადი და განვითარებული ქვეყნების მაგალითებია მოყვანილი და საუბარია მედიის როლზე პარლამენტში.
  • დოკუმენტის მიზანია, საერთო სურათის დანახვაში მეტად დაგვეხმაროს და მისი ნახვა შესაძლებელია აქ

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ