10.05.2023
- წელს მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 86 მილიონამდე ლარს მიიღებს.
- თუმცა, მთლიანი ბიუჯეტი 161 მილიონზე მეტი იქნება, რაშიც წინა წლის კომერციული შემოსავლები, აუთვისებელი თანხა და შენობის გაყიდვით მიღებული 65 მილიონი ლარიც შედის.
ფართო სურათში:
- სახელმწიფო ხაზინიდან მაუწყებლისთვის გამოყოფილი წლევანდელი ბიუჯეტი იმაზე მეტია, ვიდრე 2022 წელს, საქართველოში არსებული ყველა ტელევიზიისა და რადიოს შემოსავლების საერთო ჯამი.
2023 წელს, ახალი და მიმდინარე ამბების წარმოება14 მილიონი ლარით დაფინანსდება. ის არხის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი განყოფილებაა.
- შარშანდელი ბიუჯეტი 12 მილიონ ლარზე მეტი იყო, მაგრამ მილიონით გადააჭარბეს "სამივლინებო ხარჯების ნორმის ცვლილებისა" და "უცხოური საინფორმაციო სააგენტოების მომსახურების, ასევე, სიგნალების გადმოგორების" გაზრდილი ღირებულების მიზეზით.
- რაც ნათლად ჩანს რეიტინგების მდგენელი ორგანიზაციის ანგარიშშიც, რომლის მიხედვით, 2022 წელს არხის საინფორმაციო გამოშვების რეიტინგი 0.65% იყო.
- გასულ ხუთ წელიწადში კი, საუკეთესო მაჩვენებელი 0.72% ჰქონდა.
- დაბალია არხის საერთო რეიტინგიც: წინა თვეში 2.1% იყო და მეცხრე ადგილზეა ყურებად ათ არხს შორის.
რაც შეეხება ნდობას,
- NDI-ის 2023 წლის კვლევით, მაუწყებელს გამოკითხულთა მხოლოდ 3% ენდობა.
- ხოლო მაუწყებლის მიერვე მომზადებული კვლევით, სრულ ნდობას რეგულარული მაყურებლის ნახევარიც კი არ უცხადებს (43.2%), უნდობლობის მაჩვენებლი კი 5.3%-ია.
- საზმაუს ხუთი გადაცემის გახსენება მხოლოდ 11%-მა მოახერხა, მაგრამ მოამბე დასახელებული გადაცემების ხუთეულს მიღმაა.
საზმაუს რეიტინგის გაზრდას ასახელებდა მთავარ მიზნად ყოფილი გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც ახლა სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს და პარლამენტში წლიურ ანგარიშსაც ის წარადგენს.
მისი ავტორობით მომზადებული ფილმი "მეფე ერეკლე — რეპორტაჟი ისტორიიდან", არხს 261 973 ლარი დაუჯდა.
საგულისხმოა, რომ:
- მაუწყებელმა, 2-საათიანი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი მას შემდეგ მოამზადა, რაც ხელისუფლებამ ერეკლე II-ის თემა პროპაგანდისა და ოპონენტების მარგინალიზების საგნად აქცია.
- ამ ერთი ფილმის ბიუჯეტი მიახლოებულია არხის ზოგიერთი გადაცემის წლიურ ბიუჯეტთან — მაგალითად, "კაცების შოუ", "შარქთენქ საქართველო", და ზოგიერთი გადაცემის მთელის წლის ბიუჯეტზე მეტია.
- 2022 წლის ბიუჯეტიდან სესხის მომსახურებაში 11,333,058 ლარი დაიხარჯა.
- საუბარია 45-მილიონიან ვალზე, რომელიც ხუთი წლის წინ ტექნიკური გადაიარაღების მიზნით აიღეს.
- წელს გენერალური დირექტორისა და დაქვემდებარებული სამსახურებისთვის 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
- სამეურვეო საბჭოსთვის — 1 289 153 ლარი.
მაუწყებლის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრის ხელმოწერა აქვს, ლიკა ბასილაია-შავგულიძის გარდა.