09.06.2023
რა ხდება?
- "ფორმულას" თანამშრომლებმა ორგანიზაცია "თავისუფლების ფორმულა" დააფუძნეს და სამართლებრივად, არასამეწარმეო იურიდიული პირის (ააიპ) სტატუსით, საჯარო რეესტრში უკვე დაარეგისტრირეს.
- არხის გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის თქმით, სწორედ ამ ორგანიზაციას გადასცა ტელევიზიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით კეზერაშვილმა კუთვნილი წილის ნახევარი — 25 პროცენტი და ეს უკვე ნოტარიულად დამოწმდა.
- “კეზერაშვილის პირადობის მოწმობას მოქმედების ვადა გაუვიდა და სახელმწიფომ უარი უთხრა დოკუმენტის განახლებაზე, რადგან ის ძებნილია", — ამბობს გუმბარიძე.
გენერალური დირექტორის თქმით, "სხვა გზებზე მუშაობენ", რასაც ცოტა ხანში გააცნობენ საზოგადოებას.
- "თუმცა, დარეგისტრირდება თუ არა დოკუმენტი, მას უკვე აქვს იურიდიული ძალა, რადგან ნოტარიულად დამოწმებულია კეზერაშვილის ნება, ამ ორგანიზაციას გადასცეს წილის ნახევარი", — გვითხრა ზუკა გუმბარიძემ.
დეტალები:
ორგანიზაციის დაფუძნების ეს პროცესი მოჰყვა ტელეკომპანია BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც მიუთითებენ ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელის კავშირებზე გლობალურ თაღლითურ სქემაში ჩართულ Milton group-ის კომპანიებთან.
- "თავისუფლების ფორმულა" ტელეკომპანიის 39-მა თანამშრომელმა დააფუძნა. მათ შორის არიან არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების წამყვანები და ახალი ამბების პროდიუსერები.
- ორგანიზაციის მმართველობის ორგანო 11 წევრისგან შედგება.
- წესდებაში მითითებულია, რომ წევრებმა, "თავისუფლების ფორმულას" გამგეობის თავმჯდომარედ ნინო ჟიჟილაშვილი ერთი წლის ვადით აირჩიეს. ის არის პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი "ფორმულაზე".
- ლევან ლომინაძე
- სალომე თავაძე
- მარიამ ბაჯელიძე
- ირაკლი კიკნაველიძე
- ნანა ინწკირველი
- ელისო ჯარიაშვილი
- ირაკლი ტაბლიაშვილი
- მარიამ ფანქველაშვილი
- სოფიო ხუნწარია
- რატი მუჯირი.
"თავისუფლების ფორმულას" შემადგენლობა ორგანიზაციის დაფუძნების ერთ-ერთ მიზნად მედიის ადვოკატირების მიმართულებას ასახელებს.
კომენტარები:
ზუკა გუმბარიძე, ტელევიზიის გენერალური დირექტორი:
- "ამით შევქმენით იურიდიული მექანიზმი, რამაც ისე შეცვალა დამფუძნებელთა სტრუქტურა, რომ ვერც ერთი კონკრეტული დამფუძნებელი ვეღარ მიიღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს".
- "რაც, აქამდეც ასე იყო, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ახლა ამას იურიდიული ფორმაც ექნება", — თქვა მან "ბილტმორში" გამართულ ღონისძიებაზე, სადაც დაფუძნების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს.
ნინო ჟიჟილაშვილი, ჟურნალისტი, "თავისუფლების ფორმულას" გამგეობის თავმჯდომარე:
- "ახლა, ამ ორგანიზაციის დაფუძნებით, გამიჩნდა განცდა, რომ ეს იქნება დამატებითი შესაძლებლობა, სამართლებრივ ჩარჩოში მოვაქციოთ სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხები".