მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილება ამოქმედდა - რა შეიცვალა?
31.07.2023
მოკლედ:
  • სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, სამი მოსმენით მიღებულ ცვლილებებს კანონში "მაუწყებლობის შესახებ".
  • პრეზიდენტმა არ გაიზიარა მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მოსაზრებები და მოწოდება, გამოეყენებინა ვეტოს უფლება და მხარი არ დაეჭირა "ოცნების" საკანონმდებლო პროექტისთვის.
რა შეიცვალა?
სხვა ცვლილებებთან ერთად,
  • გაუქმდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო;
  • გაიზარდა პირველი არხის ბორდის შემადგენლობა 9-დან 11 წევრამდე, აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის მინიჭებული კვოტით, სადაც, პარლამენტის მსგავსად, უმრავლესობას "ოცნება" ფლობს.
  • დაუქვემდებარა აჭარის საზმაუს მენეჯმენტი პირველი არხის ბორდს, რომელსაც ხელმძღვანელობს ვასილ მაღლაფერიძე — "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე და მმართველი პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი.
  • მეურვეთა უმრავლესობას შეეძლება უნდობლობა გამოუცხადოს მაუწყებლების დირექტორს.

რა კანონია?
  • ეს კანონი ზოგადად, მედიამომსახურების სფეროში რეგულირების პირობებს განსაზღვრავს, და ამავდროულად, ადგენს საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი მაუწყებლების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ წესებს.

რატომ ითხოვდნენ ორგანიზაციები ვეტოს?
  • "მედიაომბუდსმენის" არგუმენტით, "ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, უპირისპირდება აჭარის ავტონომიურობის ცნებას, არ ითვალისწინებს აჭარის მაუწყებლის საჭიროებებს, გააღრმავებს უნდობლობას საზოგადოებრივი მაუწყებლების მიმართ და გამოიწვევს ახალ კრიზისებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის პროცესში." ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნათია კაპანაძემ, ეს მოსაზრებები პრეზიდენტ ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართვისას გაუზიარა.
  • "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" არგუმენტით, "ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული მოწყობის პრინციპებს და აჭარის ტელევიზიას საზოგადოებრივ მაუწყებელს უქვემდებარებს". "ქარტიამ" ვეტოს დადების მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტს საჯარო განცხადებით მიმართა.
  • მედიის ადვოკატირების კოალიცია (16 ორგანიზაციის გაერთიანება) მიიჩნევს, რომ ამით "გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებულ მოდელს და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ვასილ მაღლაფერიძის ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურება."

რა რისკებს შეიცავს ცვლილება?
შესაძლოა,
  • მმართველი პარტიის სასარგებლოდ დაირღვეს წარმომადგენლობითი ბალანსი საზმაუს სამეურვეო საბჭოში, რომელთანაც ანგარიშვალდებულება ერთდროულად უკვე ორი საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს ექნება;
  • და ხელისუფლებისთვის აღმოჩნდეს ბერკეტი, მოიპოვოს გავლენა სამეურვეო საბჭოს უმრავლესობაზე, რადგან, მეურვეთა არჩევის წესის მიხედვით, 3-3 კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო უმრავლესობასაც და აჭარის უმაღლეს საბჭოსაც, სადაც უმრავლესობას ასევე მმართველი პარტია ფლობს; ეს "ოცნების" მიმართ კეთილგანწყობილი ექვსი მეურვის არჩევას ნიშნავს, რაც საკმარისი რაოდენობაა ორივე მაუწყებლის პრიორიტეტების განსასაზღვრად მისაღები გადაწყვეტილებებისთვის, რადგან მეურვეთა დანარჩენი ხუთი კანდიდატიდან სამს საპარლამენტო უმცირესობა, ორს — სახალხო დამცველი წარადგენს, თუმცა, საბჭოს გადაწყვეტილებებზე ხუთი — ექვსის წინააღმდეგ, გადამწყვეტ გავლენას ვერ მოახდენს.

რას ამბობს კანონპროექტის ავტორი?

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ