ალგორითმი ხელს უწყობს სოციალურ ქსელებში ე.წ "ბაბლების" ჩამოყალიბებას - როგორ უნდა გაუმკლავდნენ ჟურნალისტები ახალ გამოწვევას?
10.08.2023
სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ბევრი ინფორმაცია ინფორმაციის მრავალფეროვნებას არ ნიშნავს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენს ინტერესებს ალგორითმი განსაზღვრავს.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?

2023 წლის ივლისის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 60%-ზე მეტი იყენებს სოციალურ ქსელს, შესაბამისად დღითიდღე იზრდება "ახალი მედიის" როლი სხვადასხვა თემებზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის.

მცირე, თუმცა სოციალურ ქსელებში აქტიური, ხშირად კოორდინირებული და არაავთენტური ჯგუფები ცდილობენ წამოიწყონ დისკუსია მათთვის სასურველ თემაზე, რაც თავის მხრივ ამწვავებს დაპირისპირებას დანარჩენ საზოგადოებაში, რადგან ალგორითმის საშუალებით მარტივია დიდ აუდიტორისთან წვდომა.

მოკლედ, როგორ მუშაობს ალგორითმი?

სოციალური ქსელების ალგორითმი ტექნიკურად სხვადასხვანაირად მუშაობს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში აქვთ ერთი მიზანი - შეისწავლონ მომხმარებლის ქცევა, ინტერაქცია და მიაწოდონ ის კონტენტი, რომელიც მას მოსწონს და დიდხანს გააჩერებს პლატფორმაზე.

რა პრობლემაა?

მაშინაც კი, თუ მომხმარებელი მუდმივად კითხულობს, უყურებს სხვადასხვა პრორუსული, დეზინფორმაციული გვერდების კონტენტს, ალგორითმი მუშაობს ანალოგიური პრინციპით და ამ მომხმარებელს მუდმივად აწვდის პროპაგანდისტულ მასალებს.
  • მიუხედავად იმისა, რომ ე.წ "ფაქტ-ჩეკერები" ყალბი, არაზუსტი მასალების მოსანიშნად და წასაშლელად აქტიურად მუშაობენ, დეზინფორმაცია მაინც დიდი მასშტაბით ვრცელდება.
"როგორ ამოვიცნოთ ბოტები?" - წაიკითხეთ ვრცლად.
  • ეს კი აჩენს ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორ მხარეს, ე.წ "ბაბლებს" ("პატარა საზოგადოებებს") სოციალურ ქსელებში.
  • მწვავე პოლარიზაციის პირობებში, მედიის მიერ ამბების სწორად გაშუქებასა და ინფორმაციის ყველა "ბაბლის" წევრამდე მიტანას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.


როგორ შეუძლია მედიას "გაწვრთნას" ალგორითმი?

პასუხისმგებლიანი მედიისთვის ახალი გამოწვევაა, რომ მათი გადამოწმებული, ღირებული მასალები უბრალოდ ვერ აღწევს იმ აუდიტორიამდე, რომელიც მუდმივად პროპაგანდისტულ მასალებს ეცნობა.

რატომ? - პრობლემა კვლავ ალგორითმის მუშაობის პრინციპია.

ამიტომ, ცალკეულ ჟურნალისტებს, შეუძლიათ თავად გაწვრთნან თავიანთი სოციალური ქსელის აგორითმი ისე, რომ მათაც ხვდებოდეთ დეზინფორმაციული, პრორუსული ან პროსახელისუფლებო გვერდები და მათი მესიჯები, რადგან იცოდნენ რა ხდება სხვადასხვა "ბაბლებში" და რა გზავნილები ვრცელდება.

  • სოციალურ ქსელებში დააკვირდნენ სხვადასხვა პოსტის კომენტარებში ან გაზიარებების ველში ანგარიშებს, მათ გზავნილებს.

  • სხვა რომელ გვერდებს "მისდევენ" ეს მომხმარებლები, რა/ვინ აინტერესებთ? - გამოიწერეთ იმავე გვერდები.

  • ზიარდება თუ არა პოსტები სხვადასხვა პროსახელისუფლებო ჯგუფებში? როგორია ამ ჯგუფებსა და ინდივიდუალურ პროფილებზე გაზიარებული პოსტის ინტერაქცია - დაემატეთ იმავე ჯგუფებში.

ამ გზით, შესაძლებლობა გექნებათ გაიგოთ რა ხდება საზოგადოების სხვადასხვა ციფრულ ჯგუფებში. თუმცა, მნიშვნელოვანია საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებთან პირდაპირი საუბარი იმაზე თუ რა ხვდებათ სოციალურ მედიაში ხშირად, რომელ გვერდებს ეცნობიან ახალი ამბებისთვის და სხვა.

ჟურნალისტებს, სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა ქცევასა და ინტერაქციაზე დაკვირვებით, შეუძლიათ, რომ ერთი მხრივ, იცოდნენ რა არის ე.წ "მესიჯბოქსი" კონკრეტული დროისთვის, მეორე მხრივ კი ამ "კვლევას" გამოიყენებს თავისი მასალებით დეზინფორმაციის მორიგი კამპანიის პრევენციისთვის.

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ