რა ცვლილებები იგეგმება კომუნიკაციების კომისიის წევრების შერჩევის პრინციპში
13.11.2023
მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება, რითაც კომისიის წევრების შერჩევის პრინციპი ყალიბდება. კანონპროექტის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან. განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ “ცვლილებები ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება”.

რა ცვლილებები შევა კანონში?


1. მთავრობის მიერ წარსადგენი კანდიდატების შესარჩევად შეიქმნება საკონკურსო კომისია. როგორც კანონპროექტშია განსაზღვრული, საკონკურსო კომისია “დაკომპლექტებული უნდა იყოს მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით”.

  • კომისია გადაარჩევს განცხადებებს და გამართავს გასაუბრებებს იმ კანდიდატებთან, ვინც აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ განათლებისა და სამუშაო გამოცდილების საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
  • საბოლოოდ, მთავრობას წარუდგენს რეკომენდაციას შესაბამის კანდიდატებთან დაკავშირებით.

2. იცვლება კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების მუხლიც. როგორც ავტორები აღნიშნავენ, თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი “მეტისმეტად მკაცრია” და ცვლილებები მათ დამოუკიდებლობის გაზრდას ემსახურება.

  • მოქმედი კანონით, საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, აღძრას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა - “კომისიის წევრის მიერ ზედიზედ 15 დღეზე მეტი ხნით ან წლის განმავლობაში 2 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში“.
  • ცვლილებებით კი - “კომისიის წევრის მიერ ზედიზედ 3 თვეზე მეტი ხნით ან წლის განმავლობაში 4 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში”.

3. კომუნიკაციების ეროვნული კომისიას და წევრის, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხიც განიხილება, ექნება უფლება წერილობით ან/და ზეპირად გააცნოს საკუთარი პოზიცია პარლამენტს.

4. იცვლება მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ჩანაწერი.

  • მოქმედი: “კომისიის წევრის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით”.
  • ცვლილების შემდეგ: “კომისიის წევრის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით, კანონიერების, გამჭვირვალობის, კანდიდატების თანასწორობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით”.

რატომ გახდა ახალი ცვლილებები საჭირო?


განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ “ცვლილებები ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება”.

  • “რეკომენდაცია ითვალისწინებს, რომ კომისიის დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით უნდა დაიხვეწოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთან თანამდებობაზე განწესების მარეგულირებელი ნორმები, დაემატოს კომისიის წევრის შერჩევის პრინციპები, ახლებურად ჩამოყალიბდეს მთავრობის მიერ წევრების კანდიდატთა ნომინირების საკითხები და შეიცვალოს კომისიის წევრთა გათავისუფლების საფუძვლები და პროცედურა”.

რატომ არის საკითხი მნიშვნელოვანი:

  • ევროკომისიამ 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. კომისიამ დაასახელა 9 პირობა, რომლებიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა წევრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
  • ერთ-ერთ პირობა ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფაა, მათ შორის, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიაში.
  • სფეროზე მომუშავე ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ კომისიას ქართულ ოცნებასთან მჭიდო კავშირი აქვს და გადაწყვეტილებებსაც შესაბამისად იღებს.
  • ევროკავშირის წარმომადგენლობა ჯერ კიდევ გასულ თვეს აღნიშნავდა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხრიდან მოისმინეს მრავალი ავტორიტეტული აქტორის შეშფოთება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოს მარეგულირებლის დამოუკიდებლობას.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ