30.11.2023
კონტექსტი
2023 წლის 6 თებერვალს გამოქვეყნდა საქართველოს პარლემენტის თავმჯდომარის ბრძანება, რომელიც ამტკიცებდა ჟურნალისტთა აკრედიტაციის ახალ წესებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მოვალეობები მოიცავს:
- პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.
- პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტი, მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს;
- წაიკითხეთ ვრცლად: "რატომ არის პრობლემური პარლამენტში მედიის აკრედიტაციის ახალი წესები?"
გამოკითხულია 67 აკრედიტირებული ჟურნალისტი, კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ გამოკითხვაში მონაწილეობის თვალსაზრისით, პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების ჟურნალისტები ყველაზე პასიურები იყვნენ.
- "საპარლამენტო ჟურნალისტების" 24% ამბობს, რომ ერთხელ მაინც ჰქონია აკრედიტაციის შეჩერების გამოცდილება. ამ საქმეების თითქმის ნახევარი დაკავშირებულია ჟურნალისტების "რუსული კანონის" წინააღმდეგ გამართულ პროტესტთან.
- მედიის წარმომადგენელთა 55% ამბობს, რომ პარლამენტში აკრედიტაციის ახალი წესის დამტკიცების შემდეგ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაუარესდა, ასევე მკვეთრადაა შეცვლილი პარლამენტის წევრების ზოგადი კეთილგანწყობა და მათგან კომენტარის მიღების შესაძლებლობა.
რა საფრთხეა?
მედიის წარმომადგენლები პარლამენტის აკრედიტაციის ახალ წესში ცენზურისა და დეპუტატების მხრიდან კრიტიკული კითხვების არიდების საფრთხეს ხედავენ.
- პრობლემურია მედიასაშუალებებისთვის აკრედიტირებული ჟურნალისტების რაოდენობრივი შეზღუდვა;
- 70%-ზე მეტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პოლიტიკური კრიზისისას, აკრედიტაციის სისტემა, ხელისუფლებამ შესაძლოა მედიაზე გავლენის მოსახდენად გამოიყენოს;
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რეკომენდაციები:
- ქართულ საზოგადოებას არ უნდა წაერთვას უფლება, გაეცნოს არჩეული წარმომადგენლების მოსაზრებებს ქვეყნისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
- აკრედიტაციის შეჩერება-გაცემის გადაწყვეტილება, იდეალურ შემთხვევაში, უნდა მიიღოს პარლამენტის დამოუკიდებელმა ორგანომ, რომელიც მიუკერძოებელი პირებისგან უნდა დაკომპლექტდეს.
- აკრედიტაციის სისტემით განპირობებული შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოები გამჭვირვალეა და საჯარო ინფორმაციას დროულად გასცემენ.
- აუცილებელია, აკრედიტაციის წესების გადახედვა მედიის წარმომადგენლებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.
- მნიშვნელოვანია ჟურნალისტების მიერ დასახელებული პრობლემური საკითხების შესწავლა-გაანალიზება, მათ შორის ინტერსექტორული თანამშრომლობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ხარისხის გასაზრდელად.