ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ პოლიციელის მხრიდან ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტები - ქარტიის განცხადება
23.01.2024
23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების გაშუქებისას, სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ ჟურნალისტებს.

დაკავებულია "მთის ამბების" რედაქტორი, გელა მთივლიშვილი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს, მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ გელა მთივლიშვილი და გამოიძიონ პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები.

გელა მთივლიშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავეს. "ქარტია კატეგორიულად გმობს გელა მთივლიშვილისათვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს და მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული ჟურნალისტი, ასევე სასწრაფოდ გამოიძიონ მისი დაკავებისას პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების ფაქტი." - ვკითხულობთ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

ქარტია ასევე ეხმაურება "მაუწყებლის" ჟურნალისტზე პოლიციელის მხრიდან პროფესიულ საქმინობაში ხელის შეშლას, "რატი რატიანი პირდაპირ ეთერში აშუქებდა აღსრულების პოლიციის მიერ ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესს, რა დროსაც ის პოლიციელმა უხეში ძალის გამოყენებით ძირს ჩამოაგდო, რითიც საფრთხე შეუქმნა მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს" - წერია განცხადებაში. ქარტია გმობს ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს, პოლიციის ამგვარი ქმედება ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ათობით დანაშაული დღემდე გამოუძიებელია. ის ასევე ძირს უთხრის ქვეყნის მისწრაფებას, გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი, სადაც სრულად არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ჟურნალისტების პროფესიული უფლებები."

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ