08.05.2024
საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალის, „არილის“ განცხადებით, კულტურის სამინისტრომ და პირადად თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა "არილისთვის" დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა, რის გამოც ჟურნალის გამოცემა ამ ეტაპზე წყდება.
„როგორც მოსალოდნელი იყო,
კულტურის სამინისტრომ და პირადად თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული
პოლიტიკა "არილისთვის" დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა. და თანაც ეს
გააკეთა, როგორც მას სჩვევია, ცინიზმით - „არილის“ საიუბილეო, 30-ე
წელს.
გადაწყვეტილება, რა თქმა
უნდა, პოლიტიკურია. „არილი“ და მისი რედაქტორები არ ემორჩილებიან
სამინისტროს ცენზურას, ყოველთვის გამოხატავდნენ კრიტიკულ პოზიციას და
ამ თვალსაზრისით არასდროს უფიქრიათ რაიმე კომპრომისზე.
„არილმა“ მხარი დაუჭირა
რუსული კანონის წინააღმდეგ მოძრაობას, სოლიდარობა გამოუცხადა
თავისუფალ გამომცემლობებს, რომლებიც არაადეკვატური პოლიტიკოსების
თავდასხმის სამიზნეები გახდნენ და, რაც მთავარია, ერთგულად აგრძელებდა
საკუთარი ღირებულებებისა და პრინციპების დაცვას.
„არილისთვის“ დაფინანსების
შეწყვეტა, ცხადია, კავშირშია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ
პროცესებთან და ლოგიკური გაგრძელებაა ხელისუფლების მიერ წამოწყებული
ანტიდასავლური პროპაგანდის.
არილი იყო და არის
ლიტერატურასა და, ზოგადად, ხელოვნებაში დასავლური ღირებულებების,
თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი რეპრეზენტატორი და ხმა. წლების
მანძილზე "არილში" გამოქვეყნებული ტექსტები იყო მნიშვნელოვანი წყარო,
კავშირების დამყარების შესაძლებლობა საგანმანათლებლო სივრცისთვის,
სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის თანამედროვე დასავლურ სამყაროსთან.
იგი იყო მთავარი მხარდამჭერი 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
საქართველოს მასპინძლობისა. ჟურნალმა რამდენიმე სპეციალური ნომერიც
მიუძღვნა ამ მოვლენას 2018 წლის განმვლობაში.
ამიტომ, ცხადია, "არილი"
ვერ და არ ჩაჯდებოდა იმ კულტურულ და პოლიტიკურ კონიუნქტურაში, რომელიც
ბოლო წლებში შექმნა თეა წულუკიანმა.
"არილის" არსებობას ხომ
მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს რამე საზრისი, თუ ის თავისუფალი და
დამოუკიდებელი იქნება. მივმართავთ ჩვენს მკითხველებს, ავტორებს,
მეგობრებსა და პარტნიორებს, საგამომცემლო სახლებსა და შესაბამის
ფონდებს, იქნებ ვიფიქროთ, თუ როგორ გადავარჩინოთ ერთად იდეა -
„არილი“. ამის პრეცედენტი არაერთხელ ყოფილა, როცა „არილის“
მკითხველებმა და გულშემატკივრებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს
ჟურნალის გადარჩენაში.
„არილი“ ათწლეულების
ტრადიციაა, რომელიც თავისუფლების, მომავალზე ზრუნვის, წარსულის
გააზრებისა და შემოქმედებითი ძალისხმევების სივრცედ ჩამოყალიბდა.
„არილის“ იდეა ამ მცდელობებში იწრთობოდა წლების მანძილზე, ეს გზა
გამოიარეს მისმა ერთგულმა ავტორებმა და მკითხველებმა და არაერთი
დაბრკოლების მიუხედავად, ეს იდეა დღემდე არსებობს და სულ უფრო და უფრო
მწიფდება!“ - წერია განცხადებაში