16.08.2024
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენისა და „რუსულად" მოხსენიებისთვის 2500 ლარით დააჯარიმა.
“„მთავარი არხის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ პოლიტიკური
შინაარსის ვიდეორგოლებში, ნეგატიურ კონტექსტშია წარმოჩენილი „უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც
მოხსენიებულია საზოგადოების ყველა ნაწილისთვის საფრთხის შემცველ
„რუსულ“ კანონად.
„აღნიშნული ვიდეორგოლები განაწყობს საზოგადოებას იმ
პოლიტიკური გაერთიანებებისა და მათი წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ,
რომლებმაც მხარი დაუჭირეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
საქართველოს კანონის მიღებას. აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების
კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლების მიზანია აღნიშნული კანონის
მხარდამჭერი პოლიტიკური გაერთიანებების არჩევის ხელშეშლა მომავალ
საპარლამენტო არჩევნებში,“ - განმარტავს
კომისია.
ვინაიდან „მთავარი არხი“ ანალოგიური დარღვევისთვის გასულ თვეში
კომისიამ წერილობითი გაფრთხილება, ახლა ComCom-მა მაუწყებელს კანონით
გათვალისწინებული მინიმალური ჯარიმა დააკისრა და ვიდეორგოლის
სამაუწყებლო ბადიდან ამოღება დაავალა.
კომისიის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს დემოკრატიული
ინიციატივის“ წარმომადგენლებმაც, რომლებმაც განმარტეს, რომ
ვიდეორგოლები კანონმდებლობით გათვალისწინებული
პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის ცნებაში არ ექცეოდა და ის სოციალურ
რეკლამას წარმოადგენდა.
„მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ
მედიებისათვის ცენზურის დაწესება „რუსული კანონის“ ხსენებისათვის,
არის ავტორიტარული რეჟიმის კიდევ ერთი გამოვლინება იმ მთავარი
გზავნილით, რომ მაუწყებლებმა აღარ გააკრიტიკონ ქვეყანაში მიმდინარე
მოვლენები, მათ შორის რუსული კანონის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ
კანონი ერთი მხრივ უშუალოდ მაუწყებლებს ეხება, მეორე მხრივ კი
მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.
გარდა ამისა, ჩვენი აზრით, კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება არის
მინიშნება იმისა, რომ კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნოდ
მმართველი პარტიის ინტერესების გატარებასა და რუსული კანონის ირგვლივ
არსებული კრიტიკის ჩახშობის პროცესში ერთ-ერთი მთავარი აქტორი
იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისია ბოლო დროის განმავლობაში, წინასაარჩევნოდ, განსაკუთრებით
აქტიურად იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს მაუწყებლების
წინააღმდეგ, რაც აშკარას ხდის კრიტიკული მედიის მიმართ დაწყებულ
სრულმასშტაბიან შეტევას ავტორიტარული ხელისუფლების კიდევ ერთი
ინსტიტუტის მხრიდან,“ - ნათქვამია GDI-ის
განცხადებაში.
საქმე „მთავარი არხის“ ეთერში განთავსებულ ორ ვიდეორგოლს
ეხება. პირველ რგოლში ნახსენებია, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია
ნაკლებად პოპულარული იყო ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში,
თუმცა, სამოქალაქო სექტორის კვლევით დამტკიცდა, რომ ეს ყველა რეგიონზე
არ ვრცელდება და სტერეოტიპების დარღვევას ეთნიკურად აზერბაიჯანული
მედია ებრძვის. ვიდეორგოლის ბოლოს აღნიშნულია: „რამდენადაც მარტივია
მაგალითების პოვნა რა სიკეთე მოუტანა დასავლურმა ცოდნამ და დახმარებამ
სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, იმდენად მარტივია დანახვა რა
საფრთხე დაემუქრა საზოგადოების ყველა ნაწილს „რუსული კანონის“
ამოქმედებით.“
მეორე ვიდეორგოლში კი, ნიაზ დიასამიძის სიმღერის ფონზე
ნაჩვენებია კადრები რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციებიდან,
რის შემდეგაც ჩანს ლოგო: „კი - ევროპას, არა- რუსულ კანონს“.
„მთავარი არხის“ განმარტებით, სადავო ვიდეორგოლები განთავსებული
იყო არა პოლიტიკური, არამედ სოციალური რეკლამის სტატუსით, რომლის
მიზანიც იყო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე, განსაკუთრებით
კი ევროინტეგრაციაზე ყურადღების გამახვილება.
„მათი მოსაზრებით ვიდეორგოლები ვერ ჩაითვლება პოლიტიკურად
ვინაიდან მასში არაა ნაჩვენები/ნახსენები არც ერთი პოლიტიკური
პარტია. “მთავარი არხის” წარმომადგენლემა ყურადღება გაამახვილა
იმაზეც, რომ კანონი თავად მას, მაუწყებელსაც ეხება და შესაბამისად
მაუწყებელს სრული უფლება აქვს დააფიქსიროს საკუთარი სარედაქციო
პოზიცია/აზრი ამ კანონთან დაკავშირებით, მათ შორის მას უწოდოს
„რუსული“, ხოლო დაუშვებელია კომუნიკაციების კომისია ჩაერიოს
გამოხატვის შინაარსში“, - წერს GDI
კომუნიკაციების კომისიამ ივლისში "მთავარი არხი" რუსული
კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამოც
გააფრთხილა.
„მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციების კომისიის მსგავსი აქტიურობა და
ცენზურის შემცველი გადაწყვეტილებები, მიზნად ისახავს სამაუწყებლო
სივრცეში კანონის “რუსულ კანონად” მოხსენიების ცენზურას, რათა
მედიასივრცეში გაქრეს რუსული კანონის ირგვლივ არსებული დისკუსია და
ზოგადად ხელისუფლების კრიტიკა, ამჯერად კომუნიკაციების კომისიის
გამოყენების გზით. აღნიშნული ტენდენცია კიდევ უფრო საფრთხისშემცველია
კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არსებული ისეთი გამოწვევების ფონზე,
როგორიც არის რუსული კანონის ამოქმედება, ჟურნალისტებზე
ფიზიკური/სიტყვიერი თავდასხმები, SLAPP სარჩელების მზარდი ტენდენცია,
ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დისკრედიტაციული განცხადებები
და სხვა", - აცხადებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“.
ComCom-მა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის
არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის 15 აგვისტოს წერილობით
გააფრთხილა POSTV-იც.
"„პოსტვ“-ის ეთერში გავიდა ვიდეორგოლები, სხვადასხვა
საწარმოებისა და მეწარმეების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო
პროგრამების დახმარებასა და პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“
მიერ მეწარმეობის სფეროში წარმატებული პროექტების შესახებ საუბრობენ.
ამასთან, ვიდეორგოლებს მითითებული აქვს წარწერა: „ქართული ოცნების“
დაფინანსებული 100-ზე ბევრად მეტი ქარხანა“. ეთერში განთავსებული
პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლების მიზანი არის არა მხოლოდ
მეწარმეებისა ან სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაციის
გავრცელება, არამედ პოლიტიკური მოძრაობის „ქართული ოცნების“ არჩევის
ხელშეწყობა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე,“ - ვკითხულობთ
ComCom-ის განცხადებაში.
იმის გამო, რომ POSTV ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი
დარღვევისთვის არ დასანქცირებულა, კომისიამ მაუწყებელი წერილობით
გააფრთხილა.
ივნისის თვეში ComCom-მა არაწინასაარჩევნი პერიოდში პოლიტიკურ
რეკლამად „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საკუთარ წიგნზე საუბარიც
მიიჩნია და 4 ტელეკომპანია: „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ ,„ფორმულა“
და „კავკასია“ დაასანქცირა.
ComCom-მა ყველა ეს გადაწყვეტილება მონიტორინგის საფუძველზე
მიიღო. მათი განმარტებით, ყველა ტელემაუწყებლის მონიტორინგს კომისია
წელიწადში არანაკლებ ორჯერ ატარებს. ამასთან, წლის განმავლობაში
რამდენჯერმე დამატებით ხორციელდება ყველაზე რეიტინგული, TOP 10
ტელემაუწყებლის მონიტორინგიც.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს
გაიმართება, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) კი საარჩევნო
კოდექსის მიხედვით, კენჭისყრის
დღემდე 60 დღით ადრე იწყება.
რისთვის
ასანქცირებს ComCom-ი ტელემედიის ნაწილს -
ვრცლად გაეცანით „მედიაჩეკერის“ მიერ მომზადებული
მასალას.