„მედიის განვითარების ფონდის“ ფაქტების გადამოწმების პორტალმა,
„მითების დეტექტორმა“ კომუნიკაციების კომისიის პლატფორმის -
“მედიაკრიტიკა" 139 სტატია
გააანალიზა. 2023 წლის 1 მარტი - 2024 წლის 31
ივლისის პერიოდის მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველაზე
დიდ დროს mediacritic.ge კვლავ იმ
მედიასაშუალებების კრიტიკას უთმობდა, რომლებიც ხელისუფლების მიმართ
კრიტიკულ სარედაქციო პოზიციას ატარებენ.
კვლევის შედეგად გამოკვეთილი ტენდენციები:
- მარეგულირებელი კომისიის “მედიაკრიტიკა” ყველაზე მეტ დროს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი სარედაქციო პოლიტიკის მედიებს უთმობს;
- დისპროპორციულად გაშუქების გარდა, იკვეთება შემთხვევები, როცა კრიტიკა ხელისუფლების პოზიციების გამართლებით ან დაცვით უფროა მოტივირებული, ვიდრე პროფესიული სტანდარტების.
- მარეგულირებლის პლატფორმა ზოგჯერ არა ჟურნალისტებს, არამედ მათი პოზიციის გამო რესპონდენტებსაც კი აკრიტიკებს (საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციის დეპუტატი).
- მედიაკრიტიკა უგულებელყოფს ინფორმაციებს, რომლებიც ქართულ მედიაზე სახელისუფლებო გავლენებს და მედია გარემოს გაუარესებას შეეხება და ამავე დროს აშუქებს მასალებს, რომლებიც დასავლურ მედიაში არსებულ გამოწვევებზეა ფოკუსირებული, რაც ქმნის დიქოტომიას, რომ საქართველოში მედია სახელისუფლებო გავლენებისგან სრულიად თავისუფალია და პრობლემები მხოლოდ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებს აქვთ.
- მედიაკრიტიკას გამჭვირვალობის პრობლემებიც აქვს.
- წარსულში მედიაკრიტიკის პლატფორმაზე სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედიების ჟურნალისტები ხშირად წერდნენ, თუმცა ბოლო დროს ვებ-გვერდზე მათი პუბლიკაციები ნაკლებად გვხვდება, სამაგიეროდ იმატა სტატიებმა, რომელთა ავტორები სავარაუდოდ პუბლიკაციებს ფსევდონიმით აქვეყნებენ.
- 2019-2022 წლებში მედიაკრიტიკის ბიუჯეტმა ჯამურად 1 678 103.65 შეადგინა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი შრომით ანაზღაურებაზე მოდის, თუმცა უცნობია, რა თანხები იხარჯება გარე ავტორების ჰონორარებზე.
"მედიაკრიტიკის" წელიწადნახევრიანი პერიოდის მონიტორინგის მიხედვით, იმ 109 მასალიდან, რომელიც ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებს ეხებოდა, ყველაზე ხშირი სამიზნე “ტვ პირველი”, "მთავარი არხი" და "ფორმულა" იყო. სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიებიდან კი ყველაზე მეტად “მედიაკრიტიკის” სტატიებში "ტვ იმედი" და "რუსთავი 2" იყო მოხსენიებული, 1 შემთხვევაში კი – "საზოგადოებრივი მაუწყებელი".
როგორც "მითების დეტექტორის" კვლევაში ვკითხულობთ, “მედიაკრიტიკის” ობიექტივში საერთოდ არ ფიგურირებდნენ ხელისუფლების პროპაგანდისტული PosTV ან ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი სხვა მედიები. ასევე, კრემლისტური და ულტრამემარჯვენე გამოცემები, რომლებიც პროფესიული სტანდარტების უგულებელყოფასთან ერთად, სიძულვილის ენის გაღვივების მხრივაც გამოირჩევიან.
სახელისუფლებო და სხვა მედიების დისპროპორციულად გაშუქების გარდა,
“მედიაკრიტიკის" მასალების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა
ტენდენციაც, რომ ComCom-ის ერთ-ერთი პლატფორმის კრიტიკა
ხელისუფლების პოზიციების გამართლებით ან დაცვით უფროა მოტივირებული,
ვიდრე პროფესიული სტანდარტების.
"მაგალითად, ერთ მასალაში გაკრიტიკებულია არა სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელეკომპანია “იმედი”, არამედ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 7 ნოემბერთან დაკავშირებულ შეკითხვაზე მისი პასუხის გამო, რომლის საპირირწონედაც სტატიაში ახსნილია, თუ რატომ არ შეიძლება და რატომ არ უნდა დაივიწყოს “იმედმა” სააკაშვილი.
ამ შემთხვევისგან განსხვავებით, ერთ-ერთ მასალაში “იმედის” ჟურნალისტი აშშ-ის ახალ ელჩისთვის რობინ დანიგანისთვის საკმარისად მწვავე კითხვების არდასმის გამო არის გაკრიტიკებული ფსევდონომით მოქმედი ავტორის, ზვიად ლიპარტელიანის მიერ".
მეორე სახელისუფლებო არხის, "რუსთავი 2"-ის შემთხვევაში კი კრიტიკის ადრესატი არა ჟურნალისტი, არამედ გადაცემის სტუმარი, ოპოზიციონერი დეპუტატი თინა ბოკუჩავა იყო. "მედიაკრიტიკის" მასალის მიხედვით, ბოკუჩავამ ინტერვიუს მსვლელობისას წამყვანის კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, პარტიის პოლიტიკური გზავნილები გააჟღერა.
"სტატიაში წამყვანის დასაცავად აღნიშნულია, რომ ჟურნალისტი ინტერვიუს მსვლელობისას რამდენჯერმე ეცადა, რესპონდენტს თემიდან არ გადაეხვია, თუმცა, პასუხად მხოლოდ წინასაარჩევნო პარტიულ ლოზუნგებს იღებდა".
კიდევ ერთი მაგალითი, როცა მარეგულირებლის
“მედიაკრიტიკა” რესპონდენტის შეხედულების რევიზიით დაკავდა,
საქართველოს პრეზიდენტის ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუს და
თავად ფრანგული მედიის (France
24 და
Radio France) ჟურნალისტებს
შეეხებოდა. საქართველოს საგარეო პოლიტიკური
ვექტორის შეცვლასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიმართ დასმული
კითხვების გამო, "მედიაკრიტიკის" სამიზნე BBC-ის Hardtalk-ის
წამყვანიც
გახდა.
როგორც მედიამონიტორინგის ანგარიშში ვკითხულობთ, ქართული
მედია გაშუქების კრიტიკული ანალიზის გარდა, რაც მეტწილად ხელისუფლების
პოზიციების დაცვითაა განპირობებული, “მედიაკრიტიკა” დასავლურ მედიაში
არსებულ გამოწვევებსა და მედიის მიკერძოებაზეც წერს, რაც შესაძლოა,
იმავე ქვეყნებში ლეგიტიმური დისკურსის ნაწილი
იყოს.
"თუმცა, იმ დროს, როცა “მედიაკრიტიკა” უგულებელყოფს ისეთ თემებს, რომლებიც ქართულ მედია გარემოს და მედიაზე ხელისუფლების გავლენებს შეეხება, იქმნება დიქოტომია, რომ საქართველოში მედია სახელისუფლებო გავლენებისგან სრულიად თავისუფალია და პრობლემები მხოლოდ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებს აქვთ".
მაგალითად, “მედიაკრიტიკამ" დაწერა იმის შესახებ, თუ რატომ დატოვა ტაკერ კარლსონმა FoxNews და საერთოდ არ გააშუქა “იმედიდან” ჟურნალისტების წამოსვლის ფაქტები, რის მიზეზადაც სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა და მიუღებელი სარედაქციო პოლიტიკა დასახელდა.
“მედიაკრიტიკამ” არც რუსული კანონის განხილვის პარალელურად, ჟურნალისტების ოფისებსა და სახლებზე განხორციელებული ვანდალიზმის შემთხვევები და პარლამენტში აკრედიტაციის წესის შეზღუდვა გააშუქა. სამაგიეროდ, Com-Com-ის პლატფორმაზე გამოქვეყნდა სტატიები, რომლებიც ბაიდენის მიერ მედიისთვის ინსტრუქციების მიცემას და ბორის ჯონსონის მაგალითზე ბრიტანული მედიის პოლიტიზირების საკითხებს ეხებოდა.
“მედიაკრიტიკა” (Mediacritic.ge) კომუნიკაციების კომისიის მიერ დაფუძნებული “მედიააკადემიის” ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელსაც კომისია საკუთარი ბიუჯეტიდან აფინანსებს. “მედიააკადემიის” ხელმძღვანელი შორენა შავერდაშვილია, ხოლო “მედიაკრიტიკის” - ირინა თევდორაშვილი.
როგორც "მითების დეტექტორი" წერს, წარსულში “მედიაკრიტიკის” დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამჟამად სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედიის, PosTV-ის წამყვანი ზვიად ავალიანი იყო, რომელიც მარეგულირებლამდე სიძულვილის ენით გამორჩეულ, "პატრიოტთა ალიანსთან" დაკავშირებულ ტვ “ობიექტივზე” წამყვანად და აღმასრულებელ პროდიუსერად მუშაობდა.
"გარდა იმისა, რომ “მედიაკრიტიკის” სამიზნე მეტწიად ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ სარედაქციო პოზიციის მქონე მედიებია, პლატფორმის საქმიანობა სრულად გამჭვირვალე არ არის. IDFI-ის საჩივრის საფუძველზე, რომელიც ამ უწყებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას შეეხებოდა, 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, “მედიააკადემიას” საჯარო ინფორმაციის გაცემა უზენაესმა სასამართლომაც დაავალა".
იმის გამო, რომ “მედიაკრიტიკის” ზოგიერთი ავტორის იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა, გაჩნდა ეჭვი, რომ მარეგულირებლის პლატფორმაზე ავტორების ნაწილი ფსევდონიმით წერს და 2024 წლის მაისში “მითების დეტექტორმა” “მედიააკადემიისგან” ავტორების შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. მიღებული პასუხის თანახმად, “მედიაკრიტიკისთვის" მხოლოდ ორი თანამშრომელია დასაქმებული. შეკითხვაზე - იყენებდნენ თუ არა მათი ავტორები ფსევდონიმებს, "მედიაკადემიის" აღმასრულებელმა დირექტორმა პორტალს უპასუხა, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონი მათ ასეთი ინფორმაციის გაცემას უზღუდავდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ წარსულში mediacritic.ge-ზე სტატიებს სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედიის, PosTV-ის ჟურნალისტები და სახელისუფლებო ექსპერტებიც წერდნენ. როგორც უკვე აღინიშნა, “მედიაკრიტიკას” წარსულში ზვიად ავალიანი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამჟამად PosTV-ის წამყვანია. მას 2019-2022 წლებში ვებგვერდზე 28 სტატია აქვს გამოქვეყნებული, მისი ბოლო სტატია კი 2022 წლის 30 აგვისტოს რიცხვით თარიღდება.
"აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენიდან ორ თვეში “მედიაკრიტიკას” ახალი ავტორი, ზვიად ლიპარტელიანი შეურთდა. ზვიად ლიპარტელიანის შესახებ ინფორმაცია და ამ სახელისა და გვარის მქონე პირის შექმნილი მედია პროდუქტი “მედიაკრიტიკის” გარდა სხვა პლატფორმებზე არ იძებნება. შესაძლოა, ლიპარტელიანი ზვიად ავალიანის ფსევდონიმი იყოს, რომელიც ამჟამად სახელისუფლებო პროპაგანდისტულ PosTV-ზე წამყვანად მუშაობს და ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა".
რაც შეეხება ბიუჯეტს, "მედიააკადემიის" ვებგვერდზე ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, 2019-2022 წლებში "მედიაკრიტიკის" ბიუჯეტმა ჯამურად 1 678 103.65 ლარი შეადგინა, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა (1 215 858.47) შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა. ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა თანხები იხარჯება საავტორო ჰონორარებზე, აკადემია არ ასაჯაროვებს. Meta-ს რეკლამის ბიბლიოთეკის მიხედვით კი, 2020 წლის 4 აგვისტოდან დღემდე აღნიშნულ პლატფორმაზე $33,728-ია დახარჯული.
“მითების დეტექტორის” 2020 წლის მონიტორინგის შედეგად კი გამოვლინდა, რომ “მედიაკრიტიკა” მხოლოდ იმ სტატიებს ასპონსორებდა, რომელშიც ხელისუფლების მიმართ არალოიალურად განწყობილი მედიები იყო გაკრიტიკებული.