„მედიაომბუდსმენი“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების
დღეს მედიის სამუშაო პირობებს აფასებს.
ანგარიშის მიხედვით, არჩევნების
გაშუქებისას ჟურნალისტებისა და ოპერატორების სამუშაო გარემო
გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში
ხელშეშლის ფაქტებით. კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის
კენჭისყრასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების
პროცესი კი, უკიდურესად მძიმე და საფრთხის შემცველი
იყო.
„საარჩევნო უბნებში, კენჭისყრის შენობის შესასვლელებში, მიმდებარედ (მათ შორის, კანონით აკრძალულ მანძილზე) მობილიზებული „ქართული ოცნების“ აგრესიული ჯგუფები. ისინი მედიის წარმომადგენლებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდნენ. აგრესია განსაკუთრებით საშიში ხდებოდა ამომრჩეველზე ზეწოლის, კონტროლის, მოსყიდვის ფაქტების დოკუმენტირებისა და დაფიქსირების მცდელობისას. ჟურნალისტების უმრავლესობა საუბრობს აგრესიაზე საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ე.წ. “ძველი ბიჭებისგან”".
როგორც „მედიაომბუდსმენი“ წერს, უსაფრთხოების ზომების გამო, მედიის წარმომადგენლები გადაღების ადგილს ტოვებდნენ.
„ცხელი ხაზის, 112-ის მეშვეობით არაერთი შეტყობინების მიუხედავად, გამოძახების უმრავლეს შემთხვევაში, პოლიცია ადგილზე არ მოვიდა, საუბნო თუ საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები არ რეაგირებდნენ ხელშეშლაზე, რის გამოც მთელ რიგ უბნებზე მედიისთვის მუშაობა შეუძლებელი აღმოჩნდა“.
„მედიაომბუდსმენის“ ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტები და ოპერატორები ამბობენ, რომ კრიტიკულ ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობა იყო წახალისებული. თბილისის უბნებზე კი, ზოგიერთი კომისიის თავმჯდომარე ან არ აძლევდა ინფორმაციას ჟურნალისტებს, ან თავს არიდებდა და კომენტარს გაურბოდა, ვიდრე მიმოწერა ან სატელეფონო ზარი არ ექნებოდათ და ნებართვას არ მიიღებდა. ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ უბნიდან გაძევებითაც. იყო შემთხვევაც, როცა ჟურნალისტს ეუბნებოდნენ, რომ უბანზე გადაღების უფლება საერთოდ არ ჰქონდა.
როგორც ორგანიზაცია წერს, აგრესია კენჭისყრის შემდეგაც არ შეწყვეტილა. „არჩევნების შემდეგ, ლაშა ტალახაძემ, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წევრმა და სპორტსმენმა, ჟურნალისტს, დიტო ბელქანიას პირადში მიწერა და შეურაცხყოფა მიაყენა“.
“მედიაომბუდსმენმა” 25 და 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დააფიქსირა. დანაშაულებრივი ქმედებებით კი, მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება დაირღვა. ამ ფაქტების შესახებ ორგანიზაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ეტაპობრივად ატყობინებდა. ჟურნალისტების და ოპერატორების ნაწილი გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს.
„მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ირღვეოდა არჩევნებით დაინტერესებული
მოქალაქეების უფლება მიეღოთ და გაევრცელებინათ ინფორმაცია საარჩევნო
უბნებთან განვითარებული პროცესების შესახებ“.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ეფექტიანად გამოიძიოს ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები და მოახდინოს შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების განმახორციელებელი პირების იდენტიფიცირება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვალდებულია თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება.
„არჩევნების დღეს მინიმუმ 50 ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდასხმა და ხელშეშლა ქმნის გარემოს, სადაც მოქალაქეები ვერ იღებენ საჭირო ინფორმაციას და მოაკლდებიან შესაძლებლობას სრულად იყვნენ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში.
ეს რეალობა ხელს უწყობს საზოგადოებაში თვითცენზურის გაძლიერებას და ჟურნალისტებზე, ოპერატორებსა და მედიამენეჯერებზე მორალურ და პროფესიულ ზეწოლას, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიული პროცესების კეთილსინდისიერებას“, - წერს „მედიაომბუდსმენი“.
კენჭისყრის დღეს მომხდარი ხელშეშლების ფაქტების შესახებ დეტალურად ნახეთ