ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: არჩევნების დღეს მედიის წარმომადგენელთა უფლებები უხეშად და სისტემურად დაირღვა
30.10.2024


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებით, არჩევნების დღეს ჟურნალისტებსა და ოპერატორებს მაღალი საფრთხის შემცველ, ძალადობრივ გარემოში უწევდათ მუშაობა. 

„მათ მიმართ აგრესიას ავლენდნენ როგორც უშუალოდ უბანზე მყოფი პირები, მათ შორის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და, ზოგ შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები, „ქართული ოცნების“ პარტიული წარმომადგენლები, და დამკვირვებლები, ისე უბნის მიმდებარედ მობილიზებული, სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული არაუფლებამოსილი პირები.

ჟურნალისტებსა და ოპერატორებს არაერთხელ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაუზიანეს აპარატურა. მათ აძევებდნენ საარჩევნო უბნებიდან, ზოგ შემთხვევაში, ძალის გამოყენებითაც, და არ აძლევდნენ უბნებსა თუ უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღების საშუალებას.

ზოგიერთ შემთხვევაში, ჟურნალისტებს არ  აძლევდნენ კომენტარს და მათ შეკითხვებს არ პასუხობდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები.

ჟურნალისტები და ოპერატორები ხდებოდნენ სამიზნე მაშინ, როცა ისეთი დარღვევების დოკუმენტირებას ცდილობდნენ, რაც ამომრჩევლის ნებაზე სხვადასხვა გზით ზემოქმედებას ასახავდა.

საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები მედიის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე სათანადოდ არ რეაგირებდნენ. პოლიცია 112-ზე შესულ შეტყობინებებზე ხშირად ან საერთოდ არ რეაგირებდა, ან დროულად არ რეაგირებდა.

ჟურნალისტებს და ოპერატორებს არ ჰქონდათ განცდა, რომ პოლიცია მათ ძალადობისგან დაიცავდა. ზოგიერთ შემთხვევაში, მათ, მომეტებული საფრთხის გამო, უბნებზე მუშაობის შეწყვეტაც მოუხდათ.    

მედიის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევის სიხშირე და შემთხვევათა მსგავსება, ქარტიას აძლევს საფუძველს რომ დაასკვნას, რომ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიასაშუალებების ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ძალადობას ჰქონდა სისტემური ხასიათი და ის იყო წახალისებული", - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში. 

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას, მედიის 55 წარმომადგენლის უფლებები 33 შემთხვევაში დაირღვა. ქარტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ შემთხვევებით დაინტერესებისა და მათი სწრაფად და ეფექტურად გამოიძიებისკენ მოუწოდებს.  

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის ხელმომწერიც 300-ზე მეტი ჟურნალისტია.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ