ჟურნალისტებს აშინებენ, თავს ესხმიან და ქვეყანაში შესვლას უკრძალავენ - 6 საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოში ჟურნალისტების უფლებების დაცვას მოითხოვს
31.10.2024
Photo DAVID MDZINARISHVILI


პრესის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ღრმად შეშფოთებულნი არიან 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაშუქების დროს ჟურნალისტების დაშინების, მუქარის, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმის ინციდენტების გამო.

6 საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი განცხადებით, არჩევნების დღეს ჟურნალისტებს და ოპერატორებს თავს ესხმოდნენ, დაზიანდა მათი აღჭურვილობაც. მედიის წარმომადგენლებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდნენ, ცილს სწამებდნენ და უწოდებდნენ „აგენტებსა“ და „ქვეყნის მტრებს“. როგორც ორგანიზაციები აღნიშნავენ, ჟურნალისტებზე თავდამსხმელები ან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ ან მათი წარმომადგენლები.

ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ ორი უცხოელი ჟურნალისტის, რეი ბეისლისა და  სტეფან გოსის საქართველოში არშემოშვების ფაქტებზეც, რომლებიც ქვეყანაში 26 ოქტომბრის არჩევნების გასაშუქებლად ჩამოდიოდნენ.

განცხადებაზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული თავდასხმები და შეზღუდვები უნდა განიხილებოდეს ქვეყანაში მედიის თავისუფლების მხრივ სიტუაციის საერთო გაუარესების კონტექსტში, რაზეც საუბარია ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის პარტნიორი ორგანიზაციებისა და მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების (MFRR) კონსორციუმის წევრების საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხის შესაფასებლად მომზადებულ სპეციალურ ანგარიშში. საქართველოში ვიზიტით მყოფმა მისიამ დაადგინა, რომ ქვეყანაში პრესის თავისუფლებისა და, ზოგადად, ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია და გამოიყენება მექანიზმებისა და ბერკეტების ფართო სპექტრი დამოუკიდებელი და კრიტიკული აზრის დისკრედიტაციისა და ჩახშობისათვის.

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება პრესისთვის უსაფრთხო გარემოს გარეშე. ჟურნალისტების მუშაობა აუცილებელია, რათა გამოავლინონ არასათანადო ქმედებები არჩევნებამდე და არჩევნების დროს და დაეხმარონ მოქალაქეებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში“, - ვკითხულობთ პრესის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

პრესის თავისუფლების ინსტიტუტი (IPI), პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF), ARTICLE 19 Europe, ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ), OBC Transeuropa (OBCT) და Free Press Unlimited (FPU) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტოს ჟურნალისტებზე თავდასხმები და საფუძვლიანად გამოიძიოს ძალადობის ყველა შემთხვევა. 6 ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უცხოელი ჟურნალისტების ქვეყანაში შესვლის აკრძალვის შემაშფოთებელი პრაქტიკა უნდა დაასრულოს.

გარდა ამისა, ორგანიზაციები საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ, მოახდინოს ეფექტური ზეწოლა საქართველოზე პრესის თავისუფლების დასაცავად და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.

22 ოქტომბერს ჩეხმა ჟურნალისტმა, რეი ბეისლიმ პლატფორმა X-ზე  დაწერა, რომ იგი საქართველოში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ შემოუშვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეი ბეისლის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის საფუძვლად მიუთითა, რომ: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“. 24 ოქტომბერს კი, ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტმა საქართველო დატოვა. როგორც ბეისლიმ დაწერა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკანონოდ დაკავებული 34 საათი იყო.

IPI-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეი ბეისლი ფრილანსერი ჟურნალისტია, რომელსაც 26 ოქტომბრის არჩევნები უკრაინული დამოუკიდებელი მედიასაშუალებისთვის - Kyiv Indepedent უნდა გაეშუქებინა.

26 ოქტომბერის დილას კი, შვეიცარიელმა ჟურნალისტმა, სტეფან გოსმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავდა, ის საქართველოში არჩევნების გასაშუქებლად მოდიოდა. სტეფან გოსი IFJGlobal-ის აკრედიტებული ჟურნალისტია. მის მიერ გასაჯაროვებული დოკუმენტით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში შემოსვლაზე უარი გოსსაც იმავე მიზეზით უთხრა: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“.


ამ თემაზე იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალა: ჟურნალისტებზე თავდასხმა, საქმიანობაში ხელშეშლა და შევიწროვება - SJP-ის განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით

 
 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ