პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „ბათუმელებისგან“
იმ მონაცემების მიწოდებას ითხოვს, რაც რედაქციამ
ინფორმირებული პირისგან მოიპოვა და რის საფუძველზეც მოამზადა
სტატია –
„ფარულად მოპოვებული ფაილები ოცნების
ოფისიდან“.
„ბათუმელების“ განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა
კანონების საფუძველზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის
მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადაცემა პირდაპირ იწვევს ჟურნალისტური
საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გავრცელებას, რითაც
მოსალოდნელია ჟურნალისტური წყაროს კონფიდენციალურობის დარღვევა.
„აქედან გამომდინარე, „ბათუმელების“ რედაქცია მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“, - წერს გამოცემა
„ბათუმელების“ ინფორმაციით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს პოზიცია წერილობით უკვე აცნობეს.
სტატიის - „ფარულად მოპოვებული ფაილები „ოცნების“ ოფისიდან“ მიხედვით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ პარტიის ოფისებში ათობით ათასი ადამიანის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პირად მონაცემებს დეტალურად ამუშავებდა. როგორც „ბათუმელები“ წერდა, მმართველი პარტიის ერთ-ერთი ოფისიდან მათთვის ფარულად მოწოდებულ დოკუმენტებში ასახული მონაცემთა ხასიათი და უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბი ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ ფლობს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების ფორმულად იყენებს.
რას პასუხობს „ბათუმელები“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, ნახეთ ვრცლად:
„სტატია, რომლის ფარგლებში შესწავლილი და დამუშავებული ინფორმაციის შესახებ მონაცემებს ითხოვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური“, წარმოადგენს ჟურნალისტური საქმიანობის პროდუქტს. შესაბამისად, იგი მიღებულია ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში წყაროს მეშვეობით და მასზე სრულად ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პრივილეგიები, კერძოდ:
-
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია… საქართველოს კონსტიტუციის ეს ჩანაწერი იცავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ძირითად უფლებასა და შესაძლებლობას, იფუნქციონირონ მთავრობის კონტროლის, შეზღუდვებისა და ცენზურის გარეშე, დროულად მოიძიონ და მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია და იდეები საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე სახელმწიფო ორგანოებისა თუ თანამდებობის პირების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით, პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა.
ჟურნალისტური წყაროს და ინფორმაციის დაცვის სამართლებრივ მნიშვნელობაზე, გარდა ზემოხსენებულისა, მეტყველებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი, რომელიც ჟურნალისტს ითვალისწინებს როგორც იმ პირს, რომელიც არ არის ვალდებული იყოს მოწმე.
გარდა ამისა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ჟურნალისტის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაც კი დაუშვებელია, როდესაც ეს არ უკავშირდება მათ მიერ პროფესიული საქმიანობის დროს კანონით დაცული ინფორმაციის მოპოვებას.
საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის თანახმად, მედიამ უნდა შეასრულოს „საზოგადოებრივი დარაჯის როლი“, ხელი შეუწყოს განსხვავებული იდეების გავრცელებას, საზოგადოებრივი პრობლემების სააშკარაოზე გამოტანას და მათზე საჯარო დისკუსიებს. მედიის თავისუფლება კი გულისხმობს ინსტიტუციურ-ორგანიზაციულ თავისუფლებას.
შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონების საფუძველზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადაცემა პირდაპირ იწვევს ჟურნალისტური საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გავრცელებას, რითაც მოსალოდნელია ჟურნალისტური წყაროს კონფიდენციალურობის დარღვევა. აქედან გამომდინარე, „ბათუმელების“ რედაქცია მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების თაობაზე.
დამატებით უნდა ითქვას ისიც, რომ სტატიაში მოცემულია გარემოებები, რომლებიც მიუთითებს „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების მოპოვების, შეგროვების, დაჯგუფების ურთიერთდაკავშირებისა ან/და გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბზე.
აღნიშნული მონაცემების ხასიათი (სტატუსი – მაგ: პატიმარი, პრობაციონერი, ნასამართლევი, ძებნაში მყოფი, სოციალურად დაუცველი, ნარკოდამოკიდებული, დევნილი, შემწეობის მიმღები, პენსიონერი, სტუდენტი), დასაქმების ადგილის, სასწავლებლის და სწავლების საფეხურის, მიღებული შემწეობების და დახმარების შესახებ ინფორმაცია) კი ცხადყოფს, რომ მონაცემები მოპოვებულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და დაწესებულებიდან.
შესაბამისად, ჩვენ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს აძლევს საკმარისზე მეტ საფუძველს შეამოწმოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, პარტია ,,ქართული ოცნება“, მათ შორის, მონაცემთა ბაზები და ამ ბაზებში მონაცემების დამუშავების კანონიერება.
ამდენად, ვიმედოვნებთ, რომ დროულად მოხდება ზემოაღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება“.
„მედიაჩეკერი“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსაც დაუკავშირდა. სამსახურის განცხადებით, ვინაიდან გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარი იყო პერსონალური მონაცემების კანონის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევით დამუშავების ფაქტებზე, სტატიაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის მიზნით არაგეგმური შემოწმება (ინსპექტირება) დაიწყო.
„სტატიაში მითითებული ინფორმაციის თანახმად, გაზეთ „ბათუმელებს“ ჰქონდა დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდებოდა პარტიის მიერ მონაცემების კანონდარღვევით დამუშავების ფაქტი.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია შემოწმების განხორციელებისას ნებისმიერი დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან ან/და იურიდიული პირისგან გამოითხოვოს დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, მათ შორის, სახელმწიფო, საგადასახადო, საბანკო, კომერციული, პროფესიული საიდუმლოებების ან/და მონაცემების შემცველი ინფორმაცია, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და დანაშაულის გამოძიების ამსახველი მასალა ან/და დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება და აუცილებელია შემოწმების ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ფარგლებში განსახორციელებლად. შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში, გაზეთ „ბათუმელებისგან“ ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე გამოითხოვა პერსონალური მონაცემების კანონის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევით დამუშავების შესახებ მედიასაშუალების მიერ მოპოვებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
გაზეთ „ბათუმელებმა“ უარი განაცხადა სამსახურისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოწოდებაზე.
შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესის კანონიერების შეფასებისათვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ესაჭიროება ობიექტური მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნება სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესით“ გათვალისწინებული ღონისძიების გატარება, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების პროცესის დაგეგმვა/წარმართვა, კონკრეტული მონაცემთა სუბიექტების იდენტიფიცირება, რომელთა პერსონალური მონაცემებიც შესაძლოა კანონის მოთხოვნათა დარღვევით დამუშავდა და ა.შ.. შესაბამისად, სწორედ ამ მიზნით გამოითხოვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მედიასაშუალებისგან მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია“, - განმარტავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.