POSTV-იმ ქალების აქციის შესახებ გავრცელებული ფოტოფაბრიკაცია წაშალა
13.11.2024


დღეს, 13 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ქალების აქცია - „დავიბრუნოთ ჩვენი ხმა!“ გაიმართა. პროტესტის მონაწილეებს ხელში ეჭირათ თეთრი ფურცლები შავი წერტილებით, როგორც „გაჟონილი ხმების“ სიმბოლო.

პროსახელისუფლებო POSTV-მ ქალების საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ფოტოფაბრიკაცია გამოაქვეყნა და ფურცლებზე დატანილი შავი ლაქა წითელი ფერით შეცვალა. ქარდზე დატანილი იყო ფრაზაც: „ნეტა რას უნდა ნიშნავდეს?“

POSTV-ის მიერ გავრცელებული ფოტოფაბრიკაცია და გენდერული დეზინფორმაცია ფაქტების გადამოწმების პლატფორმამაც - „მითების დეტექტორი“ გადაამოწმა.  

„ცესკოსთან გამართული აქციიდან მედიამ ფოტოები და ვიდეოები გაავრცელა. ყველა მათგანში ჩანს, რომ წერტილები, რომლებიც მონაწილეების ფურცლებზეა გამოსახული, არა წითელი, არამედ შავი ფერისაა, შესაბამისად, POSTV-ის მიერ გამოქვეყნებული საინფორმაციო ბარათი ფოტოფაბრიკაციაა“, - წერს ორგანიზაცია.  



facebook-მა POSTV-ის მასალა შესაბამისად - alerted photo აღნიშნა. მოგვიანებით კი, ტელევიზიამ ქარდი საერთოდ წაშალა. 

POSTV-ის 52 %-იანი წილის მფლობელი ვიქტორ ჯაფარიძეა, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის 55-ე ნომერია.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ