CPJ: ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს პოლიციელების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ყველა შემთხვევა
21.11.2024

ფოტო - პუბლიკა


„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ - CPJ 19 ნოემბერს, სამართალდამცავების მიერ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის ძალის გამოყენებით დაშლასა და მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევებს ეხმაურება.

CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორის, გულნოზა საიდის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლების მიერ ოპერატორ სერგი ბარამიძის დაკავება და სხვა ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მიმდინარე საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ, ძალისმიერი ხელის შეშლა მიუღებელია და საფრთხეს უქმნის მნიშვნელოვან მოვლენებზე ქართველი ხალხის ხელმისაწვდომობას. 

„საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს პოლიციის მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ყველა შემთხვევა და უზრუნველყოს დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა“.

19 ნოემბერს პროფესიულ საქმიანობაში ხელი მედიის 4 წარმომადგენელს შეუშალეს. 

  • პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად იძალადეს და დააკავეს “მთავარი არხის” ოპერატორი სერგი ბარამიძე; ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
  • სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “პუბლიკას” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს.
  • სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ხელი შეუშალეს OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში;
  • სამართალდამცველებმა Netgazeti-ს კორესპონდენტს, გივი ავალიანს არ მისცეს გადაღების საშუალება.

„მედიაომბუდსმენმა“ მედიის ამ წარმომადგენლების დევნისა და დაკავების შეტყობინებებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმ დღესვე მიმართა. საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებულია მინდია გაბაძე და მარიამ ნიკურაძე, გივი ავალიანი კი უწყებამ უკვე გამოკითხა. 

გუშინ, 20 ნოემბერს კი, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გამოძიება „იმედის“, „მთავარი არხისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მიმდებარე ტერიტორია პროტესტანტებს კარვებით გადაკეტილი 17 ნოემბრიდან ჰქონდათ. ისინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ