5 ონლაინ მედია პოლიციის მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას გმობს
19.11.2024

 

საქართველოში მომუშავე ონლაინ მედიები: On.ge, „პუბლიკა“, „ტაბულა“, Netgazeti, „ბათუმელები“ 19 ნოემბერს, პოლიციის მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს გმობენ:

“კერძოდ, “მთავარი არხის” ოპერატორის, სერგი ბარამიძის დაკავებას, მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და საქმიანობაში ხელშეშლას.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძესაც. პოლიცია გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდა Netgazeti-ს კორესპონდენტ გივი ავალიანს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს Publika-ს ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს.

მსგავსი შემთხვევები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში პრესის თავისუფლებას და არღვევს ჟურნალისტის ხელშეუხებლობის უფლებას.

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლა, მათ შორის ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით [ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა] გათვალისწინებული დასჯადი ქმედება.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევად მიიჩნევა: ფიზიკური ძალადობა, მუქარა ან სხვა ფორმის ზეწოლა, რომელიც აფერხებს ჟურნალისტის მუშაობას.

ხოლო საერთაშორისო სამართლის დონეზე, ჟურნალისტური საქმიანობა დაცულია ევროპული უფლებების კონვენციით, რომლის მე-10 მუხლი უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლებას. ევროსასამართლოში აღიარებული საქართველოს ვალდებულების მიხედვით, ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ მათი საქმიანობა არ შეიზღუდოს არასამართლებრივი ძალადობის, მუქარის ან სხვა სახის სამართლებრივი შეზღუდვების შედეგად.

ჟურნალისტების მიმართ წლების განმავლობაში წარმოებული მადისკრედიტირებელი კამპანიის ფონზე, ქვეყანაში სულ უფრო უარესდება პრესის თავისუფლების მაჩვენებელი. გამოვხატავთ უკიდურეს პროტესტს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობის გამო, მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო  საზოგადოებას, დაგვეხმარონ მედიაზე თავდასხმის ქმედით აღკვეთაში”- აღნიშნულია დამოუკიდებელი ონლაინ მედიების ერთობლივ განცხადებაში.

დღეს, 19 ნოემბერს სამართალდამცავებმა ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 4 ჟურნალისტი დაშავდა:

• ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე კი ძალის გამოყენებით დააკავეს. ბარამიძე მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
• პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად იძალადეს და დააკავეს “მთავარი არხის” ოპერატორი სერგი ბარამიძე;
• სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “პუბლიკას” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს.
• სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ხელი შეუშალეს OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში;
• სამართალდამცველებმა Netgazeti-ს კორესპონდენტს, გივი ავალიანს არ მისცეს გადაღების საშუალება.

მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევებს სამოქალაქო საზოგადოების არაერთი ორგანიზაცია გამოეხმაურა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მიმდებარე ტერიტორია პროტესტანტებს კარვებით გადაკეტილი 17 ნოემბრიდან ჰქონდათ. ისინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ