„რადიო თავისუფლების“ პროდიუსერი, რომელიც სპეცრაზმმა დააკავა და სცემა, საგარეჯოს იზოლატორშია
01.12.2024


„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მათი პროდიუსერი ბექა ბერაძე, რომელიც სპეცრაზმმა წუხელ ღამით საპროტესტო აქციის მახლობლად დააკავა, ნაცემია და საგარეჯოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, ბექა ბერაძემ ადვოკატს,  ჯანო ჭკადუას უამბო, როგორ მიდიოდა აქციის სიახლოვეს და როგორ აღმოჩნდა მოულოდნელად პოლიციელების ალყაში. 

„მანქანაში დაახლოებით რვა ადამიანი ჰყავდათ. ბექა ბერაძის მონათხრობიდან ვიცით, რომ სპეცრაზმის წევრები დროდადრო აღებდნენ კარს, თქვენ გინდათ რევოლუცია? ეუბნებოდნენ დაკავებულებს, ურტყამდნენ და უკან ბრუნდებოდნენ.

ბექას გარდა, იმ წუთებში დააკავეს მისი ძმა, თორნიკე და მათი მეგობარიც. თორნიკე ბერაძეც ნაცემია და ის ფიზიკური დაზიანებებით ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც მისმა დედამ უთხრა რადიო თავისუფლებას, მას დაახლოებით ორ დღეში გაწერენ. თორნიკეს ტვინის შერყევა აქვს და გატეხილი არის სინუსის ძვლები. ახლა სტაბილურადაა და დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ორ დღეში უნდა გაიმართოს ბექა ბერაძის სასამართლო პროცესი. მას წვრილმან ხულოგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან“.

ბექა ბერაძეს „რადიო თავისუფლება“ ღამის 03.00 საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა. 

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები 28 ნოემბრიდან დაიწყო. ამ დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის ბოლომდე მის წევრობაზე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებენ. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ