„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ ჟურნალისტების მიმართ პოლიციის სისასტიკეს გმობს
05.12.2024


„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს ეხმიანება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ჟურნაისტების უსაფრთხოება და დააყენოს პოლიციელების პასუხისმგებლობა.

CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორის, გულნოზა საიდის განცხადებით, ჟურნალისტების დაცვა ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა. 

„ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი პროტესტის გაშუქებაში ჩართული ჟურნალისტების მიმართ აღმაშფოთებელი და  საყოველთაო საპოლიციო ძალადობის აღკვეთის საკითხში საქართველოს ხელისუფლების სრული უმოქმედობა ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებებისაგან დაშორების ნიშანია.  

საქართველოს ხელისუფლებამ პასუხისგებაში უნდა მისცეს პოლიციის ის ოფიცრები, რომლებიც შემჩნეულნი არიან მედიის წარმომადგენლების მიმართ სასტიკ მოპყრობაში და სახალხოდ გამოუცხადოს მხარდაჭერა პროტესტის მიმდინარეობისას ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვის საკითხს“. 

როგორც „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ წერს, ორგანიზაციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კომენტარისთვის წერილობით მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

28 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული აქციების გაშუქებისას 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. მედიის წარმომადგენლების მიმართ შსს-ის ძალები აგრესიით გამოირჩევიან. ისინი ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარებაც. განსაკუთრებულად დაშავდნენ: გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი და მარიამ გაფრინდაშვილი. მედიის წარმომადგენლების ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობაც. აღსანიშნავია, რომ მედიის რამდენიმე წარმომადგენელს ხელი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას არაერთხელ შეეშალა. 

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

პროევროპული აქციების გაშუქებისას დაზარალებული ჟურნალისტების შესახებ ვრცლად, იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალა - პროევროპული აქციების გაშუქებისას 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ