ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty
International-ი საქართველოში მიმდინარე პროევროპულ აქციებზე
პოლიციისა და არაფორმალური ჯგუფების მხრიდან ადამიანის უფლებების
დარღვევის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.
დოკუმენტში აღწერილია ჟურნალისტებზე თავდასხმის
შემთხვევებიც.
Amnesty International-ი მიმოიხილავს პოლიციის მხრიდან არასაჭირო და გადაჭარბებული ძალის გამოყენების, მათი მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობის, ჟურნალისტების მიზანში ამოღების, თვითნებური დაკავებებისა და დაკავების შემდეგ წამებისა და სხვაგვარი სასტიკი მოპყრობის, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის, სახელმწიფოსთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან ფართოდ გავრცელებული შევიწროებისა და დაშინების შემთხვევებს.
დოკუმენტი დაზარალებული ჟურნალისტებისა და მომიტინგეების კომენტარებს, ფოტო-ვიდეომასალას, უფლებადამცველებთან ჩატარებულ ინტერვიუებსა და სხვადასხვა ორგანიზაციის ანგარიშს ეყრდნობა.
„29 ნოემბრიდან დედაქალაქში მასობრივი აქციები დაიწყო, რამდენიმე ათასმა ადამიანმა პარლამენტის წინ და რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა; ქვეყნის მასშტაბით სხვა აქციებიც დაიწყო. პოლიციამ საპასუხოდ წლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რამაც ესკალაცია გამოიწვია. წარმოქმნილ ძალადობისა და დაპირისპირებების შედეგად მრავალი ადამიანი დაშავდა, ვიდეომასალაში კი მშვიდობიანი მომიტინგეებისა და აქციების გადამღები ჟურნალისტების სასტიკი ცემა არის აღბეჭდილი. პოლიცია აქციის მონაწილეებს დემონსტრაციების გარეთაც დევნიდა, მათ სახლებსა და ოფისებში ჩხრეკებსა და დაკავებებს ანხორციელებდა. ამ დროისთვის 460-ზე მეტი ადამიანი არის დაკავებული, მათ შორის, 430-ის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე, 30-ის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული“.
Amnesty International-ი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს: დაუყოვნებლივ შეაჩეროს პოლიციისა და პოლიციის თანამონაწილეობით მოქმედი უცნობი ჯგუფების მხრიდან ძალადობა, დაიცვას ადამიანის უფლებები და უზრუნველყოს მათი პატივისცემა, ჩაატაროს უკანონო ძალის გამოყენების დროული, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება. ორგანიზაციის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა, ვინც მათი უფლებების მშვიდობიანი გამოყენების გამო დააკავეს.
გარდა ამისა, ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის ევროკავშირსა და გაეროს, მოუწოდებს, საჯაროდ დაგმოს ძალის გადაჭარბებული გამოყენება და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვონ დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლება.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა.
პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიას პროფესიულ საქმიანობაში ხელი 90-ზე მეტ შემთხვევაში შეეშალა. მედიის წარმომადგენლების მიმართ შსს-ის ძალები აგრესიით გამოირჩევიან. ისინი ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარებაც. განსაკუთრებულად დაშავდნენ: გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მარიამ გაფრინდაშვილი, მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული. მედიის წარმომადგენლების ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობაც.
ვრცლად პროევროპული აქციების გაშუქებისას დაზარალებული ჟურნალისტების შესახებ, იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალა - 28 ნოემბრიდან მედიის საქმიანობაში ხელშეშლის 90-ზე მეტი ინციდენტი მოხდა